„თანასწორთა შორის უკეთესია ცხოვრება“

 

მწერალი იბრძვის შვეიცარიის სულმოკლეობის წინააღმდეგ და ამბობს, რომ ქვეყანას  აქვს პრობლემატური დამოკიდებულება რეალობისადმი.

 „თავისუფალი მწერალი ლაპარაკით იცნობა, იგი გულღია და ლაღია“.

ინტერვიუს ავტორია კასპარ მარტიგი

 

NZZ-ს საკვირაო გამოშვება: თქვენ ხართ მწერალი, რომელიც საჯარო სივრცეს ეძებს. თქვენ რომ რამეს ამბობთ, ყველა გისმენთ – რადგან ლუკას ბერფუსი ხართ?

ლუკას ბეფუსი: ამაზე არ ვფიქრობ. მე ვცდილობ, ტექსტი დავწერო, აზრები განვავითარო, ადამიანებთან ურთიერთობა დავამყარო. ის რომ ლუკას ბერფუსი ვარ, არაფერში არ მეხმარება.

მიუხედავად ამისა, თქვენი პოზიცია შვეიცარული საზოგადოებისათვის ყოველთვის საინტერესოა. თქვენ აქტიურად ერთვებით დებატებში, თქვენ არ გამოყოფთ თქვენი, როგორც მწერლის სამუშაოს იმ სამყაროსგან, რომელშიც ცხოვრობთ.  ეს თვალსაჩინოა   ესსეთა კრებულიდან „ომი და სიყვარული“.

ყოველთვის მაოცებდა ეს მოსაზრება. ხომ არსებობს ჟანრის გარეთ წერის ტრადიცია. ამ წუთას მაგონდება ჰაინრიხჰ ჰაინე ან გეორგ ბიუხნერი, რომლებიც  თავიანთ დროს მუდმივად უპირისპირდებოდნენ. ის გამოყოფა, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, საკმაოდ ახალია და ჩემთვის ვარიანტი არასდროს ყოფილა. როგორც თავისუფალი მწერალი ყოველთვის დამოკიდებული ვარ იმ ბრძოლაზე, რომელიც თავისუფალი საზოგადოების არსებობისთვის მიმდინარეობს და ამაში მეც ვიღებ მონაწილეობას.

მაგრამ ასე არ იქცევა ბევრი მწერალი, რომლებიც თქვენს გვერდით მოღვაწეობენ.

დიახ, მაგრამ ეს მართლა არ არის ჩემი პრობლემა.

თქვენ შვეიცარიის მორალური სინდისი ხართ?

დიდი იმედი მაქვს, რომ არა. სინდისი შეიძლება ჰქონდეს ერთ ადამიანს. საზოგადოება სხვაგვარად ფუნქციონირებს. მე ჩემს თავს, პირველ რიგში, აღვიქვამ ხელოვნად, პოეტად. პოლიტიკური აქტივობა გამომდინარეობს ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, მასში არაფერია თეორიული. საქმე ეხება იმას, თუ როგორ ვცხოვრობთ ერთად… და ეს ყოველთვის  დამოკიდებულია პოლიტიკურ ვითარებაზე.

მაინც რა გაიძულებთ სიტყვაში გამოხვიდეთ?

წინასწარ ჩამოწერილი განრიგი არა მაქვს. ყველა ტექსტს წინ რაიმე მოვლენა უძღვის… და მერე საამისო გამბედაობაც უნდა გქონდეს, რომ პური მანამ ჩააკრა, სანამ თონე ცხელია.

მძვინვარებაც თამაშობს როლს?

მძვინვარება ისეთი გრძნობაა, რომელსაც იშვიათად განვიცდი. შემიძლია გავბრაზდე, კი ბატონო. მაგრამ თუკი იმ გრძნობას ეძებ, რომელიც ჩემი შემოქმედებისათვის გრუნტის როლს ასრულებს, ეს ნამდვილად არაა მძვინვარება.

აბა, რა არის?

უფრო ისეთი საეჭვო და ძველი ყაიდის რამეა, როგორიცაა მელანქოლია.

ეს უნდა ახსნათ.

