ბოლთა დასცა; ახლა, ამ წუთში, ბუჩქთან ჩვეული სასოებით ფეხს ვერ მოირთხამდა, უნდა დამშვიდებულიყო – ეს იცოდა, თორემ, შესაძლოა, სულაც მოეთხარა ეს წყეული ბუჩქი, რომელმაც ერთი უნებური შეცდომაც არ აპატაია, ტუჩიც კი არ აუბზუებია, შუბლიც არ შეუკრავს, არც აცია – არც ცხელა, ადგა და მოკვდა, უბრალოდ მოკვდა, დამთავრდა, რადგან ბუჩქი ბუჩქად იქცა, იქცა იმად, რასაც ონანი ვერაფრით შეეგუებოდა და რაღაც უნდა ეღონა ონანს, რაღაც აუცილებლად უნდა ეღონა ონანს, – ონანმა ეს იცოდა, თუმცა ისიც იცოდა, რომ ჯერ უნდა დამშვიდებულიყო და მიდიმოდიოდა აქეთ-იქით, თავს იმშვიდებდა, ბუჩქისაკენ არ იცქირებოდა.

როცა მოეჩვენა, დავმშვიდდიო, ბუჩქს მიუახლოვდა, დააცქერდა, უცქირა, ერთხანს, – „უნდა შემოვირიგო, შემოვირიგებ, „ – იფიქრა ონანმა და ჩვეულებისამებრ მოირთხა ფეხი, – „კარგი, რა დაგემართა?“ – ფიქრში მიმართა ბუჩქს, – „ისეთი არაფერი მომხდარა, შემეშალა, ჰო, ვის არ შეშლია?“ – მიმართა ისევ და ბუჩქს გახედა.

ბუჩქი ბუჩქს ჰგავდა.

„სული როგორ ჩავუდგა?“ – იფიქრა ონანმა; გაახსენდა, რომ ბუჩქთან პირველი მიახლოების დღეს აბზინდას ნაყოფი გაღეჭა.

ყვითელ ნაყოფს მისწვდა, ისე შესორსლა, როგორც მაშინ, ხილული სასწაულის დღეს შესორსლა ნაყოფი; ხელი პირისაკენ ისე წაიღო, როგორც მაშინ, ნაყოფიც ისე გაღეჭა, როგორც მაშინ.

აბზინდას მწარე გემო ჰქონდა. გადმოაფურთხა, ცას გახედა, ცის კაბადონზე, შორეული პალმების მიღმა, ჰორიზონტმა ლილიფერი დაიკრა. პალმებიდან გამოლანდული ლაჰიმას სილუეტი კვლავაც არ ჩანდა, როგორც მაშინ და როგორც მერე და როგორც ცხადში არასდროს ჩანდა ლაჰიმას სილუეტი და მკვდარ ბუჩქთან ფეხმორთხმით მჯდარი ონანი კვლავ დაფიქრდა სიზმარსა და ცხადზე.

ცხადი ის იყო, რომ ლაჰიმა ცხადმაც დაკარგა და სიზმარმაც. გაუკვირდა კიდეც, ადრე ამაზე რატომ არ მიფიქრიაო. სიზმრად ხილული ლაჰიმა გაიხსენა, რომელსაც ქვედა ბაგესთან ბროწეულის კვირტივით შეწითლებული მუწუკი აჩნდა. ცხადში არასდროს შეუნიშნავს მსგავსი რამ. ცხადში ლაჰიმა არც მაცდური იყო და გამომწვედაც არ იქცეოდა, ლაჰიმა ისე ექცეოდა,  როგორც რძალი მაზლს უნდა მოქცეოდა – შინაურულად კეთილმოსურნედ, ჩვეულებრივად და ასეთი ჩვეულებრივი ლაჰიმა იქნებ ყველაზე დიდი, ყველაზე შეეურაცხმყოფელი  იმედგაცრუებაც იყო ონანისთვის, რადგან ჩვეულებრივ ლაჰიმას თითქოს სიცოცხლე აკლდა, ჩვეულებრივ ლაჰიმას არ ახლდა ვნება, მაცდურობა, მიზიდულობა, ის იდუმალება, ქალის მოძრაობის ლბილ მიმოხვრას რომ გაგრძნობინებს, გაგრძნობინებს ქალის თვალების მადანს, – სადღაც მიმალულ ენითუთქმელ სიმდიდრეს, რაც ჟინს გიმძაფრებს, რომ შენ და მხოლოდ შენ აღმოაჩინო და დაეუფლო, გამოჩხრიკო და მიისაკუთრო ქალის თვალებიდან შენთვის და მხოლოდ შენთვის წამონათებული შუქის  ნაპერწკლები, ქალის თვალების ქუთუთოებგაზიდულ მიბნედვას შენ და მხოლოდ შენ ეპატრონო და შენ მიიბნიდო მათი მიბნედვის ნეტარი წამი, წუთი, მარადისობაა, – მარადისობა წამსა და წუთში.

