წინასწარი დაკავების საკანი გაგრაში

 

იშვიათად პაპანაქება ივნისი ჩამოდგა. უკვე ღირდა დამეტოვებინა სიცხისგან გადამდნარი ქალაქი და ერთი კვირით ვსტუმრებოდი ჯარის მეგობარს გაგრაში. არ მინდოდა ფული მშობლებისთვის მეთხოვა, ამიტომ თანხა მეგობრებისგან ვისესხე. ორმოცი მანეთი უნდა მყოფნოდა ბილეთსა და რომელიმე საცხოვრებელ სარდაფზე – მერე კი, რამე გამოჩნდებოდა თავისთავად.

გაგრა ის სამოთხესავით ადგილი იყო, სადაც თავს იყრიდნენ ლამაზმანები მთელი საბჭოთა კავშირიდან. მრავალკილომეტრიანი პლიაჟი ბოლომდე გადატენილი იყო ხოლმე ქალთა შიშველი სხეულებით. მიდი – მოვდივარ! საღამოობით თავისუფალ ჩამოსაჯდომს ვერ იპოვიდი. სუბტროპიკულ პარკთა და სკვერთა ბუჩქებიდან ვნებიანი ოხვრები და შეკივლებები ისმოდა. ყველა დისკოტეკაზე და ბარში ატრიალებდნენ ანტონოვის – „მფრინავი ნაბიჯით შენ გამოხვედი მაისიდან“. აქ იყო სწორედ, თავგზაარეული რომ გადავეშვი ვნების მორევში. პირველივე ღამის პეპელა ორენბურგელი სტიუარდესა ნინა დილისკენ მევედრებოდა:

-იქნება ერთი საათით მაინც დაგვეძინა?

-კიდევ ერთხელ, სიხარულო, და მორჩა!

შუადღით საჭმელად გამომძვრალები, პლიაჟზე გამოვიძინებდით, მერე ავიღებდით ალკოჰოლს და ისევ უკან ვბრუნდებოდით. ამ ვითარებაში მთელი ფული ორ დღეში დაიხარჯა. ალფონსობა არაკეთილშობილურად ჟღერდა. სახლში დეპეშის გაშვება, რომ ორმოცდაათი მანეთი გამოეგზავნათ – არ გამოდიოდა.  ჯარის მეგობრის მშობლებისგან ფულის სესხება მეუხერხულებოდა. გამვლელებს ვემათხოვრო – სჯობს მოვკვდე! რჩებოდა – ქურდობა!

ლეგენდა იმის შესახებ, რომ იესომ ცოდვები შეუნდო მის გვერდით ძელზე გაკრულ ქურდს, მიტოვებდა მონანიებისა და პატიების იმედს, ხოლო დამსვენებელთა უცხოური ჯინსები, სათვალეები და საფულეები თითქოს იქით იწევდნენ ხელში ჩასაგდებად.

პირველივე „გასვლა“ საკმაოზე მეტად სარფიანი აღმოჩნდა: ჯინსებსა და მათ ჯიბეში აღმოჩენილ „სეიკოს“ საათში ადგილობრივი გადამყიდველებისგან ასი მანეთი მერგო. თანხა ძალიან მალე გაიხარჯა ბოლო მანეთამდე.

ორი დღის შემდეგ, აღარ მახსოვს რა მიზეზით, ვაგზლის ბაქანზე აღმოვჩნდი. იქ დამსვენებლთა რამდენიმე წყვილი დასეირნობდა. მამაკაცს სიგარეტის მოკიდება ვთხოვე. სანთებელამ წამიერი ალით გაანათა  მისი ოქროს ბეჭედი. არავის შეყენებას არ ვაპირებდი, აქ კიდევ თითქოსდა ეშმაკი შემომიძვრა სულში თვითნებურად. მაშინვე დავაძრე დანა „ლისიჩკა“ და ბეჭდის შეხსნა მოვთხოვე. ჩემდა მოულოდნელად, მამაკაცი უსიტყვოდ დამემორჩილა.

-მაყუთიც მოიტა! და საყურეებიც მოიხსნას შენმა ქალმა!

