***
ითენ ჰოული ხარ-მეთქი, ვეტყვი ხოლმე, ოღონდ მარტო იმიტომ არა, რომ მაღაზიაში მუშაობს. არადა, არ წაუკითხავს სტაინბეკი. „მე კიდევ მღელვარების ზამთრები მაკლია“, – მითხრა სიცილით, წაკითხვა რომ ვთხოვე. თუმცა დამპირდა, ოდესმე შეგისრულებ ამ თხოვნასო.

ეს წლების წინ იყო. ამ ბოლო დროს კი ვფიქრობ, რომ აღარ არის საჭირო ამის გაკეთება. ისედაც ბევრი საფიქრალ-საზრუნავი აქვს. და თუ ისევ დაიწყებს კითხვას, ჯობია, თავის ძველ მეგობრებს – სტივენსონს და ჰომეროსს დაუბრუნდეს.

 

***
დაბერტყილ კაკალს ხის ძირში არ აგაკრეფინებდა, არც შექანებულ თხილს –
ზამთარში თაგვებსა და ციყვებსაც სჭირდებათო ცმუცნა.
ვაშლსაც ტოვებდა ყოველთვის აქა-იქ ხეზე, კარალიოკსაც და ყურძნის კუფხალებსაც ვაზებზე – ჩიტებისთვის.
საფუტკრიდან, დიდთოვლობისას, ირმებისთვის ტყეში საჭმელი მიჰქონდა, შეშისთვის მარტო ფუტურო ხეებს ჭრიდა,
ან ხმელი ტოტებისგან ათავისუფლებდა – „მკურნალობდა“ მათ,
გაზაფხულზე კი, როგორც წესი, მოჭრილის ადგილზე ახალ ნერგს რგავდა.
თუმცა არ იცოდა სიტყვების – დემოკრატი, ტოლერტანტი, ლიბერალი – მნიშვნელობა.

 

***
ჩვენი გადაკოცნა უხერხული რიტუალია და მე არ მიყვარს. მას უხარია.
სანამ ლაპარაკს ავაწყობთ, სანამ ცოტათი ორივეს გვრცხვენია და ერთმანეთს ვეჩვევით, სანამ თუჯის უტარო, ძველ ტაფაში კარტოფილი იწვება, მე შებოლილ ჭერს ავყურებ და ვფიქრობ: „ალბათ წელსაც ვერ შევუთეთრებ… და ვერც ახალ შპალერს გავუკრავ“. – ვიშხამებ ჩასვლას. აგრესიული ტაშით ვკლავ ცხვირწინ გამოფრენილ კოღოს და ხელების დასაბანად მივდივარ.
ვახშამი უხმო გვაქვს. ჩაფომფლილი კარტოფილი, ყველი, პური, კიტრი, პამიდორი, მარნიდან გამოტანილი შარშანდელი ტყემალი. „წელს აღარ გავაკეთე, მჟლაყე იყო რაღაცნაირად, ყველაფერმა დაკარგა გემო“.
მისი სერიალი იწყება. შენ უყურე, მაგიდას მე ავალაგებ, ვეუბნები. „საწყალი, ეს ამ გოგოს სახლია და არ იცის ჯერ, თავის სახლში მოახლედ მუშაობს…“, – უნდა, რომ მეც იქ ვიყო. ღიმილით გავდივარ სხვა – ჩემს ოთახში, სადაც ცემენტის იატაკს ბიძაჩემის – რომელიც ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი გარდაიცვალა – ჩექმის ნაფეხურები ეტყობოდა, სანამ ლინოლეუმს დავაგებდით.
გზისპირა, ზაფხულშიც კი ნესტიანი ოთახია. ღია ფანჯრებიდან გარეთ მოსიარულე ადამიანების დასიცხული ხმები შემოდის. ხანდახან მანქანაც ჩაიჯაყჯაყებს წინა საუკუნეში დაგებული ასფალტის ნარჩენებზე. ვცდილობ, ცოტა ხნით წავთვლიმო, მაგრამ არ გამომდის. ეზოში გამოვდივარ. გაშლილ ვარდებთან სათითაოდ ვჩერდები და ვყნოსავ. ორია მარტო სურნელოვანი – ერთი სახლის წინ, მწკრივში რომ დგას, მაღალი, გვერდზე ამოტანილი კოკრით, მეორე უკან – ჩამონგრეულ დაბალ გალავანთან. „დილით როგორც კი ავდგები, ჯერ ყვავილებს მოვრწყავ, მერე ფანჯრებს ჩამოვწმენდ, მერე ნელ-ნელა ბაღჩისკენ გადავინაცვლებ“.

 

***
სოფლელი ქალის სოლიდარობა: „მაიყვანა, გო, ვითომ სიყვარულით, და დაახავსა გოგო სახლში“.

 

***
გუშინ გვიან საღამომდე ვისხედით მე და ანო, მეზობლის ქალი, ქუჩის ძელსკამზე, უზურგოზე, კახეთში რომ დგამენ სახლების წინ. გრილი ნიავი უქიქინებდა, მაგრამ მთელი დღის დასიცხულები მაინც სიცხეზე ვლაპარაკობდით. სიცხემ გაახსენა ანოს ჩვენი მეზობელი ეთერა ძალო, ჟიტაანთ ეთერა, რომელსაც „წელს ზეით“ ზამთარ-ზაფხულ სულ სცხელოდა, და მიყვება: „ერთი საღამოა და, ზუსტად ეგრე ვსხედვართ სკამზე უბნის ქალები. მოვიდა ეთერაც და დაიწყო ამ თავის წამოცხუნება-წამოალებებზე ლაპარაკი. აღარა ჩერდება, გო. უკვე ისე ვართ, რო ჩვენც ალი-მური აგვდის. გავიხედეთ და ვასო მოდის ზეიდან. ეტყობა, ცოლის ქოთქოთზე შორიდანვე მიხვდა რაზეცა ლაპარაკობდა და, რო მოგვიახლოვდა, ეთერასკენ მიბრუნდა და ეუბნება: ეხლა ამათ რო მოუყევი, გაიგრილდიიი?!“

 

***
ათი, ოცი ან უფრო მეტი წლის შემდეგ წამიერად, უფიქრელად და უსაგნოდ, მეხსიერებიდან ელდასავით მოვარდნილი – „რომ (როგორ) გიყვარდა…“ „რომ (როგორ) უყვარდი…“

 

***
ყველანაირი ლიდერის მეშინია – სამკლავურიანისაც და უსამკლავუროსიც.

 

***
ჩვენს ცხადზე უარესი ვერასოდეს იქნება ჩვენი კოშმარული სიზმრები. ასეთი ქვეყნის საწოლებში გვძინავს ჩვენ.

 

***
ჩანთაც კი არ გაქვს შენი მოსაწონი.
მარტო ისეთი, მხარმა რომ გაუძლოს.

 

 

1 2 3 4