რჯულის კაცებს ხედავს, ხუთნი არიან, რაღაცაზე ბჭობენ. „კრძალვით მიესალმე“, – კარნახობს თავს. ესალმება. უფრო სწორედ, ესალმებიან, – ისიც და ესეც – გარედან მაცქერალი. ელიშგუდის მზერა მისკენ – ჩვეულებრივზე მეტად შეყოვნებული, ჩვეულებრივად კეთილმოსურნე. „კარგია, ელიშგუდს რომ დავუმოყვრდით“, – ფიქრობს და უეცრად წყაროსთანაა. არ აფიქრებს, ასე უცებ როგორ აღმოჩნდა წყაროსთან. ხარის ტყავისგან შეკერილ მათარას წყლით ავსებს, პირ-კეფას იგრილებს, ხედავს – წყაროსაკენ ნოფათი მოიზვინება, თუნგი მოაქვსდა ნოფათის ხელში მოქცეულ ჩვეულებრივ თუნგსაც კი ნოფათის სიძვის ნაწილად აღიქვამს. „გაეცალე, გაეცალე“, – თავს კარნახობს, წელში იმართება და მიდის, – მიდიან, თხებს ერთდროულად შეუძახეს ;-ჰოლაა, ჰოლაა! და მიდიან, გაივაკეს, წინ თხები, თხების უკან – თვითონ, თავისი თავის მიღმაც – თვითონ, მიდიან ველზე, შორს სამი პალმა, მწველი მზე აჭერს, მიდის და ფიქრობს:- „როგორ მოხდა, რომ ერთი ორად გაიყო? ანდა, როგორ ხერხდება, რომ ორი იყოს და იყოს ერთიც? სიზმარში ვარ?“ – ფიქრობს და არ იცის, – განცალკეებული მთლიანობაა, თუ მთლიანობაში განცალკვება, სიზმრად არსებოს ასე ნამდვილი და ცოცხალი, თუ ნამდვილ ყოფაში მობუნდოვანდა და გაორდა ერთარსი-თვითონ. მცხუნვარე მზე, ველი, თხები, შორს აზიდული სამი პალმა – ხომ არაერთგზის უნახავს ეს სურათი, აქაურობას კარგად იცნობს და მაინც, – უამრავჯერ თვალშევლებულიც სხვანაირია, გაორების მსუბუქი ლიბრი ახლავს; თუმცა, ეს დიდად არ ანაღვლებს, თავს მიჰყვება, ველზე მიდის, მოყვითალო – მონაცრისფრო ბუჩქთან ჩერდება – ჩერდებიან, მიწაზე ფეხმორთხმით სხდებიან, ბუჩქის თხელ ჩრდილში რწყულდებიან, დროდადრო თხების პეტენი ესმით და ერთად ფიქრობენ, ეფიქრებათ:- „ახლა რაღაც მოხდება, ახლა აუცილებლად მოხდება რაღაც“. არაფერი ხდებ, ყოვლისმომცელმა სიმშვიდემ ქოთანი პირთამდე რძისფერი გარინდებით აავსო, გარინდება ერთ ჩამოწველას ელის, ქოთნიდან რომ გადმოიღვაროს, მაგრამ არაფერი ხდება, გარინდებაში წამი ქოთნის პირს დაეკიდა, დრო გაყუჩდა; თავს უჩვეულოდ გრძნობს, არა – გრძნობენ, ესეც და ისიც, – ორად გაყოფილი ერთრსი მიწას აცქერდება, – აცქერდებიან; მიწიდან თეთრი, მსუქანი, მოუქნელი მატლი ამომძვრალა, – მატლი გაუგებრობაშია, ბალახებს შორის მოხვედრილი ზანტად, თუმცა ჯიუტიდან ილტვის მიწისკენ. „ მრუმე ღამის თეთრი მატლია“, – ფიქრობს, მატლს თვალს აშორებს, – აშორებენ, პალმებისკენ იცქირებიან – სილუეტი. ლაჰიმას პალმის რტო მოჰქონდა. წველაში გაწაფულმა თითებმა ჯიქანს რძე გამოსტაცა, პირთამდე სავსე გარინდება გადმოიღვარა, გაონჩებული, დრო აჩქარდა, ლაჰიმა წითურ ყმაწვილთანაა უკვე, მაღლიდან დასცქერის,პალმის ფოთოლს ლოყაზე ულამუნებს, უღიმის. გარედან მცქერალი