/გაგრძელება/

გალოთებულმა ჯადოქარმა წითელის და თეთრის შერევით ლილისფერი ხსნარი მიიღო. ლილისფერმა წითელი და თეთრი შეწყვიტა. შეწყვეტა. ჩემში არც წითელია, აღარც თეთრი და მაინც მახსოვს სიტყვები, შეგრძნებები, სუნი, ფერები, რომელიღაც ცოდნიდან ჩარჩენილი, გალილისფრებულ ტვინში ჩალექილი ინფორმაცია ჯერ კიდევ ცოცხლობს, თავს არ მანებებს. რატომ მახსოვს, რატომ ვერ ვკვდები? არ ვიცი. თუმცა,- ვიცი. ახალი მოცემულობაა- წითელის და თეთრის შეწყვეტით, მე ცოცხალი ვარ ლილისფერში. სახეცვლილება შეწყვეტაა? სტუდენტმა გოგომ; – სიკვდილობა როდის დაფიქსირდაო? მაიზერ საბომ: – ახლახანსო. სულელები. მიიჩნევენ, რომ სიტყვაა „ სიკვდილობა “ ყველაზე ზუსტად ასახავს სიტყვა „ შეწყვეტას “. „ ახლახანს “ რას ნიშნავს? უცნაური სიტყვაა – განზოგადებული, მაგრამ კონკრეტულიც, მოჭრილად სათქმელი, „ თავი დამანებეს “ ჰგავს. მათი ჭკუით ნუციკოს თვალებში დაბრუნებას თურმე ახლახანს ვითხოვდი. სულელები, სულელები, თეთრ-წითელში ჩარჩენილები. წარმოდგენა არ აქვთ, რა სიშორიდან მოვხავი, ვითხოვ – ნუციკოს თვალებში დამაბრუნეთ-მეთქი! ნუციკო. ნინო. სადღაც აქ არიან. შორიახლოს. არიან. იქ ერთ კედელზე სასაცილო სპილოა მიხატული, მეორეზე – სასაცილო ჟირაფი. მახსოვს. ახალი წლის საღამო. მახსოვს. ნინო სუფრას აწყობს. სავარძელში ვზივარ, ნინოს ვუცქერ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რაღაც მაინც არ მასვენებს. შინიდან გასასვლელად ვიკრიფები, ნინო მომძახის: – სად მიდიხარ? – გავისეირნებ, მალე მოვალ, – ვპასუხობ, კარს ვიხურავ, კიბეზე ვეშვები და არ ვიცი, სინამდვილეში რა მინდა. ქუჩაში რომ გამოვედი, მერე მივხვდი. კი არ ვსეირნობ, სათამაშოების მაღაზიისკენ მივიჩქარი. შუახნის ქალი მაღაზიის დაკეტვას აპირებდა, ბეწვზე მივუსწარი. მახსოვს. – სულ ერთი წუთით, ბავშვისთვის სათამაშო მინდა, – ვეხვეწები; – სხვათა შორის, შვილები მეც მყავს; იცი, როგორ მელიან?!