„დიდი ამბები ხდებოდა გარეთ“

 

დიმა ერისთავმა ასეთი რამ მითხრა ერთხელ: ადამიანი ადრე მიყვარდა, ახლა კი მაინტერესებსო… მხატვარი, უწინარეს ყოვლისა, ამ ადამიანს და მის, როგორც ლევ ტოლსტოი იტყოდა, დენადობას („Текучесть человека“) განიცდის;
განცდის სამყარო უკვე „სხვა“ სამყაროა.
გან-ცდა, როგორც ასეთი, ერისთავისთვისაც არა იმდენად სინამდვილეა, რამდენადაც ოცნება, მოგონება, თუნდაც, პეტრიწისეული „მიდმოგონება“…
რაიმე რომ განიცადო, ამ „რაიმემ“ აუცილებლად უნდა „განვლოს“…
ის, ვინც „ახლა და აქ“ ეძლევა გრძნობას, საგნობრივად „ვერაფერს“ განიცდის; ანუ ტავტოლოგიურად
„განცდას ვერ განიცდის“.
შეიძლება დაუშვათ, რომ ინტერესი, როგორც ასეთი, იმაში ვლინდება, თუ როგორ განიცდება განცდა…

ხელოვნება დიმა ერისთავისთვისაც „განცდის განცდაა“.
ცხოვრება უნდა „დამთავრდეს“, ამოიწუროს, რათა დაგვიდგეს ნოსტალგიის დრო (თუ ხანა); ხსოვნის მდინარეც და ამ მდინარების ხსოვნაც, თანაბრად გვაიძულებს, განვიცადოთ, ანუ უწყვეტ რეჟიმში მივეცეთ განცდას, როგორც ხდომილებას; ხდომილებას, რომელიც „არსად“ არ მიედინება…
დიმა ერისთავისეული ხდომილობანიც, ემბლემატურ ნარატივამდე რომ „აიზიდებიან“, არსად არ მიედინებიან – მუდამ ჩვენთან და ჩვენში რჩებიან…
ამბები, რომელთაც მხატვარი გვიყვება, ერთხელ უკვე მოხდა; მოხდა ისე, როგორც „ხდება ხოლმე“ – უცაბედად და შემთხვევით… მერე ეს შემთხვევითობები, როგორც სემიოტიკურად რელევანტური ხდომილებანი, იკინძება და ერთ გამბულ, აუცილებელ ხდომილებად გვევლინება; მთლიანსა და დასრულებულ ფორმას – „სურათოვნებას“ იძენს.
დიმიტრი ერისთავის „სურათების“ შემხედვარე, ხელშესახებად გრძნობ, რომ მხატვარი ცხოვრობს სამყარო-ში; ფხიზლობს და გამუდმებით შეიცნობს ამ სამყაროს, როგორც საკუთრივ „ჩვენი ცხოვრების“ ჰორიზონტს; ჰორიზონტს „საგნებისა“, უკეთ: „ნივთებისა“, როგორც რეალური ობიექტებისა; ჰორიზონტს ჩვენი ნამდვილი, განცხადებული, დასტურყოფილი თუ შესაძლებელი პოტენციური ინტერესებისა თუ საქმიანობისა…
ასე ხდება მხატვრის მიერ „ჩვენ“ სამყაროს ხელახალი, არტისტული კონსტიტუირება; და „კაცი- ადამიანებიც“ ამიტომ გვევლინებიან დიმა ერისთავის ოპუსებშიც ჰუსერლისეულ „მე-ჰორიზონტად“. ასეთი მხატვრობა „ყველასთვისაა“; იმდენად, რამდენადაც თვით ობიექტური (თუ ობიექტების) სამყარო, რომელსაც ავტორი ეყრდნობა (და ენდობა), ესაა სამყარო ყველასათვის; სამყარო, რომელსაც თითოეული ჩვენგანი „ფლობს“ ჰორიზონტის სახით.
დიმიტრი ერისთავი არა მარტო ყოველი თავისი პერსონაჟის, მით უფრო, ქალის, არამედ ქალ-აქის სხეულსაც გრძნობს; ამასთან, გრძნობს არა მხოლოდ პრივატულ სხეულს, არამედ „სახელმწიფო სხეულსაც“…
