„ნიჭი? მე უფრო ჟინისა მჯერა“

 

ოდესღაც ქუჩაში ცხოვრობდა, ახლა კი გერმანული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი პრემიის მფლობელია. საუბრისას ცდილობს ამიხსნას, თუ რატომ არის ხელოვანი ყოველთვის ავანტიურისტი.

ინტერვიუს ავტორი სალვატორე ვინჩი

 

NZZ საკვირაო გამოშვება: ჰერ ბერფუს, სიყმაწვილეში სკოლა მიატოვეთ და ქუჩაში გახვედით. 26 წლის ასაკში ამტკიცებდით, მწერალი ვარო, თუმცა ჯერ ერთი წიგნიც არ გქონდათ დაწერილი; თუმცა წარმატებას მალე მიაღწიეთ. ნუთუ არასდროს შეგშინებიათ, რომ ავანტიურისტად შეგრაცხავდნენ, ანუ ისეთ ადამიანად, რომელიც არც ისეთი კარგია, როგორადაც თავს ასაღებს?

ლუკას ბერფუსი: ხელოვანი ყოველთვის ავანტიურისტია! მე, როგორც მწერალმა აუცილებლად უნდა მოვითხოვო, რომ ადამიანებმა პატივი სცენ იმას, რაც მინდა ვიყო. ჩემი ხელობა ობიექტურად გაზომვადი არ არის. ჩემი ხელოვნება მხოლოდ მკითხველთან შეხვედრის შედეგად საცნაურდება. ჩემს ღირებულებას მარტო მე ვერ შევაფასებ, ამას მხოლოდ ჩემს მოპირისპირესთან ერთად შევძლებ.

თქვენ ბიუხნერის პრემიის მფლობელი გახდით! აწი ავანტიურისტობას ვეღარავინ დაგწამებთ!

ერთი წუთით, ეს წინადადება ბოხ ხმაზე უნდა წარმოვთქვა, სულ ცოტა ერთი ოქტავით  დაბლა: ჩემი შრომის მიზანი მარადისობაა! ჩვენ ყველანი, უპირველეს ყოვლისა, გარდაცვლილთა წიგნებს ვკითხულობთ. ის გამოცდილება, რომელიც იქაა დაუნჯებული, დღესაც გვესმის. ამიტომ, მართალია, თანამედროვეებისათვის ვწერ, მაგრამ ასევე მომავალი თაობებისათვისაც. ალბათ განდიდების მანიით შეპყრობილად ჩამთვლიან, მაგრამ ჩემთვის ეს სრულიად ბუნებრივია. თუმცა თავს არ მოვიტყუებ: თვით ბიუხნერის პრემიაც კი, რაც არ უნდა დიადი და სანუკვარი იყოს, ვერ დამიცავს, თუკი მომავალში ჩემზე იტყვიან: ერთი დიდი ქაქია და მეტი არაფერი!

ბიუხნერის პრემია  ავტორისა და მისი შემოქმედების ხანგამძლეობას ამაღლებს.

ასეა. გამოცხადების \შემდეგ სადღაც წავიკითხე, რომ ვინც ბიუხნერის პრემიას იგებს, ისტორიაში შედის. ხასიათი წამიხდა და გავიფიქრე: „წინასწარ გეკითხათ მაინც!“ თუმცა ეს მართლაც დიდებული რამეა, საოცრებაა. პირველი შვეიცარიელი ვარ, ოცდახუთი წლის მერე. თან ამდენი პოზიტიური რეაქცია. მთელი ქვეყანა ჩემთან ერთად ზეიმობს.

საუბარში აღნიშნეთ, რომ ძალიან გიყვართ ველოსპორტი, განსაკუთრებით ფლანდრიის ტური გამოყავით. ამ პრემიის მიღებით, მეტაფორულად რომ ვთქვათ, გამოეყავით მთავარ ჯგუფს და მარტო მიჰქრიხართ სულ თავში – ე.წ. სოლო გააკეთეთ.

მართალია. მე ველოსიპედს ქარში ვატარებ. ვისაც ქარზურგში ტარება არ შეუძლია, იმას უფრო უჭირს. თუმცა ეს მარტოს არ მიმიღწევია. ბევრი თანამებრძოლი მყავდა, რომლებმაც ეს გზა ჩემთან ერთად გამოიარეს: ჩემი გამომცემლები, თეატრი, მეგობრები, ადამიანები, რომლებთანაც აზრის გაცვლა-გამოცვლა შემიძლია და რომელთა წყალობითაც ვვითარდები. პრემიები საოცარი რამეა, თუმცა ისინი გარეგანი დაჯილდოების სისტემის ნაწილია. მე კი უფრო შინაგანი დაჯილდოება მაინტერესებს. იშვიათად ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. მოთხოვნები, რასაც მე საკუთარ თავს ვუყენებ, მაღალია. ეს პატივის მიგება ბევრ რამეს შემიცვლის ცხოვრებაში, თუმცა  ფსიქოლოგიურ  წინასწარგანწყობას ვერ ამიმაღლებს.

47 წლის ასაკში გერმანულენოვანი სივრცის ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიის მფლობელი გახდით – ამის იქით აღარაფერი აღარ არის.

დიახ, ალბათ მართალი ხართ.

ჰო, არის ნობელის პრემია, მაგრამ ეს ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია.

ნამდვილად!

თუკი სერიოზულად გკითხავთ: რა მიზანი შეიძლება გქონდეთ, როგორც მწერალს? დიადი რომანის დაწერა?