- მეუბნება ქალი. – სულ ერთი წუთით, – ქალს ყელს ვუწვდენ, – ოოო, – ამბობს ქალი, თან გზას მითმობს. დახლზე სათამაშოები. სპილო და ჟირაფი გვერდიგვერდ. ცალცალკე რომ დაედოთ, ყურადღება იქნებ არ მიმექცია. თვალში მეფეთნენ, ერთმანეთს უხდებოდნენ. ორივე ვიყიდე, ქალს მადლობა გადავუხადე, მაღაზიიდან გამოვაბიჯე; სასაცილო სპილო და სასაცილო ჟირაფი მომაქვს და ვიღიმი, ფილტვები ბედნიერების ჯანსაღი ჭირხლით  მევსება და ვიღიმი, კიბეზე ავდივარ და ისევ ვიღიმი. ნინო მეუბნება: – შენ ნორმალური ხარ? ბავშვს დათუნია ხომ ვუყიდეთ? ხვალ-ზეგ შიმშილით დავიხოცებით; ფულის ყადრი არ იცი, რა მიეცი? – კაპიკები, – რეზინისაა, იაფფასიანი, შეხედე, რა სასაცილოები არიან; გაიღიმე, გოგო, – ვეუბნები, შუბლშეკრულ ქალს გაღიმებას რომ შესთხოვ, აუცილებლად უფრო გაწყრება.ნინო ქალურ ბუნებას მიჰყვა, მზერით გამიწყრა, სამზარეულოში გამერიდა. ნინო. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ნინოს ჩემი არ ესმის. მაშინაც ასე მომეჩვენა. მახსოვს . სათამაშოები საწოლ ოთახში გავიყოლე, ბავშვს დავაცქერდი. მახსოვს. ოთახში ნინო შემოვიდა. მე და ნინო ნუციკოსკენ ვიხრებით, ნუციკოს ცისფერი თვალები სპილოს და ჟირაფს უცინიან და როცა ნუციკო იცინის, ჩვენც ვიცინით, ნინოს ვეუბნები: – ჩვენს შვილთაშვილსაც ნუციკო ერქმევა, მე და შენ მის თვალებში ვიცხოვრებთ. ნინო თამაშში არ ამყვა, არ მითხრა: – რა სულელი ხარ, რას არ მოიგონებო. გული დამწყდა, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. მახსოვს. ოთახიდან გამოვედი, მაგიდას მარტო მივუჯექი, ღვინო დავისხი, შევსვი, საათისკენ გავიხედე, „ რა მოსაწყენი ახალი  წელია “ – ვიფიქრე და ჭიქა ღვინით ისევ შევავსე. დედა თავს შეუძლოდ გრძნობდა. მოგვიანებით შემოგვიერთდა, დაღლილი ჩანდა, ახალ წელს შეხვდა, დაგვლოცა, საწოლს მიაშურა. მარტო რომ დავრჩით, ნინომ მკითხა: – გამოტყდი, გულწრფელად აღიარე, სათამაშოებში რა მიეცი, შე ჯიბეგახვრეტილო? – მიღიმოდა. – რა მნიშვნელობა აქვს, – შევღიმე ნინოს, – გამოუსწორებელი ქარიხვეტია ხარ, – ამოიხვნეშა ნინომ, – ნუ გეშინია, შიმშილით არ დავიხოცებით,- ვუთხარი მე და ისევ გავუღიმეთ ერთმანეთს. მახსოვს. სასაცილო სპილო და სასაცილო ჟირაფი – რეზინის არცთუ იაფფასიანი სათამაშოები. მახსოვს. რეზინი, რეზინი, რეზინი, „ რეზინკა “ .