ცხადი ის იყო, რომ ონანს ასეთი ლაჰიმა ცხადში არ ენახა, მაგრამ რამდენჯერმე თვალი ჰკიდა, ლაჰიმამ ცეფერს ქოჩორი რომ აუშალა და ლაჰიმას ხელის მოძრაობა, მისი ღიმილი, ქმართან შეხუმრება, მხოლოდ შეხუმრება კი არა, უპირველეს ყოვლისა სიყვარულში განდობა და სიყვარულში გამოწვევა იყო იმ ღამისთვის, ლაჰიმას და ცეფერს რომ ეკუთვნოდათ. ონანის ჩადაბლებულ თვალებს ლაჰიმას არც კი ის მზერა გამოპარვია, ქალმა ქმრისკენ რომ გააცოცა – ვნებიანი და მომლოდინე, – კმაყოფილი მდედრის ქვემოდან შემოცურებული მზერა მამრისკენ, მამაკაცებს ასე რომ უქონავს გულს, ასე აამაყებს, თავდაჯერებას ჰგვრის და თავდაჯერებაში ნებიერი სიზანტით აღიმებს – მკრთალად, თავისთვის, გულარხეინად.

რამდენჯერმე შეესწრო ლაჰიმას ასეთ მზერას ქმრისკენ და გულგვამიდან დაძრული ეჭვიანობის ყმუილი რომ ჩაეხშო, კბილი კბილს ჩააჭედა, ბაგე-ბაგეს. ეჭვიანობა გულს კი უსივებდა, მაგრამ ამავე დროს, მის სიყვარულსა და წარმოსახვას საზრდოსაც აწვდიდა. ასეთ წუთებში ახსენდებოდა თავისი სიმარტოვის სავანე – აბზინდას ბუჩქი, სადაც განმარტოების თავისუფალ სივრცეებში ისევ და ისევ ლაჰიმაზე იფიქრებდა, წარმოსახვა კი იმ ლაჰიმას შესთავაზებდა, რომელიც მას და მხოლოდ მას უცქერს ქვემოდან გამოსხლტარი ვნების ნაპერწკლით, მომლოდინედ, მრავლისაღმქმელად,- გეგონება, დაფარულმა მადანმა თავისივე სურვილითა და ნებით გამოაჭიატა ენითუთქმელი სიმდიდრეო.

სინამდვილე ის იყო, რომ ცხადში ლაჰიმას არც ნაპერწკლიანი მზერა, მითუმეტეს – არც მისი სხეული და არსება ონანს კი არა, ცეფერს ეკუთვნოდა; ონანი წარმოსახვის ამარა დარჩენილიყო, აბზინდას ბუჩქთან ნასუფრალით იკვებებოდა და იქნებ იმიტომაც დაეჩემებინა ეს ადგილი, თავი იმიტომაც მოეტანა აქამდე, რომ იმედს ჯერ კიდევ იტოვებდა, – ერთხელაც იქნება, ისევ ვისიზმრებ ლაჰიმასო.

ლაჰიმა სიზმარმაც დაკარგა.

იმ მომნუსხველი ზმანების შემდეგ, ძილში თესლი აღარ დაუღვრია; გეგონება, რაც ჰქონდა დასანთხევი, მხოლოდ ლაჰიმასთვის და ლაჰიმასთან უნდა დაეღვარაო, გეგონება, ლაჰიმამ მიითვისა, დაისაკუთრა ონანის თესლისღვრის უფლება და რაც ონანს ჰქონდა დასანთხევი, ყმაწვილ კაცს ერთ ჯერზე დაანთხევინა, მერე კი ზურგი შეაქცია და აცა-ბაცა, ტუტრუცანული სიზმრების ამარა დატოვაო.