იმავე ქალის სხეულს მხატვარი რეგლამენტირებულად აშიშვლებს და მის ნაწილობრივ ნიუანსირებას მიმართავს.
არათუ ტოტალიტარულ საპყრობილეში, ათენშიც კი, დემოკრატიის პრასამშობლოში, „სახელმწიფო სხეულის“ კრიტერიუმი – სიშიშვლე და ღიაობა – სულაც არ ვრცელდებოდა ქალზე, რათა საზოგადოებრივი კონტროლიდან არ გამოსულიყო იგი.
და ესეც არც თუ უმნიშვნელო ნიუანსია!
გასული საუკუნის 60-იან წლებში კოლექტიურ გმირს ინდივიდუალისტი ცვლის; ესაა
„ექსისტენციალური“ გმირი – მარტოხელა ადამიანი, სტალინური „რეალისტური“ (თუ
„სოცრეალისტური“) უნივერსალიიდან რომ „გარბის“ კონკრეტულ მუნ-ყოფნაში – კონკრეტულ სიამოვნებასა თუ კონკრეტულ ტანჯვაში…
ასე ჩაენაცვლება სტალინურ „ფილოსოფიურ რეალიზმს“ „ფილოსოფიური ნომინალიზმი“.
მარტოხელები მარტოხელებად! და მათ შორის მაინც არსებობს სოლიდარობა; რჩეულთა სოლიდარობა…
დიმა ერისთავის პერსონაჟებიც, ასეთი „რჩეული“ სოლიდარობით გამოირჩევიან; „მსგავსი მსგავსს ეძებს!“;
ისევ „იყო შაშვი მგალობელს“ თუ მოვიხმობთ, მისი პროტაგონისტიც ოპტიმისტური ნევროტიკია, თუმცა, დიმა ერისთავთან ამგვარი „გმირის“ (თუ ანტიგმირის) მანიფესტაციას აშკარად ვერ წააწყდებით.
მხატვარი ინარჩუნებს ერთგვარ პოლიტკორექტულ სიფრთხილეს, თუმცა, ამასობაში, ნებსით თუ უნებლიედ, თავად გამოიყურება, როგორც საკუთარი პერსონაჟი, ანდა ალტერეგო.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ახალგაზრდობა საბჭოთა პოპულაციის ორ/მესამედს შეადგენდა; და, ბუნებრივია, ამ მასის ზეწოლაც დიდი იყო…
საბჭოური ხელოვნება სტალინის მმართველობის უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ცხოვრებისადმი გერონტოფილურ რეპრეზენტაციას ახდენდა, ბელადის სიკვდილის შემდეგ კი შესამჩნევად გაახალგაზრდავდა.
ფერწერულ ტილოებსა თუ ესტამპებში, ფილმებსა თუ სიმღერებში თავისუფალი სიო დაჰქროლებს; მოდის „ახალგაზრდობა – სიახლე ორბის“…
მოდის კი არა, მორბის, მოფრინავს…
მხიარულად „მორონიე“ ახალგაზრდობა გამოდის ქუჩებში, აწეწილი თმებითა თუ მოფრიალე კაბებით, თითქოსდა, თავისუფლების ესტაფეტას გადასცემენ ერთი მეორეს…
ეს იყო დიდი ამნისტია; ამნისტია – „С вещами“…
და მაინც, ეს უწინარეს ყოვლისა, ექსისტენციური ამნისტია იყო;
ეს ამნისტია ქართველ მხატვართაგან დიმიტრი ერისთავსაც შეეხო, უფრო ზუსტად, მან გამოხატა ამ ამნისტიის მთელი „სიკეთეცა“ და „ვერაგობაც“;
მოკლედ, „დიდი ამბები ხდებოდა გარეთ, ერთი ამინდი ცვლიდა მეორეს“…
და ოთარ ჭილაძის დარად, დიმიტრი ერისთავმაც თავისებურად იგრძნო „ამინდთა“ ეს ცვალებადობაცა და დემისეზონურობაც…

ყაზარმიდან ბავშვთა სამყაროში 60-იანი წლები ჩემი ბავშობის წლებია;
წლები, როდესაც მუდამ ჩართული იყო სტაციონარული რადიო, იმპერსონალურ „სახელმწიფო ხმას“ რომ გამოსცემდა; საბჭოთა საქართველოში, ყოველი ცისმარე თაქთაქიშვილისეული ჰიმნითა და
„სოფლის დილით“ რომ იწყებოდა…
ეს იყო წლები, როდესაც პირდაპირ რუსთაველზე იყიდებოდა ქართველი პოეტების ახალგამოცემული წიგნები…
რა კარგი იყო რუსთაველზე გასეირნება; თუნდაც გასეირნება რაღაც წარმოსახვითი პონის ეტლით.
დღესაც მახსოვს, ერთ კვირა დღეს მამაჩემმა როგორ გამატარა პროსპექტზე და პიონერთა სასახლის წინ სახელდახელო დახლიდან როგორ მიყიდა მურმან ლებანიძის საბავშო ლექსთა კრებული;
ცხადლივ მახსოვს გაყურსული ქალაქის მყუდრო აურა; დაცულობისა და რაღაც ენით აღუწერელი, როგორც მოგვიანებით მივხვდი, ყოფიერების, როგორც ზრუნვის ატმოსფერო…
ეს ატმოსფერო მაშინდელმა მწერლობამ შემოინახა; ქართული მწერლობის თერმომეტრმა აღბეჭდა დათბობის ჟამი…
„აჰა, მიიწურა ზამთარი“…
თუმცა, ჯერ ნაადრევი იყო რუსთველივით, თქმა: „მოწურვილ იყო ზაფხული“…
ზაფხულამდე დიდი დრო რჩებოდა; მეტიც, შესაძლოა, ზაფხული არც დამდგარიყო…
მოკლედ, ერისთავის 60-იანი წლების გრაფიკა, გარკვეულწილად, მისივე კბილა მწერალთა ტექსტებით უფრო გასაგები ხდება…
ამ მხრივ მით უფრო ნიშანდობლივია ის ერთი შეხედვით ინფანტილური ნოტი, სადაც „ბავშთა სამყაროს“ უდრტვინველობის მიღმა ექსისტენციური თავისუფლების ალიბი იმალებოდა. თავისთავად, „ბავშთა სამყაროს“ ნარატივიცა და მისი ჰუმორული ინტერპრეტაციაც ერთგვარი ფანდი იყო, რათა მხატვარს მოხერხებულად აექცია გვერდი ოფიციალური კულტურის „მილიცანერული“ ზედამხედველობისთვის და ყველაფერი „ბავშვებისა“ და „ბავშვობისათვის“ გადაებრალებინა.

