ყავლგასულმა ნაბოზარმა მოლილისფრო ქალები გამოგვიფინა. მახსოვს. ახალგაზრდები იყვნენ, დაყენებულად მორცხვი, თანაც მრავლისაღმქმელი მზერით გვთავაზობდნენ თავს. მახსოვს. აბანოში გამოჭენებული ქალისკენ თითის გაშვერას ნადირობასთან საერთო არაფერი აქვს. თითქოს ტირში ხარ, რკინის მოძრავ თუ უძრავ ფიგურებს თოფს უმიზნებ და ვითომ ნადირობ, პირველყოფილ ინსტინქტს იოკებ, თან ზუსტად იცი, რკინის ფიგურას ტყვია არ ეტკინება; ყავლგასული ნაბოზარის რჩევას მიჰყვნენ – მორცხვად გაუღიმეთ, მორცხვად, მათ ეს მოსწონთ, მრავლისაღმქმელად მიაცქერდი, მრავლისაღმქმნელად, მათ ესეც მოსწონთ. ვინ მოვიწონე? აღარ მახსოვს. ყველა ერთ სახეზე მოლილისფრებულიყო, თითი გავიშვირე, ვიღაც გამომყვა. ნომერში გაშიშვლდა, ზეწარი შემოიხვია, „რეზინკა“ მოიმარჯვა, მომაცქერდა. ვერაფერი მომიხერხდებოდა, ვიცოდი. ლუდის ტოლჩით ყავა მოვითხოვე. მომიტანა. სანამ ყავას ვსვამდი, მოლილისფრო ქალი ჩემს გვერდით იჯდა დაყველაფერს გამგები მზერით მამხნევებდა. მერე როგორღაც მომიხერხდა და დანესტიანებული ნახერხით დაპრესილ ფიტულში ჩემი თვალების გაშუშება დაიწყო. კარი ნინომ გამიღო, მომაცქერდა, – რა დაგემართა? – მკითხა. – ბიჭებთან დავთვერი,- ვუპასუხე, შინ შევაბიჯე. – მთვრალს არ გავხარ,- მითხრა ნინომ,- რაღაცნაირი თვალები გაქვს. გულმა გამკენწლა, მომეჩვენა, რომ აბანოდან გაშუშებულ თვალებთან ერთად მოლილისფრო სუნი და ფერი გამოვიყოლე, ცოლს გავერიდე,- ჩემს ოთახში დავიძინებ, – ვუთხარი. თვალი გამომაყოლა, ნინოს მზერამ ზურგი ამიწვა. ამით მორჩა? არა, არ მორჩა. სიმძის ტარება გულთან. გულში. ამის მერე ნინოსთან. მძიმეა. ხმაში რაღაც ისეთი გერვეა, თავად რომ გაწუხებს. – მოლილისფრო, მოპირფერო, არაბუნებრივი. ნინოს დაკვირვებული მზერაჩემკენ. მახსოვს. გრძნობდა? არ ვიცი. გულზე ჩამოკიდებული სიმძიმე მაწუხებდა. მახსოვს. არ მემუშავებოდა. მახსოვს. მერე თავდაცვის ინსტიქტმა ჩამძახა: – დიდი ამბავი, დიდი ამბავი, ტირში ვის არ უნადირია, დრო გავა, მიივიწყებ“, – ვცდილობდი, ამაზე არ მეფიქრა და როცა ეს მართლა მომიხერხდა, მაშინ შევშფოთდი, იქ ვიფიქრე, – თვალები მართლაც გამშუშებია – მეთქი. მახსოვს. თავის გაადამიანურება გადავწყვიტე, მამაჩემის საფლავზე წავედი. იქაურობა მივალაგე, სანთელი დავანთე, სკამზე ჩამოვჯექი. ველოდები გაადამიანურებას. ღრუბელი შევნიშნე. ვუცქერ ღრუბელს, ჩემს გაადამიანურებას ველოდები და არ ვიცი, ღრუბელს მივმართავ თუ გარდაცვლილ მამას: მამა, მამა, მამა, მამავ, მომხედე, მხედავ?!