ჩემი იდეა უფრო წიგნის რეალურ დროში დაწერაა. მიყვარს სტენდალი და ბაზელის თეატრისთვის მისი „წითელი და შავი“ გადავამუშავე. ესაა ტექსტი, რომელიც სტენდალმა ხელის ერთი აქნევით დაწერა. მეც ამ მოძრაობას ვეძებ. მე ანტიფლობერისტი ვარ.  ფლობერთან ყველაფერი გაქვავებულია, იქ კი ყველაფერი სწორდება და თავიდან ფორმულირდება. მე უფრო სტენდალური სულისკვეთება შემესაბამება.

შვეიცარიულ საკვირაო გაზეთში «Sonntags-Blick» სვეტი მიგყავთ. იქ „თაობის უმნიშვნელოვანეს ინტელექტუალად“ წარგადგენენ. მართლა ასეთი ხართ?

ამას გარედან მაწერენ, რაც ტექსტზე მუშაობისას არაფერში მარგია. წერისას რომ იმაზე ვფიქრობდე, უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალი ვარ-მეთქი, ჩემი საქმე წასული იქნება. მაგონდება, შვეიცარული წიგნის პრემია მოვიგე და მეორე დღეა.  ჩემს ქალიშვილს ცურვის გაკვეთილზე წასვლა არ უნდა და ჭიჭყინებს. რაღაც მომენტში წამოვიყვირე: „მამაშენმა წიგნის პრემია მიიღო და ახლავე წახვალ საცურაოდ!“ სულ ამაოდ დავშვრი, ვითომც არ გაუგია.

2015 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე «Frankfurter Allgemeinen Zeitung»-ში დაიბეჭდა თქვენი ტექსტი „შვეიცარია სიგიჟისა“. თქვენეულმა კრიტიკამ ქვეყანაში საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა გამოიწვია. მოგვიანებით კი ინტელექტუალის წერილობით რეკომენდაციად ჩაითვალა. მას შემდეგ ხშირად გამოთქვამთ აზრს პოლიტიკურ თემებზე, მონაწილეობთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შოუში „არენა“.

FAZ-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. რეაქციებმა ტოტალურად გამაოცა. თუმცა მე ინტელექტუალის როლი არ მიძებნია, ამის არც გადაწყვეტილება არსებობდა, არც ტაქტიკა. ჩემთვის ეს იყო შინაგანი აუცილებლობის გამოვლინება: არჩევნები კარს იყო მომდგარი, ამავე დროს გამოვიდა ყოველთვიური ჟურნალის «Du» ბოლო გამოცემა, რომელიც ქრისტოფ ბლოხერმა მთლიანად იყიდა, რათა თავისი კერძო კოლექციის პრეზენტაცია გაეკეთებინა. მიგროსის1 მოლარეები გადახდისას მეკითხებოდნენ «Suisse Mania»-ს ფიგურებს ხომ არ აგროვებთო. ასე დავუკავშირე ყველაფერი ერთმანეთს. რადგან ეს ისაა, რაც ქმნის პოლემიკას ვალტერ ბენიამინის სტილში: იწყებ ისეთი რაღაცეების ერთმანეთთან დაკავშირებას, რომელთა შორის საერთოს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერც კი ამჩნევ.

იმის ნაცვლად, რომ ჩარეულიყავით, შეგეძლოთ სხვა ავტორების მსგავსად თქვენს რომანებზე კონცენტრირებულიყავით და გაჩუმებულიყავით. მაგრამ ეს თქვენი გზა არ არის.

გამბედაობა ალამაზებს ადამიანს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. როცა მე ჩემი საკუთარი შიშის გადალახვა შევძლებ, უკეთესად ვხდები. არ მესმის, რა შეიძლება ამ ცხოვრებაში იმაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე საკუთარი შიშის გადალახვაა. რადგან სიკვდილით ხომ ისედაც ყველანი მოვკვდებით და იქამდე კი თავისუფლები ვართ. მიზეზი უამრავია გაჩუმებისთვის და მხოლოდ ერთია არგაჩუმებისთვის: რას დაკარგავ ამით?

წერა ნიშნავს საკუთარ შიშთან პირისპირ დადგომას და თვალის გასწორებას?

რა თქმა უნდა. სწორედ შიშებთან, ქვესკნელთან და ისეთ რამეებთან ურთიერთობა, რაც არ გესმის, არის  წერის მთავარი დანიშნულება. ხელოვნებას გააჩნია გარდასახვის ძალა. ჩვენ შეგვიძლია შიში გარდავსახოთ პროდუქტიულ რამედ, რაც გაყოფადი იქნება.  ეს შენც გათავისუფლებს და სხვებსაც შთააგონებს.

თქვენს FAZ-ტექსტში, სათაურის ქვემოთ ეწერა: „ამაზე აღშფოთებას სხვა არავინ გამოთქვამს – მარტო მე“. მას შემდეგ თქვენ თითქოს საკუთარ თავს თავისებური მონოპოლია მიანიჭეთ ამ ქვეყნის კრიტიკაში და ამას რეკლამასაც კი უწევთ.

ეს სიმწვავე FAZ-ის რედაქტორებისგან მოდის, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, მთლად ტყუილსაც ვერ უწოდებ. შვეიცარიელებს აქვთ ნიჭი იმისა, რასაც „დაველოდოთ, სანამ ყველაფერი თავისით არ მოგვარდება“ ჰქვია. ჩვენ ძალიან მივეჩვევით ხოლმე ისეთ რამეებს, რაც ახლოდან არც თუ დიდ პატივისცემას იმსახურებს.

 


1- Migros – სუპერმარკეტების ქსელი შვეიცარიაში.

 

1 2 3 4 5