მელანქოლია არის ისეთი შეგრძნება, რომელიც ფიქრის შედეგად მოდის. ნაღვლიანობა საკუთარი მრწამსისა გამო…. და რომ ამ მრწამსით ბოლომდე ვერ გახვალ.

მელანქოლიას შეუძლია დეპრესიაში გადაგაგდოს.

ეგ ასე მოხდებოდა, მელანქოლია რომ მარტო ყოფილიყო. მაგრამ არსებობს კიდევ სხვა რამეებიც: წმინდა, დაუფარავი სიყვარული…. სიხარული, რომ ცოცხალი ხარ… ყოველ შემთხვევაში, მე ხშირად ვარ ხოლმე ასე.

ზოგიერთი პროვოკატორად გთვლის.

ერთმა ნაჯახივით აზრმა შეიძლება დაგჭრას. ეს მტკივნეულია. აქედან მოდის მელანქოლიაც. პოლემიკა არის საჯარო ურთიერთობის მნიშვნელოვანი ფორმა. როცა საპირისპირო ფრონტები გამოკვეთილია, ხანდახან სხვა არც არაფერი გრჩება ხოლმე.

რას გამოხატავს მწერლის პოზიცია?

თავისუფალ მწერალს ზურგს ინსტიტუცია არ უმაგრებს და ვერც სამუშაო კონტრაქტი აიძულებს რაიმესადმი ლოიალობას. იგი თავისი სახელით ლაპარაკობს, დაუფარავად და ლაღად. ადამიანები ხვდებიან ამას, ჯერ კიდევ ამჩნევენ.

თქვენ საუბრობთ მაგიური სიტყვების შავ ხელოვნებაზე. რას გულისხმობთ ამით?

თავის ძალიან მნიშვნელოვან ნაწარმოებში «LTI – ფილოლოგის უბის წიგნაკი“ ვიკტორ კლემპერერი Viktor Klemperer წერს, რომ პირველი ნაბიჯი ტოტალიტარული ენისაკენ არის მისი გაღარიბება. განძარცვა ორმნიშვნელოვანებისაგან, სიტყვიერი მარაგისგან, გრამატიკული სტრუქტურებისაგან – იქამდე, ვიდრე სიტყვები  დევიზებად არ გარდაიქმნება და თავიანთი შინაგანი კავშირებისგან თავისუფალნი  საბრძოლო ტერმინებად არ იქცევიან. ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ.

მაგალითად?

ძალიან მაწუხებს სიტყვის «Fluchthelfer (პირი, რომელიც, ადამიანს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეხმარება)“ ტრანსფორმაცია «Schlepper»-ად, რომელიც ნიშნავს თაღლითს, გადამგდებს და ისევ მიგრაციას უკავშირდება. რკინის ფარდა რომ იყო, «Fluchthelfer»-ს პოზიტიური კონოტაცია გააჩნდა. ეს იყო ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანები თავისუფლებაში მიჰყავდა. დღეს ეს შეიცვალა. «Schlepper» დღეს კრიმინალიზირებულია. ჩვენ უნდა ვცადოთ ამგვარი ცვლილებების დაფიქსირება. ენას გაღარიბება მუდმივად ემუქრება.

თქვენ ამას რას დაუპირისპირებდით?

ჩვენ საგნების გაგება მხოლოდ კონტექსტში შეგვიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია მთვარეს ავხედოთ და სახე არ დავინახოთ. როგორც პოეტი მე სულ მრავალფეროვნებისათვის ვიბრძვი, ყველანაირი მრავალფეროვნებისთვის.

ამიტომაც წერთ ახლა ინგლისურადაც, როგორც ეს სახელოვნებო და პოეტურ კრებულში «Contact» გააკეთეთ.

ეს ალბათ ბავშვური საქციელია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე მიყვარს ჩემი ხელობა, რადგან შემიძლია ჩემს თავს ასეთი რამეების კეთების უფლება მივცე. მე ლირიკას სულ ვწერდი, მაგრამ დღემდე არსად გამომიქვეყნებია. მხოლოდ მიხაელ გიუნცბურგერმა და პატრიკ ფრეიმ მომცეს ეს შესაძლებლობა.

 

 

გერმანულიდან თარგმნა   

შორენა შამანაძემ

 

 

1 2 3 4 5