/გაგრძელება/

 

გაახსენდა, რომ სიზმრად თოხანმა მის თხებს თვალი გააყოლა. „აბა, იქ თუ დამიხვდება?“ – იფიქრა ონანმა, ფეხი შეანელა, მზერა გაიფაციცა, შეყოვნდა კიდეც, მაგრამ ყავარჯენზე დაყრდობილი მოხუცი ყუზიას გარდა არავინ დაუნახავს. სიზმრად რჯულის კაცებიც ნახა. ისინიც არ დაუხვდნენ იმ ადგილას, ჩვეულებისამებრ რომ ბჭობდნენ; ძაძით მოსილმა რახაბმა ჩაიარა, შემდეგ ამონმა -ნახირთან ერთად, მათ მეზობლად მცხოვრებ ზერახსაც მოჰკრა თვალი,  მაგრამ არც თოხანი, არც რჯულის კაცები არსად შეუნიშნავს. არადა, სიზმრად იყვნენ, წესითა და რიგით, ახლაც უნდა გამოჩენილიყვნენ, თუნდაც იმიტომ, რომ ონანს ასე ძლიერ, ასეთი სულსწრაფობით სჭირდებოდა მათი ხილვა, მაგრამ – არა, არ გამოჩენილან.

თავი მოტყუებულად, შეურაცხყოფილად მიიჩნია, ვიღაცას გულში შეუკურთხა, თუმცა თვითონაც არ იცოდა, თოხანს ემართლებოდა რამეს, რჯულის კაცებს, თუ სინამდვილეს, რომელიც სიზმრისგან განსხვავებით სხვა მოცემულობას სჩრიდა თვალში, – აქ სხვა გმირები არსებობდნენ – მოხუცი ყუზია, მეზობელი ზერახი, ძაძით მოსილი რახაბი, ნახირსმიყოლილი ამონი, იყვნენ სხვებიც, რასაც ეს დაბა და ეს დღე დროის ამ მონაკვეთში სთავაზობდა, მაგრამ სწორედ ისინი არ ჩანდნენ, ვინც ონანს ასე სულმოუთქმელად სჭირდებოდა, რათა ლაჰიმასთან შეხვედრა მოემწიფებინა, რათა სიზმრის ანარეკლიდან ხორცი შეესხა ლაჰიმასთვის. მიხვდა, რომ ცხადში სიზმრის ძიება სიგიჟესთან აახლოვებდა, და ისიც ზუსტად იცოდა – ცხადი სიზმარს რომ ვერ დაიმთხვევდა, თუმცა მაინც უწყრებოდა იმ „ვიღაცას“, სიზმარს რატომ მიცუდებო და ეს თავადვე ეუცნაურებოდა, არკი იცოდა, რომ უცნაური აუხსნელს არ ნიშნავს, არც ის უწყოდა, სიზმრიდან თავსდატეხილ სიყვარულს თავისი გზა და კვალი რომ აქვს, – სიგიჟესთან წილნაყარი ვიწრო ბილიკი – სადაც სიგიჟე და სიყვარული გვერდიგვერდ მიაბიჯებენ. წითური ონანიც ამ გზაზე შემდგარიყო.

იქნებ ნოფათი მაინც გამოჩნდესო, – იფიქრა წყაროსკენ მიმავალმა. მეძავის ნაცვლად ორი ბიჭუნა დაუხვდა,  წუწაობდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ, მუცლებს იფხრეწდნენ. „ოდესმე ასე მიცინია?“ – იფიქრა მაშინ ონანმა და წყაროსთან ჩაიმუხლა. თავისი ბავშვობიდან ორიოდე შემთხვევა წამოუტივტივდა გონებაში, გაახსენდა არცთუ შორეული წარსულიც, როცა შფოთიანი ფიქრები შემოსჯარვოდნენ და ფორიაქისგან თავდასაცავად ხანდახან ყურისმომჭრელ, უადგილო სიცილს იგონებდა, – თავს იტყუებდა, არც ისე ცუდად ვარ, რადგან ვიცინიო. ეს სხვა სიცილი იყო, ის, ბავშვობისდროინდელი – სხვა, თუმცა, როგორც მაშინ მოეჩვენა, ძალიან დიდი ხნის წინ მოიტოვა ბავშვობა და მიხვდა, რომ ამ ორ ბიჭუნას თვალს შეგნებულად არიდებდა; თვალს კი არიდებდა, მაგრამ მათი ხმები, მათი გულიანი სიცილი ესმოდა და ეს აღიზიანებდა. ბიჭუნების თამაშიც იმ სინამდვილის ნაწილი იყო, რომელიც წუხანდელი ზმანების მომნუსხველ მოგზაურობას ისეთი დაუნდობლობით აშორებდა, რომ ონანს ეჭვიც კი შეეპარა, – სადაც სინამდვილისგან ამდენი იმედგაცრუება ვიწვნიე, ვინ იცის, იქნებ ის ველი სულაც არ არსებობს, ბავშვობიდან მოყოლებული თხებს რომ ვმწყემსავდიო.

მათარა წყლით აავსო, ტანი აიზიდა, თხებს შეუძახა.

ველი იქ დაუხვდა, სადაც ველი უნდა ყოფილიყო.