ამგვარი ალიბის კონტექსტში მით უფრო გასაგები ხდება, რომ „ბავშვობა“ ესაა მხატვრის
„უდანაშაულობის პრეზუმფციაცა“ და ასაკობრივი ბარიერიც, რათა სერიოზულად არ აღექვათ
„საბჭოთა მხატვრის“ ლიბერალური ნარატივი და, საერთოდ, ის დისკურსი, რომლითაც ესოდენ თამამად, უშურველად, უკომპლექსოდ და „ადამიანურად, ერთობ ადამიანურად“ შემოვიდა ქართულ მხატვრობაში „კლასობანას“ ავტორი.
ერთი ნიუანსიც: ბავშის სახით (და სახელით) ხდება „მტრულ სტიქიათა ნეიტრალიზება“.
ეს ვალტერ ბენიამინია; და „ბავშვის“ ამგვარ კონოტაციას ლეგენდარულმა ფრანკფურტელმა მოსკოვში
– „პროლეტარული კაცობრიობის დედაქალაქში“ მიაგნო…
თანდათან ბავშვებს, ამ, როგორც ვოლტერი იტყოდა, „ადამიანობის კანდიდატებს“, „პატარა ადამიანების“ ლირიკული რეპრეზენტაცია მოსდევს – მხატვარი ჩვეულებრივი „პატარა ადამიანების“ ჩუმ უმრავლესობას წარმოგვიდგენს და არა „დიდ ადამიანებს“…
თუმცა, შიგადაშიგ „დიდ ადამიანებსაც“ ხატავს, მაგალითად – კარლო კალაძეს.
დიმა ერისთავი თავისი ნაადრევად გარდაცვლილი მეგობრის – გულდა კალაძის მამის ტრავმატულ ნიღაბს უფრო ხატავს, ვიდრე ჰედონისტ და ეპიკურელ პოეტს, რომელსაც შემთხვევით არ შეარქვეს კოლეგებმა „პანურგი“.
ბავშვობა და „საბავშვო ლიტერატურა და ხელოვნება“ საბჭოური კულტურისათვის ერთგვარი თავშესაფარიც იყო და სუბიექტური მგრძნობელობის შენიღბვის ფორმაც; სწორედ ბავშვობა, როგორც ლიბერალური ნარატივი, გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან – ანუ მაღალი „საბჭოური მოდერნიზმიდან“ მოყოლებული, 60-70-იანი წლების კონცეფტუალური ანდერგრაუნდით დამთავრებული, იძლეოდა საშუალებას, კიდეც „დაემალა“ და კიდეც გაემჟღავნებინა მხატვრის შინაგანი გამოცდილება.
ბორის გროისი შემთხვევით არ მიანიშნებს, რომ ბიოგრაფიულად ისეთი მხატვრებიც კი, როგორიცაა ილია კაბაკოვი თუ ერიკ ბულატოვი, თავიანთი ოფიციალური პროფესიით საბავშვო ლიტერატურის ილუსტრატორები იყვნენ ისევე, როგორც ОБЕРИУТ-ები – დანიილ ხარმსი თუ ნიკალაი ოლეინიკოვი – თავის დროზე „საბავშვო მწერლებად“ ითვლებოდნენ.
საბჭოთა ხელისუფლების დროსაც კი სწორედ ბავშვს ეძლევა ნება, არ ფლობდეს ენას და… „გადავარდეს“ აბსურდში.
თითქოსდა, „კლასობანას“ ავტორიც არ ფლობს ენას – ოფიციალურად აღიარებულსა და დაკანონებულ ენას, თითქოსდა (ისევ „თითქოსდა“?!) „ენის მოჩლექით“ გველაპარაკება…
მართლაცდა, როგორი გულუბრყვილონი არიან ასკინკილით მოხტუნავე მოკლეკაბიანი გოგონები! ასე გგონია, ერთი სული აქვთ, რაც შეიძლება მალე გადაახტნენ სკუპ-სკუპით ასფალტზე ცარცით დახატულ კვადრატებს, კლასიდან კლასში გადავიდნენ, გაიზარდონ, გაიხარონ…
და დიმა ერისთავსაც ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა მისი „კლასობანა“, რათა ეჩვენებინა ნამდვილი „კლასი“.
ასეთი „კლასიც“ ახლოვდება… და ესაა „იების გამყიდველი“; ორი წამოჩიტული გოგონას ტანი, ბავშვურად გრძელი და კუთხოვანი კიდურებით, თამაზ ჭილაძისა არ იყოს, გაზაფხულსა და ჯერ კიდევ შეუცნობელ განცდას გამოხატავენ; იების გამყიდველის რაღაც მოუხერხებლად აწოწილი ფიგურა კი შორეულსა და იმავდროულად, უაღრეს ადამიანურ ნაღველზე მიანიშნებს.
„იების გამყიდველისეული“ გოგონა რაღაცით მართლაც ჩამოჰგავს პიკასოსეულ „გოგონას ბურთზე“, თუმცა ერისთავისეული მოტივის ნარატივი მაინც „სხვაა“…
კონტრასტი ამ სურათში ჯერ კიდევ „პასიურია“, რბილი, გარდამავალი…
სამაგიეროდ, ეს კონტრასტი შესამჩნევადაა გაძლიერებული მომდევნო ოპუსში – ხელოვნების მუზეუმის ვრცელ დარბაზში, ფრესკების უზარმაზარ ასლებს შორის, სამი საბჭოთა ჯარისკაცი ისეა დაჩიავებული, გული მოგიკვდება.

 

 

 

1 2 3 4 5 6