2019 წლის 9 ივლისს გერმანიის ქალაქ დარმშტადში გამოცხადდა ენისა და ლიტერატურის გერმანული აკადემიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გერმანულენოვანი ლიტერატურული სივრცის ყველაზე მნიშვნელოვანი პრემია შვეიცარიელ მწერალმა, დრამატურგმა ლუკას ბერფუსმა მიიღო. აქამდე ეს პატივი მხოლოდ სამ შვეიცარიელს ერგო. ესენია: მაქს ფრიში, ფრიდრიხ დიურენმატი და ადოლფ მუშგი. 50’000 ევროს ოდენობის პრემია მწერალს 2 ნოემბერს გადაეცემა.

„ლუკას ბერფუსის სახით ენისა და ლიტერატურის გერმანული აკადემია აჯილდოებს თანამედროვე გერმანულენოვანი ლიტერატურის გამორჩეულ მთხრობელსა და დრამატურგს“, აღნიშნულია ჟიურის დასაბუთებაში.

დაწერილი სიტყვის ძალამ ლუკას ბერფუსი თავისი ბავშვობისა და სიყმაწვილის ჯოჯოხეთიდან იხსნა. იგი დაიბადა 1971 წელს ტუნში, ბერნის კანტონში, ოჯახში, რომელიც მისი სიტყვებით „ნამდვილი კატასტროფა იყო“. მამამისმა ოჯახი მიატოვა. ლუკასი იტანჯებოდა ამ გარემოში, ცუდად სწავლობდა, მეცხრე კლასში საერთოდ მიატოვა სკოლა 16 წლის ასაკიდან თავის ნებაზე იყო მიშვებული, ფაქტიურად ქუჩაში ცხოვრობდა. უმუშავია მეთამბაქოედ, რელსების დამგებად, მტვირთავი ამწის მემანქანედ და მებაღედ. ოც წლამდე ჩვეულებრივი მაწანწალა იყო და სწავლობდა, თუ „რას ნიშნავს იყო ღარიბი იმ ქვეყანაში, სადაც სიღარიბე, წესით, არ უნდა არსებობდეს“. შვეიცარიის არმიის ახალწვეულთა სკოლიდან გამოუშვეს, ღამ-ღამობით კბილებს აღჭრიალებსო. მერე მუშაობდა წიგნების მაღაზიაში ბერნსა და ფრიბურგში. ამ პერიოდში აიღო სკოლის ატესტატი.

როგორც თვითონ ამბობს, წერა გოგონას სიყვარულით დაიწყო. 18 წლის ასაკში ყოველდღე მერხს უნდა მიჯდომოდა და  „გიჟივით“ ეწერა სასიყვარულო ბარათები. თან უნდოდა უკვე საზოგადოების წევრი გამხდარიყო. „მე ვიყავი განსმდგომი, ვიდრე არ ვთქვი, რომ მე მინდა მხოლოდ მწერლობა და სხვა არაფერი“. მწერლობამ იგი ადამიანებთან მიიყვანა.

უამრავ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. 2007 წლიდან შვეიცარიის ლიტერატურის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორია ბილში. 2013 წლიდან სისტემატურად მიჰყავს თეატრის სასწავლო კურსი ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში. მუდმივად იწვევენ ლექციების წასაკითხად სხვადასხვა საერთაშორისო სამსახიობო სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში, მათ შორის ათენში, ნიუ-იორკში და ბუენოს-აირესში.

2009-2013 წ.წ. ბარფუსი მუშაობდა დრამატურგად ციურიხის შაუშპილჰაუსში, გერმანულენოვან თეატრში, სადაც დღემდე მიჰყავს საუბრები ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან, არქიტექტორებთან, ჟურნალისტებთან, ფიზიკოსებთან… ასევე სტუმრის სტატიით წერს სტატიებს გერმანულენოვანი ყოველდღიური გაზეთებისათვის, როგორებიცაა Frankfurter Allgemeine Zeitung და Süddeutsche Zeitung. 2015 წლიდან ენისა და ლიტერატურის გერმანული აკადემიის არჩეული წევრია. ასევე არის ციფრული ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის ქარტიის Charta der Digitalen Grundrechte der Europäischen Union ერთ-ერთი მხარდამჭერი.