“ პასუხი არ ყოფილა, ძველი სასაფლაოს სიჩუმე იყო, შაშვმა სტვენა გააბა,მერე მიჩუმდა; გულმა ეკლესიის გრილი წიაღისკენ გამიწია. წავედი. მახსოვს. ღვთისმშობლის ხატთან ანთებული სანთლით ვიდექი და ჩემს გაადამიანურებას ველოდი. მახსოვს. ხატი მიცქერდა, მე თვალს ვარიდებდი და მინდოდა, ჩემი სიმძიმე უთქმელად, გაუმხელელად გადამებარებინა ვიღაცისთვის. რაღა ვიღაცისთვის? ხატთან ვიდექი – ესე იგი, გაადამიანურებას მისგან ველოდი. ამან უფრო შემაწუხა, საკუთარმა ფიქრმა დამამცრო, დავპატარავდი და ჩემი მღილობიდან, ჩემი ერთი ბეწოობიდან გუმბათის მაღალ ყელს მიცქერილმა ისევ მივმართე: მამა, მამა,მამა, მამავ, მომხედე, მხედავ ასე პატარას?“ მოლილისფრო ჩვენი პატარა თუ დიდი ცოდვები გუმბათის ყელთან ქუჩდებიან, მერე ქრებიან. მოლილისფრო გვალილისფრებს? იქნებ. არ ვიცი. ეს არ მახსოვს. გაშუშისთვალებიდან გაადამიანურებაში გამოვაღწიე? არც ეს მახსოვს, მაგრამ საიდანღაც მახსოვს ახალშეღერილი, წითური ყმაწვილი, უფროსი ძმის ქორწილში ნეფე-პატარძლისთვის ფეხქვეშ გასაგები პალმის რტო რომ ეჭირა და სწორედ იმ ღამით ცხელწადილში დაღვრილი თესლით რძალი დაესიზმრა, რამაც ჯერარგანცდილი ნეტარება მოჰგვარა, შემდეგ კი ჭიპთან ახლოს ბლანტ, ამაზრზენ სიცივედ შეეწეპა და თავისი სულისა და სხეულის სიბინძურით შეძრულს თვალები დააჭყეტინა. მუსკატის კაკლის, დარიჩინისა და თხის ქონის სუნი ერთმანეთში გადაზელილიყო, ჰაერს ამძიმებდა. ჩამოფარებული ფარდაგის მიღმა მშობლები იწვნენ. ჩია ტანის მამას ძილში კილების ღრჭიალი სჩვეოდა, ხორცსავსე დედას – ხვრინვა, მაგრამ ახლა მათი ხმა არ ისმოდა, მშვიდად ეძინათ. ფარდაგს დამფრთხალი მზერა ჰკიდა, თითქოს შეეჭვებულა, სიზმარში ვინმემ ხომ არ შემომისწრო. რჯულის კაცები რჯულისმიერ ყმაწვილად იცნობდნენ, მორიდებით მდგარი ხშირად ისმენდა მათ საუბარს ავსა და კარგზე, სიზმრად განცდილმა ნეტარებამ კი სირცხვილის უცაბედი მეხი დასცა, შეაზანზარა. შესველებული პერანგი ზიზღიანი გამომეტყველებით, ცერა და საჩვენებელი თითებით მუცელს აარიდა. „როგორ ალურთხულა წყეული“, – იფიქრა წითურმა, წამოდგა, წყლიან ქოთანს მისწვდა, შინიდან ფეხაკრეფით გამოილანდა, გორაკზე ტერასებად ნაშენებ სახლებს გადახედა. მწერების  ხმაში ეძინა დაბას. მოშარდა, პერანგსა და სხეულს