არსებობს რაიმე ფოტო თქვენი ბავშვობიდან? და თუ არსებობს, ვის ხედავთ იქ, როცა უყურებთ?

რამდენიმე ფოტოა, ოთხი თუ ხუთი. ეს უკავშირდება ჩემი ოჯახის ნგრევას. ამიტომაც დაიკარგა ყველა კვალი და დოკუმენტაციაც. ვინ ვიყავი მაშინ? უკიდურეს ზღვრამდე მისული ყმაწვილი. მფარველი ანგელოზი მყავდა… და ალბათ სასიცოცხლო უნარებიც. ვიცოდი, თუკი წამლის მიღებას დავიწყებდი, ორ კვირაში ჩემი სახსენებელიც აღარ იქნებოდა. მაშინ ხომ ტუნში ძალიან, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ბევრი მეგობარი დამეღუპა, ბუზებივით გაწყდნენ.

მაშინ სამუშაო წიგნის მაღაზიაში იშოვეთ, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი განათლება არ გქონიათ. ამან გადაგარჩინათ?

იქამდეც ბევრს ვკითხულობდი… წიგნებმა გადამარჩინა.  მაგრამ ქრისტიან შტაუფფახერმა ეს სამუშაო ხომ მე მომცა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამისათვის დღესაც მისი მადლიერი ვარ. გარდა ამისა, ბედიც მქონდა… და დამეგობრების ნიჭიც. ადრიდანვე ვიცოდი, ვის შეიძლება მივნდობოდი და ვის უნდა  მოვრიდებოდი.

რომელი წიგნი იყო შენთვის იმ პერიოდში მნიშვნელოვანი?

ამის არავის სჯერა, ცუდი ჰოლივუდივით ჟღერს.

ბიბლია.

ეგეც. მაგრამ უპირველეს ყოვლისა „გონის ფენომენოლოგია“, ჰეგელის.

ეგ რა ასაკში იყო?

17 წლის ვიყავი. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, მე მყავდა კარგი მეგობარი, ერთ-ერთი უჭკვიანესი ადამიანი, რომელიც კი შემხვედრია. ერთად ვცადეთ ამ წიგნის გაგება. ერთმანეთს წერილებს ვუგზავნიდით და მთელი ფილოსოფიური სისტემა შევქმენით.  კითხვა, რომელიც მაშინ მაწუხებდა იყო შემდეგი: არის თუ არა ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რეაქცია სხვა რამეზე და თუკი ასეა, მაშინ რამდენად შესაძლებელია ახალი რამის გაკეთება. მე განვავითარე კონცეპტი პრეექსისტენტური ანუ ადრეარსებული აქსიომატური რეაქციის შესახებ.

ახლა გაქვთ დრო საკითხავად?

მე სულ ვკითხულობ.

ახალგაზრდა შვეიცარიელ ავტორებსაც კითხულობთ, რომ ნახოთ, კვალში ვინ გიდგათ?

მე ვარ დაუნდობელი მკითხველი. შვეიცარიელია თუ არა, ახალგაზრდაა თუ მოხუცი, ჩემთვის სულ ერთია. თუ არ მაინტერესებს, ერთ სტრიქონსაც არ წავიკითხავ. ცხოვრება ხანმოკლეა,  ამდენად წიგნების რაოდენობა, რომელთა წაკითხვასაც შესძლებ,   უაღრესად  შეზღუდულია. ამიტომ კომპრომისს არ ვუშვებ.

როდიდან იცით, რომ ნიჭიერი ხართ?

ნიჭი? ეგ არ მწამს. მე მწამს ჟინი. არანორმალურად ბევრს ვმუშაობდი და რადგან განათლება არ მქონდა, ყოველთვის იმ ხალხზე ვიყავი დამოკიდებული, რომელთაც ჩემი სჯეროდათ. მაშინ არ არსებობდა მიზეზი, რისთვისაც ეს სამუშაო ადგილი ჩემთვის უნდა მოეცათ. ერთი თავხედი მაწანწალა ვიყავი, თან ისეთი სასაცილო ვარცხნილობა მქონდა!

სწორედ ეგ თავხედური მანერა იყო, რამაც წინ წაგიყვანათ.

ბევრად მნიშვნელოვანია კეთილგანწყობა. ვისაც ქუჩაში უცხოვრია, იცის, რომ იქ უპირველესი სიქველე კეთილგანწყობაა. აბა, მიმოიხედეთ: თუკი უსახლკარო გამოგელაპარაკებათ, მისგან ყოველთვის გულითადობას იგრძნობთ. ამ ადამიანებს სხვა არაფერი გააჩნიათ.

თქვენ ხართ ამავე დროს სერიოზულობის განსახიერება. თქვენ ხართ სერიოზული ადამიანი.

მე ვცდილობ ყველაფერს სერიოზულად და გულდასმით მივუდგე.

და რითი ამაყობთ?

ვამაყობ იმით, რომ მსოფლიოს უძვირეს ქალაქში თავს მწერლობით ვირჩენ. ეს ალბათ იმაზე დიდი წარმატებაა ვიდრე ბიუხნერის პრემიაა. უამრავ ხელოვანს ვიცნობ, რომლებიც იძულებული გახდნენ, გაჩერებულიყვნენ, რადგან არ გამოუვიდათ. მე კიდევ მწერლობით ვცხოვრობ და თანაც კარგად ვცხოვრობ.

 

 

1 2 3 4 5