ეს მაშინ იყო, სიზმრის მომნუსხველი მოგზაურობის მეორე დღეს; მას შემდეგ ყოველდღიურად აკითხავდა სანუკვარ ადგილს, ბუჩქთან ჩამოჯდებოდა ხოლმე და ფიქრობდა ლაჰიმაზე, ფიქრობდა თავის სიმარტოვესა და ბედკრულობაზე, ანდა ფიქრობდა – არაფერზე, უბრალოდ იჯდა, ლაჰიმას ელოდა და იქნებ ლაჰიმასაც აღარ ელოდა, მაგრამ აქ იყო, – უკედლებო თავის კედლებში, თავის ჟანგბადს სუნთქავდა თავის მიწაზე, იყო იქ, სადაც უფლება გაქვს, იფიქრო – არაფერზე, რადგან შინდაგულებული ხარ, შენი ადგილი მოგნიჭებია თუ მოგიპოვებია და შენს წილ ბედნიერებას მხოლოდ ამ ბუჩქთან ელი, სხვაგან -არსად.

და აი, დღეს, ველისაკენ დაძრულ ონანს გაეფიქრა – ონან, ბედკრულო, ბედკრულო ონან, ეს გზა როდემდე უნდა ცვითოო, – და ჯერ შეკრთა, შემდეგ შეეშინდა და იმის გარკვევას შეეცადა, თუ რა იყო მისი შიშის მიზეზი.

ბედკრულობით ხშირად მიუმართავს თავისთვის, „ბედკრულო ონან“ – მისთვის უცხო არ იყო, მიმართვის ეს ფორმა შვებასთან ერთად სიამოვნებასაც ანიჭებდა – განდეგილობის შეგრძნებას უმძაფრებდა, საკრალურ ტანჯვასთან აზიარებდა, რადგან ლაჰიმას უიმედო სიყვარული რჯულად დაისახა და რაც უფრო მტკივნეული ეჩვენებოდა თავისი ხვედრი, თავის მარტოსულობასა და უიმედოობაში რაც უფრო ხელდებოდა, მეტად ეჩვენებოდა, რომ თვითგვემიდან სუფთავდება, ტანჯვიდან მაღლდება, მარტოობიდან შუბლზე მესამე თვალი ესხმება და სამყაროს იქიდან ხედავს, იქიდან აფასებს ბედისწერის უშეღავათო მარწუხებს, რომელმაც ასეთი ხვედრი არგუნა, ასე შეუბრალებლად გასწირა, ყმაწვილი კაცი განდეგილობის, მარტოსულობისთვის გაიმეტა, მაგრამ ის იტანს, ყველაფერს იტანს და რაც უფრო მეტს იტანს, ნეტარებაშიც მეტად ეფლობა, თავისი გამორჩეულობის შეგრძნებას იქ მოიპოვებს, სადაც სამყარო ჩვეულებრივი ქოთის სუნად ყარს, სადაც ყოფითი სინამდვილე სინამდვილეში ხელმოსაჭიდს არაფერს გთავაზობს, – ჭამენ, სვამენ, ხორხოცობენ თუ ქოთქოთებენ, განიკითხავენ თუ განიკითხებიან, ჩივიან თუ დღესასწაულობენ სასწაულისგან დაცლილ თავის სინამდვილეში, კოკობზიკობენ, ერთმანეთს ეგლასუნებიან მზერით თუ სხეულით, ბრძნული სახით განსჯიან ვიღაცას, ანდა მორჩილი სახით განისჯებიან ვიღაცისგან, ლაპარაკობენ ლაპარაკისთვის და თავადაც არ უწყიან, რატომ, რისთვის ფუჭსიტყვაობენ, – რადგან ყოფითი სინამდვილე ფუჭია და წარმავალი, ყოფითი სინამდვილის საყრდენი ღერძი მხოლოდ ყოფაა, – მან კი, მან, თხების მწყემსმა წითურმა ონანმა სიზმრიდან თავსდატეხილი სიყვარულის მადლი მიიღო, თავისი რჯული დაიწესა და სასწაულიც მოახდინა, – ყოფით სინამდვილეში მიაღწია მომნუსხველი სიზმრის მდგომარეობას და მერე რა – თუ წითური ონანი დროდადრო თავს შეიბრალებს, – შე ბედკრულოო, სწორედაც ტკივილიდან დაიწყო და გამოიტანჯა ონანის გზა, სინამდვილეში დედას კი არ უშობია, სწორედ თავისმა ბედკრულობამ შვა ონანი და ონანი მადლიერიცაა, უნუგეშო სიყვარული რომ დაებედა, ონანს აქედან გამოესახა მესამე თვალი, თვითგვემის სისხლმა განწმინდა ონანი და ამაღლდა ონანი ონანის თვალში, რადგან სხვებივით , დანარჩენებივით ყოფითი სინამდვილის საყრდენ ღერძს კი არ მოეჭიდა, საკრალური ტანჯვიდან ფრთა გამოისახა და ტანჯვის დამბანგველი სივრცეებიდან გადმოხედა მოსაწყენსა და დაწესებულს, ჩვეულებრივსა და ყოველდღიურს.