ლუკას ბერფუსი იყო  ხელოვანთა ჯგუფის «400asa» თანადამფუძვნებელი და მუშაობდა რეჟისორ სამუელ შვარცთან (Samuel Schwarz) ერთად. ამ ჯგუფისათვის წერდა პიესებს. განსაკუთრებული წარმატება ხვდა მის პიესას „ჩვენი მშობლების სექსუალური ნევროზები“, რომელიც მან ბაზელის თეატრისთვის დაწერა და მაშინვე რამდენიმე ენაზე ითარგმნა. პიესამ 2003 წელს ბერნის კანტონის წიგნის პრემია დაიმსახურა, რაც ჟურნალისთვის Theater heute  საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ლუკას ბერფუსი წლის ყველაზე პერსპექტიულ ავტორად დაესახელებინა. 2015 წელს ეს პიესა ფილმადაც გადაიღეს. 2005 წელს ჰამბურგის ჰალია თეატრში შტეფან კიმიგის რეჟისორობით დაიდგა ლუკას ბერფუსის პიესა „ავტობუსი (წმინდანის საქმენი)“, რომლისთვისაც მას მიენიჭა უაღრესად მნიშვნელოვანი მიულჰაიმის დრამატურგთა პრემია der Mülheimer Dramatikerpreis. იგი დღემდე ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან გერმანულენოვან დრამატურგად. მისი პიესები გამოირჩევა კრიტიკული პათოსით შვეიცარიის ისტორიისა თუ თანამედროვეობის მნიშვნელოვანი საკითხებისადმი და ყოველთვის აქტუალურია.

„ლუკას ბერფუსი, თავისი  სურათ-ხატების ორიგინალობით და ენობრივი სისხარტით, ყველაზე პოეტურია სხვა თეატრალურ ავტორებთან შედარებით. რაც მის პიესებს ამას გარდა ახასიათებს, არის: ის აღწერს საზოგადოებრივ ნაკლოვანებებს ყოველგვარი ყოვლისმცოდნეობისა თუ ადამიანური  კატასტროფებისა და ვუაიერიზმის გარეშე.“ (Die Welt)

„თუ როგორ უნდა გამოვიდეს პოსტმოდერნისტული თეატრი ჩიხიდან, დღეს ლუკას ბერფუსივით ზუსტად ალბათ არავინ იცის.“ (Tan Wälchli, WOZ)

ლუკას ბერფუსი არა მარტო თეატრისთვის წერს, 2002 წლიდან პროზაიკოსიცაა. მისი პირველი ნოველა „მკვდარი კაცები“ ზურკამპის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ამას 2008 წელს მოჰყვა პირველი რომანი  „ასი დღე“, რომელიც ეხება ხალხის მასობრივ ჟლეტას რუანდაში. ეს რომანი 15 ენაზე ითარგმნა და საერთაშორისო წარმატებაც მოიპოვა.  თავისი მეორე რომანი „კოალა“ მან  ძმის სუიციდს მიუძღვნა და თვითმკვლელობის თემით საკუთარი ოჯახის ისტორია ავსტრალიის კოლონიურ ისტორიას დაუკავშირა. ამ რომანისათვის ლუკას ბარფუსს 2014 წელს შვეიცარიის წიგნის პრემია მიენიჭა. ბოლო რომანი „ჰაგარდი“ ბარფუსმა 2017 წელს დაწერა და მიუძღვნა ობსესიით შეპყრობილ ადამიანს, რომლის „ქალაქი-ოდისეა“ თანამედროვეობის კრიტიკული აღწერის საშუალებად აქცია.

ბოლო წლებია ლუკას ბერფუსი ესსეებს წერს და ორი კრებულიც გამოსცა. 2018 წელს კი ყველასთვის მოულოდნელად ინგლისურენოვანი პოეტური კრებულის ავტორადაც მოგვევლინა.

აღსანიშნავი, რომ ლუკას ბერფუსი თარგმნის კიდეც. კერძოდ, მწერალ მურიელ პიკთან ერთად  ვალტერ ბენიამინის ლიტერატურული წერილები გერმანულიდან ფრანგულად თარგმნა, ხოლო მურიელ პიკის ლექსები – ფრანგულიდან გერმანულად.