სანუკვარი, დაჩემებული ადგილიდან შინისაკენ მომავალ წითურ ონანს ხშირად უფიქრია, რომ მისი ერთგულება, თავდადება, ლაჰიმას სიყვარულის რჯულადდაწესება თუ რჯულადქცევა, მისი ჩუმი, გულმხურვალე მუდარა, ადრე თუ გვიან ნაყოფს გამოისხამდა და ცხადში თუ არა, სიზმრად მაინც აღირსებდა ლაჰიმას, მაგრამ შინ ფეხშედგმულს ხვდებოდა ნაცნობი კედლები, – მუსკატის კაკლის, დარიჩინისა და თხის ქონის ერთმანეთში გადაზელილი, მძიმე და ნაცნობი სუნი; ხვდებოდა ჩვეულებრივი ვახშამი მშობლებთან ერთად, რომლებიც ჩვეულებრივი კითხვებით თავს აბეზრებდნენ და ისიც ვალდებული იყო, ჩვეულებრივ კითხვებზე, მშობლებისთვის  ჩვეულებრივი პასუხი მიეცა და ეს გულს ურევდა, აქაც მზად იყო, ეყმუვლა, რადგან გულისამრევ ერთფეროვნებას ყმუილი ერჩივნა, თუმცა როგორღაც ახერხებდა თავის მოთოკვას და დროულად რომ გასცლოდა მშობლებს, დაღლილობას იმიზეზებდა, მათზე ადრე მიეგდებოდა ხოლმე საწოლზე იმ იმედით, რომ იქნებ ამ ღამით მაინც ვისიზმრო ლაჰიმაო, ამ ღამით მაინცო, რა მოხდებაო, თუნდაც ერთხელო და მერე იყო ღამე – ისიც ჩვეულებრივი, დამაკნინებლად ერთფეროვანი, სადაც ჩია მამის კბილების ღრჭიალი ისმოდა, ისმოდა ხორცსავსე დედის ჩვეულებრივი, დროდადრო ხროტინში გადაზრდილი ხვრინვა, თუ არადა, ისმოდა მათი სულშეგუბული ფათიფუთი, ჩვეულებრივი ცოლ-ქმრული ყოფის ნაუცბათევი აჭრაჭუნება და მერე სიჩუმე, მძიმე სიჩუმე, სადაც ცხადმაც და სიზმარმაც დაკარგა ლაჰიმა, მხოლოდ ერთი ადგილი დატოვა ონანისთვის – აბზინდას ბუჩქი დღეს კი ბუჩქმაც უსინდისოდ უმტყუნა, რადგან ბუჩქი ბუჩქს დაემსგავსა და სწორედაც ეს იყო მწარე სინამდვილე.

წამოდგა. აბზინდას ბუჩქს დააცქერდა.

რაღაცაზე თუ ვიღაცაზე შურსძიების გრძნობამ დარია ხელი. „აქედან შორს,“ – იფიქრა წითურმა ონანმა და მერე იფიქრა- „სად?“

თხებს გახედა. ბალახობდნენ.

„ყველას დედაც!“ – გულში შეუკურთხა სიზმარსაც, ცხადსაც, აბზინდას ბუჩქსაც და აბზინდას ბუჩქთან გაღვივებულ წარმოსახვასაც; შური უნდა ეძია ვიღაცაზე თუ რაღაცაზე და უეცრად მიხვდა, იაზრა, რომ რჯულადქცეული თავისი სიყვარულის გაბიაბრუება იქნებოდა ყველაზე მწარე შურისძიება და თვალწინ მეძავი ნოფათი დაუდგა. „ჰო,“ – იფიქრა, – „ჰო“. შავ-თეთრად დაკოპლილ თიკანს მიაცქერდა, – „თიკანს მივაშავებ, არა – მივართმევ, რადგან დღეს მამაკაცი უნდა გავხდე და დავივიწყო და დავმშვიდდე, როგორც შურისძიება ამშვიდებს მამაკაცს“.

თხებისკენ დაიძრა და გადაწყვეტილების სისწორეში თავის დასარწმუნებლად რამდენჯერმე გაიმეორა „ჰო, ნოფათი, ჰო, ჰო, ჰო, ნოფათი“.

 

 

 

 

 

1 2 3