არა, ლაჰიმას უნუგეშო  სიყვარული და თავისი ბედკრულობა არაფერ შუაშია შეკრთომასა და შიშთან, ონანს რომ დაეუფლა. როდემდე უნდა ცვითო ეს გზაო – საყვედურს კი არ ჰგავდა, გაცხადებული საყვედური იყო მასთან, ვისაც აქამდე ესასოებოდა და ამან შეაკრთო; იგრძნო, ნალოლიავები მდგომარეობა ხელიდან ეცლებოდა, რადგან თავისივე დაწესებული რჯულში ეჭვით შებღალა და გამოფხიზლების გაურკვევლობამ შიშთან ერთად თავზარი დასცა.

„მაპატიე, მაპატიე!“ – გაეფიქრა ონანს, თუმცა ისიც საკითხავია, შენდობას ლაჰიმას სთხოვდა, აბზინდას ბუჩქს, თუ ერთდროულად ორივეს, რადგან აბზინდას ბუჩქი ლაჰიმას ნაწილად ქცეულიყო, ან პირიქით – ლაჰიმა ქცეულიყო ბუჩქის ნაწილად და ლაჰიმა და ბუჩქი, თუ ბუჩქი და ლაჰიმა, -ერთად მოიაზრებოდნენ, როგორც მსხმოიარე ხე და ნაყოფი, სახლი და საძირკველი, ზღვა და თევზი.

ხილული სასწაულის შემდეგ, ბუჩქთან მიახლებისას რომ განიცადა ონანმა, ველისაკენ მიმავალი მუდამ მიიყოლებდა ფიქრს, თუ დღეს რა ხასიათზე დაუხვდებოდა ბუჩქი, რადგან აბზინდას მოყვითალო-მონაცრისფრო ბუჩქს თურმე თავისი ხასიათი გააჩნდა და ამ თვისებით მართლაც ჰგავდა ზღვას, – ხან მშვიდი ჩანდა, ხან – აჭრილი და უხასიათო, ხან პირველ სასწაულს ახსენებდა ონანს და სიოს გარეშე ისე შეირხეოდა, გეგონება, მსუბუქი ტალღა დასცა ნაპირს და ამით აღნიშნა ონანთან შეყრის სანუკვარი წამიო, ხანაც პირქუშად გამოიცქირებოდა და მაშინ ონანი ბუჩქს დაუყვავებდა ხოლმე – რატომო, რატომ, პირი რად შეგიკრავს, ცუდ ხასიათზე რად დამიხვდი, შენთან მოვდივარ, სულ მალე ერთად ვიქნებით, მე მოვდივარო, – ცოცხალივით გულს უოხებდა და მისთვის ბუჩქი ცოცხალი იყო კიდეც, ცოცხალზე მეტიც, რადგან გამოცხადების სასწაულმოქმედი მტკიცე ნებით ამოზიდა ყოველდღიურობის ქაქიდან და იმ დღიდან მოყოლებული მუდამ სხვადასხვა სახით ეცხადებოდა ონანს, – ხან გაბრდღვიალებული მზით გამონათებულიყო და მეტი სიყვითლით ჭრიდა თვალს, ხან მოქუფრული ცით ჩამქრალიყო და მოყვითალოზე მეტად მოინაცრისფრებდა მისი სხეული, ხანაც მოსაღამოვების ბინდს დაიკრავდა და შექლიავისფერდებოდა და ასე – მუდამ სხვადასხვაგვარად, მაგრამ ერთ მყარ ადგილას დაფუძნებული – ხან ყვაოდა, ხან იძარცვებოდა და შიშვლდებოდა, ხანაც საყვავილოდ ემზადებოდა და რაც მთავარია, ელოდა ონანს, რადგან ონანთან ერთად ბუჩქმაც იცოდა, რომ ონანისთვის ის, ის, ის, მხოლოდ და მხოლოდ ის – ბუჩქია სამყაროს ჭიპი; ბუჩქიც გრძნობდა, რომ აქ, აქ, აქ, მხოლოდ და მხოლოდ აქ – ბუჩქთან არის ონანის სამკვიდრო და ონანის სამკვიდროს შუაგულში ონანს თავისი უმთავრესი საყრდენი ეგულება- აბზინდას ბუჩქი, დანარჩენი კი  მართლაც დანარჩენი და მონარჩენია – ჰორიზონტი, შორეული სამი პალმა, ველი, მზე, ცა, სხივიც და ჩრდილიც იმიტომ არსებობენ ონანისთვის, რომ აბზინდას ბუჩქის ხასიათი აგრძნობინონ ონანს, რადგან სწორედაც რომ აბზინდას ბუჩქია სამყაროს შუაგული, უმთავრესი თვალისმოსაჭიდებელიც და ფეხმოსაკიდებელიც ონანისთვის – ონანის მიწა.