ლუკას ბერფუსი თავისი პიესებით, რომანებით და ესსეებით ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ დისკურსში. სხვადასხვა ფორმატით მონაწილეობს შვეიცარიის ნაციონალურ-კონსერვატორული და ლიბერალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მძაფრ კრიტიკაში. მედიალური სივრცე მას, როგორც „პროვოკატორს“ ურთიერთგანსხვავებულად აფასებს. თუკი ერთნი მას მწვავე ესსეებისა და დებატებში მონაწილეობის გამო ქება-დიდებით ამკობენ და მეორე მაქს ფრიშსა თუ ფრიდრიხ დიურენმატს ეძახიან, მეორენი მას მემარცხენე ინტელექტუალად თვლიან, რომელიც თავის თემებს მხოლოდ ზედაპირულად უდგება.

2015 წლის ოქტომბერში, შვეიცარიის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე ლუკას ბერფუსის ესსემ „სიგიჟის შვეიცარია“, რომელიც  Frankfurter Allgemeinen Zeitung -ში გამოქვეყნდა, ქვეყანაში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. ეს იყო მისი მშობლიური ქვეყნის პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობის უმძაფრესი კრიტიკა. ავტორი განსაკუთრებულად ილაშქრებდა   შვეიცარული მედიასახლების წინააღმდეგ, რომლებმაც, ბერფუსის აზრით, თავიანთი ხმები მიჰყიდეს მემარჯვენე პოპულისტს, მილიარდერ ქრისტოფ ბლოხერს Christoph Blocher და ამით დისკურსის ლანდშაფტი გააუდაბურეს. იგი სვამს ასეთ დიაგნოზს: „შვეიცარიელს გლობალიზირებული სამყაროსთვის უკვე სათქმელიც აღარაფერი აქვს. უსასოობის განცდა დიდი ხალისით კომპენსირდება ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით.  და თუკი ბრტყელ-ბრტყელი აღარ კმარა, მაშინ უწმაწური სიტყვების ჯერი დგება“.

2017 წელს ბერფუსის ინიციატივით კიდევ ერთ დისკუსიას დაედო სათავე. Frankfurter Allgemeinen Zeitung-ის ონლაინგამოცემაში გამოქვეყნებულ ესსეში მან შვეიცარიის წიგნის პრემია მკვდრად გამოაცხადა  და ახალი სტარტი მოითხოვა. მან დაადანაშაულა ჟიური დამოუკიდებლობის ნაკლებობაში და გააკრიტიკა კავშირის ფუნქციონერების ჩარევა ნომინირებული ნაწარმოებების შერჩევაში. პრემიის ორგანიზატორებმა კეთილგონიერება გამოიჩინეს და დაუთმეს. ამჟამად ლუკას ბერფუსი მწერალ და შვეიცარიის წიგნის პრემიის ლაურეატ მწერალთან მელინდა ნადი აბონჟისთან ერთად მუშაობს წიგნის პრემიის ახალ წესდებაზე.

რაც შეეხება ლუკას ბერფუსის ქართულ გამოცემას, აქამდე მისი ორი პიესაა თარგმნილი და ორივე შორენა შამანაძემ თარგმნა. ესენია: „ჩვენი მშობლების სექსუალური ნევროზები“ და „ავტობუსი“. აქედან პირველი პიესა დაიბეჭდა 2009 წელს საქართველო-გერმანიის საზოგადოების ორგანიზატორობით გამოსულ კრებულში „თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგია“ (გამომცემლობა „პოლიგრაფი“), მეორე კი 2012 წელს სერიით „თანამედროვე გერმანულენოვანი დრამატურგია“ გამოსულ პირველ ტომში (გამომცემლობა „არტანუჯი). ამასთან 2008 წელს ორივე პიესის კითხვა მოეწყო მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე.

გთავაზობთ ორ ინტერვიუს, რომლებიც გაზეთებმა FAZ და NZZ პრემიის მინიჭების გამოცხადებისთანავე ჩაწერა.

 

მთარგმნელისაგან

 

 

1 2 3 4 5