ეს საიდან მოდის?

ურთიერთობები ძალიან კომპაქტურია, არ შეიძლება ვინმეს ზედმეტად გაეხუმრო, რადგან სხვაგან თუ არა მიგროსში მაინც აუცილებლად გადაეყრებით. მუსიკოსმა და პოეტმა ენდო ანაკონდამ ეს საბოლოოდ ასე ჩამოაყალიბა: «Hie bisst me sich zwar nid, aber me chätsched sich gägesytig z Tod.»2

მაქს ფრიშზე, რომელიც ასევე გეორგ ბიუხნერის პრემიის ლაურეატი იყო, ამბობდნენ, მშობლიური ბუდის წამბიწველიაო.  თქვენზეც ასე ამბობენ.

საზიზღარი გამონათქვამია, ძალიან ვულგარული. ყველა ლექსიკონიდან უნდა ამოიშალოს, როგორც კერძო ასევე ოფიციალური ლექსიკონებიდან.

დებატების მიმართ ინტერესი დაკარგეთ?

მე ის კაცი არა ვარ, რამე დავკარგო. მე ურთიერთობას ისე ვიღებ, როგორიცაა, და შეცვლას მერე ვცდილობ. გასულ წლებში გამოვიმუშავე პოზიცია, რომელიც ჩარევის  საშუალებას მაძლევს. ვისაც აქვს გარკვეული პოზიცია, იმის პასუხისმგებლობაც გააჩნია, რომ იმოქმედოს.

როდესაც თქვენ გადაცემაში „არენა“მონაწილეობთ და პარლამენტარ ანდრეას გლარნერს ეკამათებით, ხომ არ ფიქრობთ ხოლმე: „ნეტა აქ რას ვაკეთებ,  არ ჯობია, ახლა ჩემს ახალ წიგნზე ვმუშაობდე?“

ყოველთვის მაგას ვფიქრობ! მაგრამ აბა ვის ჰქონია ყოველთვის იმის შეგრძნება, რომ სულ იმას აკეთებს, რაც სწორია? სულ სხვადასხვა მოთხოვნილებათა შორის იხლიჩები. ეს არის მუდმივი მოცემულობა. როცა მიხვდები, რომ აქედან თავს ვერასდროს დაიხსნი, შეიძლება სცადო და იმ მომენტისათვის საუკეთესო რამ გააკეთო.

თქვენს დროს  როგორ ანაწილებთ?

საერთოდ არ ვანაწილებ. ვერც გაანაწილებ. მე ვანაწილებ ჩემს ენერგიას. დიდი ხნის მანძილზე ვცხოვრობდი ბურუაზიულ-კაპიტალისტური მეთოდით On და Off, ანუ მქონდა მუშაობის ფაზები და დასვენების ფაზები. ამან ვერ იმუშავა. დღეს სულ on-რეჟიმში ვარ და თუკი რამე ვეღარ მიდის, ე.ი. ფსიქოლოგია ჩამერთო.

არსებობს თემები, რომლებზეც არაფერი გაქვთ სათქმელი?

რამდენიც გინდათ. ფეხბურთი, მაგალითად.

უფრო პოლიტიკურ თემებს ვგულისხმობდით.

აი, ფიფაზე კი ვიტყოდი რამეს. სპორტზე ზოგადად. ასეთი ცრუ არაფერი არსებობს, რაც ჩვენი დამოკიდებულებაა სპორტთან. მე ისეთ რამეებს კი არ ვგულისხმობ, როგორებიცაა კორუფცია და დოპინგი, არამედ სპორტის როლს ჩვენს საზოგადოებაში. მაგალითად, ყოველთვის ითვლებოდა, რომ ხულიგნობას არაფერი აქვს საერთო ფეხბურთთან. მაგრამ ეს არ არის მართალი. ფეხბურთი არის ძალადობის ფორმა. იგი განუწყვეტლივ აწარმოებს ლუზერებს.

ამას ეძახიან კონკურენციას.

კონკურენცია არის საუკეთესო რამ. მაგრამ თუკი იგი ჩვენი საზოგადოებისათვის ერთპიროვნულ პრინციპად იქცევა, მაშინ უკვე საშინელებაა. არ არსებობს სხვა ისეთი ტერმინი, რომელიც ყველა პარტიის მიმართ ისევე ხელშეუხებლად და უკრიტიკოდ გამოიყენება, როგორიც კონკურენტუნარიანობაა. ამასთან კონკურენციას აქვს ერთი მთავარი თვისება –  მონაწილეებს ათანაბრებს. ის, რასაც ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ეკონომიკა წინ მიჰყავს, არის არა კონკურენცია, არამედ კოოპერაცია. ის, რომ ჩვენ აქ ყავის დალევა შეგვიძლია, საოცრებაა, რომლის თავში დგას ყავის მომშენებელი და ბოლოში – ოფიციანტი, ორი ადამიანი ორ კონტინენტზე, რომლებიც ერთმანეთთან კოოპერირებენ.

ამ საათის პოლიტიკური თემა არის კლიმატის ცვლილება, რომელზეც თქვენ არაფერს ამბობთ. რატომ?

ეს ასე არ არის. გრეტა თუნბერგის4 მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად მე ეჭვი გამოვთქვი ამ ნარატივის მიმართ. იგი მიჰყვება ქრისტიანულ დრამატურგიას: გამოჩნდა ერთი უბიწო წინასწარმეტყველი და აფრთხილებს ცოდვილთ, რომ მათ დასტოვონ თავიანთი  გზა. აუცილებელია მსხვერპლიც. ეს სიუჟეტი შეიძლება აქტუალური იყოს აღმოსავლეთ ევროპასა თუ ქრისტიანობით ღრმად აღბეჭდილ სხვა კულტურებში. მაგრამ რამდენად იფუნქციონირებს ჩინეთში ან ინდოეთში? მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი.