აქამდე ასე იყო, დღეს კი იფიქრა – ეს გზა როდემდე უნდა ცვითოო და შეკრთა, შეეშინდა, პატიებაც ითხოვა, რადგან მიხვდა, იაზრა, რომ თვალსა და ხელსშუა იწყებოდა რაღაც ახალი და გაურკვევლობის ძრწოლვამ დარია ხელი, – „დღეს რა თვალით შემხედავს, რა ხასიათზე დამიხვდება?!“ იფიქრა ონანმა და ველზე გააბიჯა.

შორიდან მიაცქერდა.

აბზინდას ბუჩქი აბზინდას ბუჩქს ჰგავდა, როგორც აკლდა ჰგავს აკლდამას, ცხედარი – ცხედარს, აკლდამაში ჩასასვენებელი ცხედრის სუდარა – აკლდამაში ჩასასვენებელი ცხედრის სუდარას.

„რატომ, რატომ, პატიება რომ გთხოვე, რატომ?! – ონანი ბუჩქისაკენ დაიძრა, გზადმიმავალი კიდევ ერთხელ კი არ თხოულობდა შენდობასა და მიტევებას, არამედ უფრო ბოროტდებოდა და ბუჩქს იქით ამუნათებდა – მე თავი დავიმდაბლე და პატიება ხომ გთხოვეო; ამდენი ხანი ეს გზა ვცვითე, ასე მინდობილად შეგეყუჟე, ჩემს ერთგულებაში ასე გიერთგულე, ასე გელოლიავე, გეფერე, ასე გიწამე და შენ კი ერთ ნაუცბათევ, ჩემი ბედკრული თავიდან უნებურად გამომსხლტარ ფიქრსაც არ მპატიობ, როცა მეო, მეო, მეო, მე პატიება ვითხოვეო და მე პატიება ხომ ვითხოვეო და შენო, შენო, შენ რაო, მე არ მპატიობო?! მეო, მეო, – ეს ამდენი, ამგვარი აღმატებულობით ნაფიქრი – „მე“ და ასე ნიშნისმოგებით, ამგვარი დაკნინებით ნაფიქრი – „შენ“, – იმას ნიშნავდა, რომ პირველად ხილული სასწაულის შემდეგ, ონანსა და აბზინდას ბუჩქს შორის პირველმა განხეთქილებამ გაიქუხა.

მიუახლოვდა, სახეგამეხებული დააცქერდა აბზინდას ბუჩქს, რომელიც აბზინდას ბუჩქს ჰგავდა. თხები ველს მოედნენ, დროდადრი მათი პეტელი ესმოდა და მერე, როცა რამდენიმე თხამ  ერთდროულად დაიპეტელა, სახეგაცეცხლებულმა ონანმა პირუტყვებისკენ მიმართა მწარე ბალღამით გასიებული გულის რისხვა, ამოიძახა რაღაც, – სიტყვა – არა, არც გინება, რადგან გინებას სიტყვა სჭირდება, – ოოეე! თუ – აოეე! თუ – ჰააა!!! – თუ რაღაც მსგავსი და წითლად წამოფოთლილ ყელზე დაბერილი ძარღვები მწვანედ დაეკუშტა,

 

 

 

1 2 3