თესლი კი არ ჩამობანა, ჩამოახეხა, გაცხარებული ირჯებოდა, თითქოსდა საკუთარი ტყავის გამოცვლას ეშურებაო. ქვაზე ჩამოჯდა, მეორე ქვაზე ფეხები შემოდო, მუხლი მოიკეცა, ვარსკვლავებს მიაცქერდა. ასეთი რამ პირველად დაემართა, უნდა გარკვეულიყო, რა გადახდა,წინ რა ელის? წითურის რამდენიმე თანატოლს განმარტოებით მცხოვრებ ნოფათთან უკვე მოესწრო, ჩაეტარებინა სამეძაო მსხვერპლშეწირვა. ნოფათი რომელიღაც გასიებულ, გულგრილ ღვთაებას ჰგავდა, ბევრს არ ითხოვდა, მთავარია, ხელცარიელი არ მისულიყავი, თუნდ ერთი წველა ყველი მიგეტანა, პატივი მიგეგო და ამით ნოფათის გულგრილ სიბინძურეში შეღწევის უფლება მოგეპოვებინა. არ უნდოდა ნოფათზე ფიქრი, მაგრამ ძალაუნებურად ეფიქრებოდა მეძავზე, მის უბადრუკ, ყველაზე უხიაგ ალაგას ნაგებ საცხოვრისზე, განმარტოებულ სამყაროზე, რომელიც ცხადად არსეობდა და რადგან სულდგმულობდა, ესე იგი, ვიღაცას სჭირდებოდა კიდეც-დასაბამიდან უასაკობის გახრწნილებით დაღდასმული და მარადიული, სხეულზე მეტად, დასაბამიდან ბინძური თავისი გულგრილობით. ღია კარში ნოფათს ძველისძველი, ერთ დროს, ალბათ, მჭახედ წითელ-ყვითელი, ამჟამად ფერგახუნებული ფარდაგი ჩამოეფარებინა, ნოფათის ვიწრო, სულშეგუბული საცხოვრისი კი ნოფათის ძუძუებდაყრილ, უშველებელ სხეულთან ერთად ნოფათის მორიგ მუშტარსაც იტევდა და ნოფთი მცირედსაც სჯერდებოდა; მთავარია, ხელცარიელი არ მისულიყავი, სამეძაო მსხვერპლშეწირვა ჯეროვანი პატივით ჩაგეტარებინა, სულ ეს იყო. წითურმა თავი გადააქნია, ნოფათზე ფიქრი აიკრძალა, მაგრამ, რატომღაც, მისი ფიქრი შავგვრემან, ჭკუასუსტ თოხანს გადასწვდა. დაბის მცხოვრებნი თოხანს იტანდნენ, საქმეშიც იხმარდნენ ხოლმე, მაგრამ ბავშვებს არიდებდნენ. – თოხან, თოხან, ვირის საშო სჯობს თუ თხისა? – ეღლიცინებოდნენ ყმაწვილები; თოხანი ჩაყვითლებულ, დაჭიანებულ კბილებს გადმოჰყრიდა და იმავე ღლიცინით მიუგებდა: – ჯერ გასინჯეთ, მერე ვილაპარაკოთ. იქნებ ვინმე დაჰყვა კიდეც თოხანის რჩევას, წითურმა ეს არ იცოდა, მაგრამ ის კი უწყოდა, მისი კბილა ვაჟები რა თავდადებით ხელცქვიტობდნენ. ესაზიზღრებოდა მათი დაუფარავი, ურცხვად გამხელილი სიბილწე, სახეალეწილი მათი საუბრები, თუ ხელი ვინ რამდენგზის დააქნია. წითურისთვის ისინი უცხონი, მოსარიდებელნი იყვნენ, მათთვის წითური იყო უცხო. მარტოსულობას გრძნობდა და კიდეც უფრთხილდებოდა; – თორემ, სურვილის