„ რეზინკით “ ქალი და მამაკაცი თავს იცავენ, მახსოვს, მაგრამ იმ მოლილისფრო ქალებს ვერ ვიხსენებ, ვისთანაც „ რეზინკით “ მიმრუშია. არც ისე ბევრნი იყვნენ, მაგრამ იყვნენ და არ ვიცი, რატომ იყვნენ. მამაკაცობას ყმაწვილკაცობის ხარკს ვუხდიდით? ალბათ. მე, სუქო და წრიპა ამას მაშინ „ განიავებას “ ვეძახდით. არ „გავნიავდეთ“ , ბიჭო?! – და ხი ხი ხი და ხა ხა ხა! – პირველყოფილი მამრების ნადირობისწინა რიტუალი, დამშეული ინსტიქტისთვის მიწვდილი ლუკმა, ლურთხი ლაშებზე, თქვლეფის ხმა, მოლილისფრო ქალისგან ნათამაშევი ორგაზმი,

„რეზინკაში“ გათავებისთანავე შენი შეწყვეტა და ნადირის შუშისთვალება ფიტულივით ცარიელი ხარ. რაც ხი ხი ხი-თ და ხა ხა ხა-თი იწყება საკუთარ თავზე ნადირობას ჰგავს. ამის შემდეგ თითქოს გარედან ხედავ დანესტიანებული ნახერხით დაპრესილ შენს ფიტულს, შუშის თვალებით იცქირები, შენ-არა, შუშის თვალები ირეკლავენ ქუჩას, სახლებს, ხეებს, მანქანებს, შენს ფიტულთან შეყოვნებულ ცნობისმოყვარე ადამიანებს. – შეხედე, შვილო, რამხელა მურა დათვია, კაცივით ორ ფეხზე დგას, ბრჭყალებს შეხედე, ღოჯებს, თვალებს, რა საშინელია, არა?! საშინელი ვარ, საზარელი. ლილისფერიდან ჩემს თავზე ნადირობის ის დღე  მოიწევს, მე, სუქო და წრიპა რომ გავილეშეთ. ვიღაცამ ახსენა – „განიავება“ . ვინ ახსენა? რა მნიშვნელობა აქვს, – იქნებ სუქომ, იქნებ წრიპამ,ან იქნებ მე ვახსენე ეს სიტყვაა რადგან „არ გავნივდეთ?“ დილიდან ამყვა, ავიყოლე, თითქოს ჰაერში ეკიდა, თავზე მადგა და დამყვებოდა. აივანზე გავედი – იქაც გამომყვა. ყმაწვილკაცობიდან ნაცნობი ფრაზა იმდენად განივთებული იყო, შიგადაშიგ მეღიმებოდა, მახსენდებოდა სუქო და წრიპა, მომეჩვენა, რომ ვბერდები, რაღაც მაკლია და სახელს ვერ ვარქმევ იმ „რაღაცას“. ნინოს ყავის მოდუღება ვთხოვე, ეზოს ჩავაცქერდი. ჩალხიას მაგიდაზე დომინოს ქვები და საანგარიშო ჩოთქი შემოედო, მეწყვილეს ელოდა. შორს, ველზე, მახლოელი სოფლიდან გადმორეკილი საქონელი ბალახობდა. მახსოვს. სადარბაზოდან ტრომბონისტი დაზმირა გამოვიდა, თვალი გავაყოლე. სამზარეულოსკენ გავიხედე. გაზქურასთან ნინო და ნუციკო იდგნენ. სამზარეულოში გამოვაბიჯე, დავიხარე, ნუციკოს თავზე ვაკოცე, ნინოს ყავის ფინჯანი ჩამოვართვი, ჩემს ოთახს მივაშურე. არეულ-დარეული ერთი ბეწო კუთხე ბინაში. ფურცლები მაგიდაზე, ფურცლები იატაკზე, ფურცლები ტახტზე. მახსოვს. ნინო მამუნათებდა ხოლმე – მივალაგებ, სირცხვილია, – ვისთანაა სირცხვილი? – ვპასუხობდი- შენ თვითონ არ გაწუხებს? მეკითხებოდა – არა, პირიქით, – ვპასუხობდი. მერე შეეგუა,რომ ბინის იმ ერთი ბეწო  სივრცეში მისი ძალაუფლება არ ვრცელდება. მაშინ რაზე ვმუშაობდი? არ მახსოვს. რაღაცაზე ვმუშაობდი. მე სულ ვმუშაობდი რაღაცაზე – ორ მოცემულობაში ვარსებობდი – მუშაობა ან ლოთობა, მაშინ კი, ალბათ, ვმუშაობდი, რადგან წინა დღის ნაწერს თვალი ჩავკარი. არ მომეწონა. მახსოვს. არ მომეწონა, ან იქნებ გული ვერ დავუდე, „გავნიავდეთ?“ მაგიდასთანაც თავზე მადგა. ყავას ვსვამდი, სიგარეტს ვეწეოდი და იდიოტივით ვიღიმოდი. სუქომ დარეკა, – რას აკეთებ? – მკითხა, – ვმუშაობ, – მივუგე. მაყუთი გავჭერი, პახმელიაზე ვარ და ბევრი ფული მაწუხებს, რას მირჩევ?! წრიპას დაურეკე, მე ვმუშაობ, – ვუთხარი და დამენანა, ეს რომ ვუთხარი, არ მემუშავებოდა, მერე ვკითხე: – არ გეჩვენება,რომ ვბერდებით?-კი, – თქვა სუქომ და უეცრად მოაყოლა:-რა, გავნიავდეთ?-და ეს რომ თქვა, გამოტანჯულად გაიცინა. სუქოს ზარი ნიშანივით იყო. – სად იქნებით? მოვალ, – ვუთხარი სუქოს. „განიავება“ პირველად სუქომ ახსენა. მახსოვს. მაგრამ ისიც მახსოვს, „განიავება“ დილიდანვე რომ ავიყოლიე და იქნებ მერე, ჩვენი გალეშვის დასკვნით ეტაპზე, სუქოს და წრიპას „განიავება“  მე შევთავაზე. მოწყურებულად ვსვამდით. მახსოვს.ერთმანეთი არ გვეთმობოდა. მახსოვს. სხვაგან გადავინაცვლეთ, იქ გავაგრძელეთ. მახსოვს. ვიღაცამ „განიავებაო“, და ხი ხი ხი და ხა ხა ხა, – დიდხანს ვიცინეთ და მერე აბანოში აღმოვჩნდით.

 

 

1 2 3