ლაჰიმას ქვედა ბაგესთან მუწუკს ამჩნევს დარადგან ლაჰიმა უღიმის და ეთამაშება, თავადაც შეთამაშებულად, ღიმილით მიმართავს რძალს: – ბაგესთან ბროწეულის კვირტივით ამოგზრდია მუწუკი, თუ გინდა გამოგირწყავ! – არაფერიც, არაფერიც, მუწუკს ჩემი ქმარი გამომირწყავს, – ამბობს ლაჰიმა და უღიმის, პალმის რტო ხელიდან ხელში გადააქვს, პალმის ფოთოლს ჯერ ცხვირზე, შემდეგ – ლოყაზე ულამუნებს და მომლოდინე მზერით უცქერს, აღარ იღიმის. ორად გაყოფილი ერთარსი ერთდროულად ფიქრობს: – „ლაჰიმა მაცდურია, მეთამაშება, მზერით მიწვევს, მაგრამ არ შეიძლება, არ შეიძლება, რჯული გვიკრძალავს“, – ამას კი ფიქრობს, ამას – ფიქრობენ, თუმცა ერთარსად ქცევას ისე ელტვიან, როგორც სამზეოზე მოხვედრილი მრუმე ღამის თეთრი მატლი ელტვოდა მიწას, ერთარსად ქცევა უნდათ, რათა ქალთან ერთი დარჩეს და მხოლოდ ერთმა იგრძნოს ლაჰიმასთან განმარტოების რეტისმომგვრელი ხიბლი და სილბო, ლაჰიმას იღლიაში ერთმა და მხოლოდ ერთმა შერგოს ცხვირი და ლაჰიმას სუნი ერთმა შეიცნოს იღლიიდან – ტკბილი და მლაშე, მლაშე და ტკბილი და მახრჩობელა,თან ტირილამდე სასურველი. ფეხსე დგებიან, ლაჰიმას ბელი ღიმილით უცქერენ,ამგვარივე ბეცი ღიმილით მთლიანდებიან და აღარ იცის, – ის ეუბნება თავის ორეულს, თუ ორეული მიმართავს მას:- არ შეიძლება, რჯული გვიკრძალავს! მაგრამ ახლა ცხადად, მკაფიოდ ერთარსია, ერთი მთლიანი ორგანიზმი, ამ ველზე, ბუჩქთან, მხოლოდ ის და ლაჰიმა არიან, ერთარსადგამთლიანების შემდეგ უფრო თამამიცაა და ძალამოცემულიც, უფრო მომთხოვნიცაა და მეტად მსურველიც, რომ ლაჰიმას მან და მხოლოდ მან გამოურწყა მუწუკი, ხმაჩახრინწული გაანჩხლებით მიმართავს რძალს:- მუწუკს გამოგირწყავს, სხვა – არაფერი! ლაჰიმა უცქერს, ლაჰიმამ პალმის რტოს ხელი გაუშვა,პალმის რტო ნელა, ძალიან ნელა, აუხსნელი, უცხო ფარფატით მიწაზე დაეშვა და ერთარსად ქცეული თავის ჟინიან გახელებაში ფიქრობს: „ მეტი ნიშანი რაღა გინდა?! პალმის რტოს ხელი გაუშვა,მიდი, მიდი!“ – ქალს მაჯაზე ეტანება, თავისკენ იზიდავს, მკერდში იკრავს, წელზე ეჭიდება, ლაჰიმას მკვრივი ხორციდან გრძნობს ლაჰიმას მოცახცახე, შემკრთალ ნეკნებს, ლაჰიმას ძუძუების მოჭედებას გრძნობს სხეულზე, ცალი ხელით მკერდს უჟღლიმავს,მეორე ხელით-გავას,ყურთან ლაჰიმას ჩურჩული ესმის: – არ შეიძლება, არ შეიძლება,რჯული გვიკრძალავს; ისიც ჩურჩულებს ლაჰიმას ყურთან: – მუწუკს გამოგირწყავ, სხვა – არაფერი; მხოლოდ გამოგირწყავ- სხვა არაფერი! – და ერთარსად ქცეული თვითონ, ლაჰიმასთან ერთარსად ქცევის მძაფრი სურვილით მედგარ მუშტივით იკუმშება და იკვრება, მედგრად მაგრდება, ლაჰიმასთან უნდა გამთლიანდეს, ლაჰიმას შეერწყას, შეენივთოს, ქალის სხეულში, ქალის არსში შეაღწიოს, იქ დაბინავდეს; ლაჰიმას სიშიშვლე