შემთხვევაში, ალბათ, მოიძიებდა, თავისნაირს, მაგრამ-არა, ერთთავად თავდახრილი დადიოდა, გეგონება, თვალებს მალავს, რადგან მისი თვალები გაამჟღავნებენ, ვისზე რას ფიქრობსო; უსალმობას ვერ დაიბრალებდი, სალამს იტყოდა,თუმცა – ნაუცბათევს, სათქმელად სათქმელს, იქვე გასაცლელს. უფროსმა ძმამ რამდენჯერმე წამოსძახა, – რა უცხვირპირო ხარ, წადი, ტოლსწორებში გაერიეო, – მერე იმანაც ხელი ჩაიქნია წითურზე. თავისი უცხვირპირობა, მოუქნელობა, სხვებთან შეუთავსებლობა თავადვე აწუხებდა, კითხვებს უჩენდა და რჯულის კაცებისკენ გული იმიტომაც მიუწევდა, კითხვებზე პასუხს რომ ეძებდა. ფორიაქი ბოლო ხანს განსაკუთრებით მოსძალებოდა, თავში ბილწი, უკადრისი სურვილები მოუძვრებოდნენ, ამან მზერა უფრო დაუდაბლა, უფრო პირქუში, გულჩათხრობილი გახადა, იფიქრა კიდეც, უფროს ძმას გავენდობიო, მაგრამ სირცხვილის გრძნობამ ეს ნაბიჯი არ გადაადგმევინა.გადაწყვიტა, საიდანღაც სახიფათოდ დაძრულ ფორიაქს თავად გამკლავებოდა, სიბილწეს სიმტკიცეს კედლით გარიდებოდა. ამის შემდეგ მისი ცხოვრება მძიმე ქვების თრევას დაემსგავსა, მისი ყოველდღიურობა – სიმტკიცის თუ უბიწობის კედელთან ფუსფუსს, ამღამემ კი რუდუნებით ნაგები კედელი უპირობოდ და ერთბაშად ჩამოუქცია, სიზმრის მომნუსხველ ლაბირინთში წითური თავის რძალს – ლაჰიმას დაეუფლა. ლაჰიმაზე ვერც ლამაზს იტყოდი, ვერც – მახინჯს. პირისკანი – თეთრი, თმა – წაბლისფერი, გატალღული, ცხვირი – თხელი, წაწვრილებული; საშუალოზე დაბალი იყო, მაგრამ არც ისე დაბალი, სიმაღლით დაგეწუნებინა. ქალიშვილისთვის ძვალმსხვილი ეთქმოდა. ლაჰიმას სიმსუქნესაც ვერ დააბრალებდი, თუმცა, ემჩნეოდა, რომ სიმსუქნისკენაა მიდრეკილი და პირველი ფეხმძიმობისთანავე გასუქდება. ფართო თვალებში ჩამსხდარი თაფლისფერი გუგები  როცა ოცნებას ასხივებდნენ, გეჩვენებოდა, რომ ლამაზი თვალები აქვს, მაგრამ, ლაჰიმა რაღაცაზე რომ ჩაფიქრდებოდა, გუგებში თვალუტეხი გაშტერება ჩაუცივდებოდა ხოლმე, რაც გაფიქრებინებდა, ქალიშვილი უცილობლად სულელურ დასკვნამდე მივაო და მაშინ აღარ გვეჩვენებოდა, რომ ლაჰიმას ლამაზი თვალები აქვს. რჯულის კაცთაგანერთ-ერთის, ტყლიპიანი ელიშგუდის მესამე შვილი იყო. უმცროსი ძმა ჰყავდა – ნათამი, უფროსი და-ძმა, – გათხოვილი – ნეშამე და დაცოლშვილებული – ხაშონი. მოწითალო ტყლიპი ელიშვუდს შუბლს მარცხენა მხარეს შედღაბვნოდა, ჭაღარაშერთული წვერი მკერდამდე სცემდა, რჩეულთაგან ყველაზე უმცროსი იყო,მაგრამ ამასთან – ყველაზე სიტყვაძუნწი, რაც მისგან გამოთქმულ აზრს წონასც სძენდა, სიბასრესაც. ელიშგუდთან დამოყვრება წითურის ოჯახმა პატივად მიიღო, ქორწილი შედგა, ნეფე-პატარძალს ფეხქვეშ პალმის რტოები გაუფინეს; წითურიც ასე მოიქცა, ღამით კი აქამდე უბიწოდ შენახული თავი სწორედ იმასთან წაიბილწა, ვისზე ფიქრის უფლებაც არ ჰქონდა და რაც ყველაზე უცნაურია – ვისკენაც გული არასდროს უწევდა, ვისზეც არასდროს მოსვლია ნდომა-წადილი თუ ხურუში. ყმაწვილი ვარსკვლავებს მისჩერებოდა, მაგრამ მათ ციალს ვერ ამჩნევდა. წინააღმდეგობრივ ფიქრებში ჩაძირულიყო; რაც თავზარს სცემდა, ამავდროულად აბედნიერებდა – სიცოცხლით ტკბობის დამბანგველი იმედით იტყუებდა, რომ სიზმარი ისევ გამეორდება, ასოზე გადაკრულ კანს თავისთავად, ხელის შეხების გარეშე აუმოძრავებს, თესლს დააღვრევინებს და თესლის ნთხევაში თბილი, მწიფე ჟრუანტელებით ფერდებს აუვსებს, თუნდაც სიზმრად გააბედინეს, რასაც აქამდე ვერ ბედავდა, რასაც უფრთხოდა; და თუნდაც სიზმრად აგრძნობინებს, რომ თავისუფალია, ცოცხალია, რომ სხეულის ნებას და ძახილს მიყოლილი ნეტარ ვნებას ფიქრით არ ბორკავს; და თუნდაც სიზმრად გაამაყდება, ეს რომ შეუძლია და თავისი წილი ბედნიერების პატრონი თავად რომ არის; მაგრამ ახლა ისიც იცოდა, სიზმრად განცდილ მძაფრ, რეტისმომგვრელ ჟრჟოლვას სხეულის დაბინძურება რომ მოჰყვება და რაც მთავარია, ისევ და ისევ აფიქრებდა სიზმრის შინაარსი, ის ფარული, ჯერ არგაცხადებული, სადღაც ჩასაფრებული ხიფათი, რასაც ტანით, ტვინით, გუმანით გრძნოდა. ესიზმრა: საჩეხიდან თხები გამორეკა. ვიწრო, მტვრიან ქუჩას დაუყვა, უჩვეულო შეგრძება აქვს, თითქოს გაორებულაო, აქეთაცაა და იქითაც, თავის თავს გარედან ხედავს – ეს უკვირს, მაგრამ სურათი ისე ცხადია და ხელშესახები, რომ პირისკანზე მოდებული წითური ღინღლის თითო ღერს ამჩნევს. მიჰყვება თავის თავს, თხებს თავდაღმართზე მიერეკება, ხედავს თოხანს, რომელიც მის თხებს თვალს აყოლებს. „მყრალი მზერა აქვს“,-ფიქრობს, „ბინძური, ეს ბინძური“,-ფიქრობს. თხებს შეუძახა:-ჰოლაა, ჰოლაა! – მერე ფიქრობს – „სინამდვილეში ვინ ვარ? ის, რომელიც თხებს ველისკენ ,მიერეკება, თუ ის, ვინც გარედან აკვირდება?“ ეს არ იცის, დიდად არც ანაღვლებს, მომსუბუქებულია, ფიქრმა ჩაუნიავა და გაშორდა ფიქრი; თავდაღმართზე მიდის, წინ – თხები, თხების უკან – თვითონ, თავისი თავის მაღმაც – თვითონ.

 

 

1 2 3