შორს-სამი პალმა, მწველი მზე აჭერს, სწორედ ისე, როგორც სიზმარში და მაშინ მოეჩვენა, რომ ველზე მანაც სწორედ ისე გააბიჯა, როგორც სიზმარში და მოუნდა, მოყვითალო-მონაცრისფრო ბუჩქისკენ სწორედ ისე გაეხედა, როგორც სიზმარში და გაიხედა და დაინახა.

აბზინდას ბუჩქი იქ დაუხვდა, სადაც აბზინდას ბუჩქი უნდა ყოფილიყო.

გახევდა. სიზმრისა და სინამდვილის ეს უეცარი დამთხვევა წითური ონანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, – ლაჰიმას ბუჩქთან დაეუფლა, მაგრამ სანამ ქალს დაეუფლებოდა, გაყუჩებული დრო იგრძნო, მერე პალმებისაკენ გაიხედა და იქიდან გამოენივთა ლაჰიმას სილუეტი, რომელსაც პალმის რტო ეჭირა და მისკენ, მხოლოდ მისკენ მოემართებოდა, მერე კი დრო აჩქარდა და ყველაფერი სწორედ აქ განვითარდა, ამ ბუჩქთან აღსრულდა და ახლა ცხადში ხედავდა სიზმრისა და სინამდვილის თანხვედრას, რაც იმედს უსახავდა, რომ თუკი ბუჩქი არსებობდა, ადრე თუ გვიან ლაჰიმას სილუეტსაც მოჰკრავდა თვალს. სწორედ ამას ეძებდა თურმე, ამისკენ მოილტვოდა, მოყვითალო-მონაცრისფრო ბუჩქის კი არა, იმედის სავანე აღმოჩინა თავისთვის და რა გასაკვირია, გახევებულიყო.

შლეგივით არ მიჭრილა, ჯერ მზერით ელოლიავა, ბუჩქისაკენ ფრთხილი ნაბიჯი გადადგა, ნაბიჯს ნაბიჯი მიაყოლა და რომელიღაც ნაბიჯზე სასწაულს ეზიარა, რადგან ცხადად იხილა, როგორ შეირხა ბუჩქი.

სიო არ იძროდა, შორს-სამი პალმა, მწველი მზე აჭერს, ბუჩქი კი სიოს გარეშე ირხევა, რადგან ონანი დაძრულა ბიჩქისაკენ და ბუჩქიც თითქოს ვალდებულია, მათი დაახლოების გარდაუვლობას კვერი დაუკრასო, – შეირხა ბუჩქი, სიოს გარეშე შეირხა ბუჩქი და ეს ნათელხილვას, გამოცხადების სასწაულს ჰგავდა ონანისთვის, რომელმაც მაშინ რაღაც ძალიან საკრალურთან მიახლების წამი მოიხელთა, მოიხელთა სამყაროს ჭიპი, სადაც თურმე მისი სახლია, მისი ჟანგბადი – ონანის მიწა.

რომ მიუახლოვდა, ბუჩქი აღარ იძროდა, მაგრამ წითურისთვის ისიც საკმარისი იყო, რაც თვალნათლივ იხილა, რასაც გზადაგზა ეზიარა,

ბუჩქს დააცქერდა, ხელი გადაუსვა, ნაყოფი ააწყვიტა, შესორსლა, რათა  თითებით ეგრძნო მისი ეჭვშეუვალი არსებობა, ხელი პირისკენ წაიღო, ნაყოფი გაღეჭა, რათა პირს, ენას, კბილებს, მის სასას ეგრძნო აბზინდას ნაყოფის სინამდვილე. ნაყოფს მწარე გემო ჰქონდა, თუმცა ყელში ისე გადაიცდინა, ისე შეიწოვა, შეისუნთქა აბზინდას ნაყოფი, როგორც ხეტიალით თავგაბეზრებული, შინდაბრუნებული კაცი შეისუნთქავდა შინაური გარემოს მონატრებულ სუნსა და ჰაერს. ნეტარების ღიმილი დააჯდა ბაგეზე, ახლა შინ იყო.

ბუჩქთან ფეხმორთხმით ჩამოჯდა, სწორედ ისე, როგორც სიზმარში; ველზე მიშვებული თხების პეტელი დროდადრო სწორედ ისე ესმოდა, როგორც სიზმარში; – იქნებ მრუმე ღამის თეთრი მატლი შევნიშნოო, – იფიქრა და მიწას სწორედ ისე ჩააცქერდა, როგორც სიზმარში, მაგრამ მატლი ვერ დაინახა და ამაზე გული არ გასტეხვია, – „გამოჩნდება, ადრე თუ გვიან მატლიც გამოჩნდება და ლაჰიმაც გამოჩნდება პალმებიდან“, – იფიქრა წითურმა და ლაჰიმას მოლოდინში შორეული სამი პალმისკენ სწორედ ისე გაიხედა, როგორც სიზმარში.

ლაჰიმა არ ჩანდა. გული ამაზეც არ დასწყვეტია. ბუჩქთან იჯდა, ბუჩქი დაიგულა და რადგან ბუჩქი სწორედ იქ აღმოჩნდა, სადაც აბზინდას ბუჩქი უნდა ყოფილიყო, სწამდა, რომ ადრე თუ გვიან ლაჰიმასაც იხილავდა აქ, ამ ბუჩქთან.

 

 

1 2 3