ენატრება, ვნებაატანილს ეჩვენება, რომ ოდესღაც, სადღაც,რომელიღაც ცხოვრებაში, ლაჰიმას სიშიშვლეს ახლოდან იცნობდა და ენატრება, ძლიერ და ძლიერ ენატრება ლაჰიმას სიშიშვლე, რომელიც ოდესღაც, სადღაც, რომელიღაც ცხოვრებაში, მას და მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ქალს ტანზე კაბას ახევს, მიწაზეაწვენს, ლაჰიმას თეთრ ძუძუეზე დამსხდარ კერტებს აცხრება – ღრძილებითაც გრძნობს ვარდისფერი კერტების ნაზ ფერს და ნანატრ გემოს, ლაჰიმას იღლიას ეტანება, ტკბილსა და მლაშეს ენით ლოკავს, მუწუკი ახსენდება, ლაჰიმას ბაგეებს ეკონება, ქვედა ბაგეზე მსუბუქად კბენს, მუწუკის სიახლოვეს ტუჩებით გრძნობს, მუწუკს კბილს აბჯენს, ლაჰიმაში შედის, მუწუკის ჩირქი მწიფე, ტკბილი ბროწეულის გემოდ ედება სასაზე და გაათავა, ქრომოსომების მსუყე ნაკადით, ძლიერი, უხვი გამოტყორცნით გაიფანტა სველ კოსმოსში. კოსმოსი. სასურველ ქალთან შერწყმის ბოლო წამი იმ წამს ჰგავს, როცა ცა და მიწა გაიყო, როცა შეიქმნა დღე და ღამე და ღამის ცაზე ვარსკვლავები გამოიტყორცნენ. წითური ყმაწვილი ვარსკვლავებს უცქერდა. თავზარდამცემი აღმოჩენით მონუსხულს ჰგავდა. მნათობთა გუნდის შორეულ,იდუმალ ციალში ლაჰიმა არსად ჩანდა, მაგრამ წითურმა უკვე იცოდა, რომ ის ქალი უყვარს, ვისზე ფიქრის უფლებაც არ აქვს. თავი შეებრალა; მერე გაახსენდა, რომ რჯულის წესით,ძმის სახლთან სისხლიანი ზეწარს გამოფენდნენ და იფიქრა: – რა საზიზღრობაა, ან ვინ დააწესა?“- რჯულის კაცები გაახსენდა და იქვე იფიქრა: „რჯულის კაცები პირდაპირ რჯულის კაცებად დაიბადნენ? რჯულის კაცები არ სცოდავენ?“- მწარედ ჩაეღიმა იფიქრა -ცხოვრება გაბოროტებს, თვითონ ცხოვრება გაიძულებს გაპირუტყვებას და იქნებ ყველაზე მართალი თოხანიც იყოს, თესლს პირუტყვთან ღვრის; პირუტყვები ვართ – არავითარი განსხვავებაა“- მუხლისთავებს იდაყვებით დაეყრდნო, ხელისგულებში თავი ჩარგო, მიწას ჩააცქერდა, ერთხანს ასე იყო, შემდეგ იქით გაიხედა, სადაც ძმამ სახლი გაიჩინა. „სძინავთ, თუ ჯერ კიდევ იმას აკეთებენ?“ – იფიქრა წითურმა; გაახსენდა,უფროსი ძმა უცხვირპიროს რომ ეძახდადა ძმაზე გული მოუვიდა; ახლა დაბეჯითებით იცოდა, მთელ სამყაროში მხოლოდ ლაჰიმა უყვარს, სხვა-არავინ. მძიმედ წამოდგა, სახლისკენ მძიმედ გააბიჯა.კარის ზღურბლს რომ მიუახლოვდა, ოთახიდან სულშეგუბული ხმები შემოესმა. მიხვდა, მშობლები რითიც გართულიყვნენ. „პირუტყვები“, – იფიქრა, – „პირუტყვები“. ცივად გამოტრიალდა, ქვაზე ჩამოჯდა,ვარსკვლავებს მიაცქერდა. „რა მარტო ვარ, ან რატომ გავჩნდი?!“ -იფიქრა წითურმა, ქუთუთოები მოუწყლიანდა,თვალებზე მაჯა აიფარა, ხმა რომ არდასცდენოდა, პირი შეიკრა, ყელში გახირულმა ცრემლმა მხრები აუცახცახა და ჩუმად ატირდა.
ნაბიჯები.
ტრეპანაცია? ჯერ ცოცხალი ვარ!
ნაბიჯები.
ვინ?