საზღვარგარეთ ლექციების ჩასატარებლად თვითმფრინავით სარგებლობაზე უარს არ იტყვით, რათა ამით  CO2-ის გამონაბოლქვი გააპროტესტოთ?

მე არ მგონია, რომ კლიმატის ცვლილებებს გავაკონტროლებთ, თუკი ყველანი ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად შევიცვლით  ქცევას. ასეთი ძლიერებიც არა ვართ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ოთხსაათიანი საოჯახო დებატების შემდეგ უარი ვთქვათ შვებულების ხმელთაშუა ზღვაზე გატარებაზე და, ვთქვათ, ბერნის მთიანეთში დავისვენოთ. მაგრამ როგორაა საქმე სამსახურში? ვეტყვი კი მე ჩემს უფროსს, უკაცრავად, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ფრენაზე უარი უნდა ვთქვა-მეთქი? ნამდვილად ვერ ვეტყვი. ამ გამოწვევას მხოლოდ კოლექტიურად და სუპრანაციონალურად თუ მოევლება. ეს არ ყოფილა ინდივიდუალური არასწორი ქცევა, რამაც ამ სიტუაციამდე მიგვიყვანა. რაც ჩვენ ნავთობმა სიკეთე მოგვიტანა, ამის აღწერა შეუძლებელია.  ყველანი ნავთობის პროდუქტები ვართ, მას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენს კეთილდღეობას. პრობლემა ისაა, რომ ეს წყალობა უკვე მოსპობით გვემუქრება. უნდა გამოვიდეთ ამ დანაშაულის კომპლექსიდან, რადგან ხელს გვიშლის პრობლემების რაციონალურ გადაჭრაში. თუ არ გამოგვივა, მაშინ ღამე მშვიდობისა!

გრეტასა და კლიმატის გაფიცვის დინამიკა საკმარისად მაღალი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ პოლიტიკური უმრავლესობა  შვედეთშიც შეეცვალა.

ძალიან კარგი! მშვენიერია იმის ყურება, თუ კოლექტიური ცნობიერება როგორ ახდენს ზეგავლენას პარლამენტსა და პოლიტიკაზე.

სიყმაწვილე ქუჩაში გაატარეთ. როგორ მოხდა ეგ ამბავი?

უკიდურესად რთულ პირობებში ვიზრდებოდი. ჩემი მშობლები ჩემზე არ ზრუნავდნენ. ვერავის მივეკედლე, არც მყავდა, რომ მხარი დაეჭირა. სულ ცდილობდნენ სადმე ჩავებარებინე, მაგრამ არ გამოსდიოდათ. ამიტომაც 16-დან 20 წლამდე მქონდა პერიოდები, როცა ქუჩაში ვცხოვრობდი.

ეს როგორ წარმოვიდგინოთ? საძილე ტომარაში იწექით და დაშლილ კარტონის ყუთებზე გეძინათ?

საძილე ტომარა გამორიცხეთ, იმიტომ რომ სულ თან უნდა ატარო. მნიშვნელოვანია, რომ ტვირთი მსუბუქი იყოს. ჯარის ქურთუკს იაფად ვშოულობდი არსენალში, თბილი იყო. სულ წესიერად უნდა მცმოდა, ამას ვიცავდი. დღემდე ასე ვარ. სწავლობ კარგი ადგილების გეოგრაფიას, სადაც შეგიძლია დაიძინო. ქალაქის პარკი საამისოდ არცთუ მოსახერხებელია. ღამით ისეთი ნესტია, რომ დილით თოვლჭყაპივით სველი ხარ. ქალაქური გარემო ჯობია, მაგალითად სახლების სადარბაზოები. სპორტდარბაზების ლეიბებიც მიდის, ბატუტის ლეიბი, მაგალითად.

ამ დროს კიდევ ტუნში იყავით?

აბა, პარიზში უნდა წავსულიყავი, რომ იქ უსახლკარო ვყოფილიყავი? სამაგისო ფული არ მქონდა. ბერნშიც კი რომ წავსულიყავი, უბილეთოდ უნდა მემგზავრა. არ მქონდა კეთილდღეობის ის დონე, რომ მიგრაცია შემძლებოდა.

ტუნი დღეს თქვენთვის რაღაც სამშობლოს მსგავსია?

სამშობლო? ჩემი კამერუნელი მეგობრები კითხვაზე, რა არის შენი სახლი, ასე პასუხობენ: «Où je cache ma misère.5»

 


2 – შვეიცარიული გერმან.: „აქ ერთმანეთს არ კბენენ, ოღონდ იმდენ ხანს ღეჭავენ, სიკვდილს მოანატრებენ“.

3 – ARENA – SRF-ის (შვეიცარიის რადიო და ტელევიზია) შიდაპოლიტიკური სადისკუსიო პლატფორმა, რომელიც ეძღვნება კვირის მთავარ თემას.

4-  Greta Thunberg – შვედი აქტივისტი, სკოლის მოსწავლე, რომელიც კლიმატის ცვლილებს შვედეთის პარლამენტის წინ აპროტესტებს და მოითხოვს ღონისძიებების დაუყონებლივ დაწყებას.

5 – სადაც მე ჩემს უბედურებას ვმალავ.

 

1 2 3 4 5