***
რაც ასაკში შევდივარ, პაპაჩემივით ჩიტს ვემსგავსები.

 

***
როგორც მართვის მოწმობას, ისე უნდა იღებდეს ჩვენს ქვეყანაში სრულწლოვანი ახალგაზრდა კანონმორჩილი მოქალაქის მოწმობას და უნდა აბარებდეს უმკაცრეს გამოცდას. მანამდე და მთელი ცხოვრება კიდევ, სწავლობდეს „საცნობლად თავისადაო…“

 

***
წვიმა მივიტანე სახლში მოკლე თმით. პირველად გავბედე ბავშვობის მერე. ეს არის ჩემი გაზაფხული და კიდევ ერთი კონა თეთრი ენძელები სოფლურ რკინის „კრუშკაში“.

 

***

დაფუტუროვდა, გამოიღრუტნა, გამოიშიგნა ქალაქი. აღარც სული აქვს, აღარც გული, აღარც ფილტვები. მალე ადამიანებიც აღარ ეყოლება. შენება რომ საძულველ საქმედ აქციო, ამასაც მოხერხება უნდა.

 

***
როგორ მინდოდა მხიარული მოხუცი ვყოფილიყავი, მაგრამ აღარ გამომივა, ზნეშეცვლილი ვარ.

 

***
მე შარფები მაქვს ნაირფერი, სიცოცხლე არა.
მეორეულ მაღაზიებში ვყიდულობ ხოლმე.
ახლები ძვირია, ჩემი და და მეგობრები თუ მაჩუქებენ.
შემოვიხვევ ამ ჭრელჭრულა აბრეშუმებს ბალახისღეროსავით ნახევარყელზე და მივბრდღვიალებ საქმეებზე.
ასე გადაწყდა ბევრი წლის წინ –
ჩემი კუპრი თვალების სხივი დამარხულიყო და შარფებს ეხარათ.
იმხელა ფუღურო მაქვს, იმოდენა მოედანი მარჯვენა ყბის ქვეშ,
ვიფიქრე ერთხელ, იქნებ ჩიტებს ბუდე ჩავუდგა,
ან ზაზუნა ვიყოლიო, ან სკა ფუტკრებით.
რამე პატარა ყვავილიც კი გაიხარებდა…
ჩემი ფეხები… მზეზე უნდა ცხოვრება ყველას.
არავის სჭირდება შარფებით ყელგაღიმებული შენი თავი.

 

***
დღემდე არ ვიცი სად წავიღო ასფალტზე ახეწილი მამაჩემის ლოყის ხსოვნა
ხან ონკანიდან მოთქრიალე წყლიდან რომ მესხმება წვეთებად
ხან სარკიდან რომ შემომბღავის ყელდაჟეჟღილი
ხან ჭიანჭველად რომ მაცოცდება ფეხიდან გულზე (თუ პირიქით)
და მაჟრიალებს მაჟრიალებს მაჟრიალებს მაჟრიალებს
მერე კი მყინავს.

 

***
კიდევ კარგი, არსებობს ფბ-ი. ზოგჯერ მართლა მისწრებაა ემოციების გამოსახატავად. ახლა, ამ წამს, ოცწლამდელ რაგბისტთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა და მწერალმა, ასევე ჩემმა მეგობარმა ლადო კილასონიამ, ტელეფონზე დამალაპარაკა გელა აფრასიძე. იმედია, მიხვდით ვისზეც ვამბობ – ოცწლამდელთა მე-9 ნომერზე რაგბში (ახლა უკვე დიდებში თამაშობს). ორ თამაშზე ვიყავი და გამაოგნა ამ პატარა ბიჭმა თავისი თამაშით. მეც პატარა გოგოდ ვიქეცი ახლა, ამ წუთს, გავგიჟდი სიხარულისგან. საოცარი შეგრძნებაა. მერე რა, რომ ბევრი წლის ხარ! „მიაწვააააააააააბიჭებიიიიიიიიიი!“- სტადიონზე ვისწავლე ეს გამოთქმა.

 

***
არავინ არ უნდა დაგასწროს შენი თავის ცოდნა.

 

***
ფანჯრიდან გავიხედე და ჩემი კორპუსის წინ, პატარა სტადიონზე, ცნობილი „ტაბურეტკიანი მამაო“ (სადღაც აქ ცხოვრობს), ოღონდ სპორტულებსა და ბოტასებში, ათი-თორმეტი წლის ბიჭს – ალბათ შვილიშვილს, ფეხბურთს ეთამაშება. გულით ეთამაშება. ეტყობა, კარგი პაპაა.

 

***
შუაღამისას რომ საჭმელს შეჭამ, ზედაც ნამცხვარს დააყოლებ, თან იმ ბიჭზე იფიქრებ, ვინც ცხრამეტი წლის წინ, სწორედ ამ დღეს მამა მოგიკლა, ცხოვრება და სევდა ესა ყოფილა, და ამოება კიდევ.

 

***
თევზს ვჭამ, ფხისა მეშინია, ხორცს ვჭამ – ძვლის, ხილს ვჭამ – კურკა არ გადამცდეს-მეთქი, მწვანილს ვჭამ – არ გადამეკიდოს, როგორც ერთხელ, ბავშვობისას, პრასი, ძლივს რომ ამომითრიეს ყელიდან… სხვაც ბევრი რამის შიში მაქვს, აღშფოთებულს ყველა არ მახსენდება ახლა.

ჩემს თავს ვეკითხები, ნეტავ ამ ხნისას რიღასი გეშინია-მეთქი და, სირცხვილის გოგოო, მართლა ასე რომ დაიხრჩოო.

 

 

1 2 3 4