ფული ბევრი არ მერგო, მაგრამ ჩაცმულობაზე ეტყობოდა წყვილს, რომ ნაქირავებში კიდევ უნდა ჰქონოდათ რამეები გადანახული. იმდენად ადვილად დაემშვიდობნენ ისინი ოქროს ბეჭედს და ფულს, რომ ბოლომდე გავთამამდი, ქალი დავიტოვე, კაცი კიდევ თანხის მოსატანად გავგზავნე.

-ოცდაათ წუთს ვიცდი! მოიტან ორას მანეთს – უვნებელს და მთელს დაიბრუნებ გოგოს!

-კარგით, კარგით! აქვე ვცხოვრობთ! ახლავე!

-შენ კიდევ, საყვარელო, არ ინერვიულო! არცერთ ვარიანტში ცუდი არაფერი მოხდება! დავსხდეთ, დაველოდოთ, ვნახოთ რამდენად ძვირფასი ხარ ქმრისთვის! არ მოვა დროზე და დავიშლებით, ვითომც ერთამანეთი არც გვინახავს!

ქალი დაწყნარდა. სადღაც ორმოც წუთს მხიარულად ვყბედობდით სხვადასხვა თემაზე. არცერთს ეს სიტუაცია დრამატულად არ გვეჩვენებოდა – გასართობ თამაშს უფრო ჰგავდა და მორჩა. უცებ ვამჩნევ, რკინიგზის ლიანდაგების გადაღმა მომავალ  მილიციის  ფარებჩამქვრალ „გაზიკს“.

-სულ არ უყვარხარ ქმარს! ნახვამდის, ლამაზო!

ვდგები და უკანმოუხედავად, სწრაფი ნაბიჯით ვტოვებ ადგილს. უცებ მოსახვევიდან ორნი გამოხტნენ – სამოქალაქოდ ჩაცმულები. სახეზე ვატყობ – ძაღლობა! ნაბიჯი შევანელე და მშვიდად ავუარე გვერდი. მხოლოდ დზარალებულის ისტერიკული კივილის შემდეგ: „დაიჭირეთ! ეგაა!“ – კისრისტეხით ჩავქანდი ქალაქისკენ ჩამავალ კიბეზე.

სირბილისას მოვისროლე ოქროულობაც, დანაც და მილიციელებით სავსე მოედანზე გამოვვარდი. როგორც მოქოქილი მორაგბე, ისე შევვარდი მათ რიგებში და პარკისკენ გავიწიე, მაგრამ ამ დროს ვიღაცის ფეხს წამოვედე და ასფალტს დავენარცხე. მოკლედ, ხელები მომიგრიხეს, ხელბორკილები დამადეს, შემტენეს მანქანაში და წამიყვანეს წინასწარი დაკავების საკანში. გზად ერთ-ერთი მეჩურჩულება:

-ფაქტები და დანა მე მაქვს! წესიერად მოიქცევი და საქმეში ისინი არ გამოჩნდება!

მივხვდი, რომ ქრთამზე მელაპარაკებოდა და უნდობლად ვუპასუხე:

-ყვეელაფერი გასაგებია, უფროსო!

საქრთამე ფულის საიდანმე აღების შანსი არ იყო, მაგრამ ამის თაობაზე არც მიდარდია. რატომღაც მეგონა, რომ არ უწყინარი გამოხდომისთვის, უბრალოდ კარგად მიმბეთქავდნენ, და თხუთმეტი დღის შემდეგ გარეთ მშვიდობით გამომიშვებდნენ. მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად მოხდა.

-გვარი. სახელი. მისამართი! – დაიწყო სუსხიანი ხმით იზოლატორის ოფიცერმა.

მაშინვე წარმოვიდგინე მშობლების სახეები, როდესაც მათ ვაჟის  საქციელის შესახებ აცნობებენ. ამიტომ, იქვე გამოვიგონე გვარ-სახელი და არარსებული მისამართი. დროს გავიყვან, მერე კი გამოჩნდება… ასე ვთამაშობდი „გაუგებრობანას“, და იქამდე ვბოდავდი რაღაც წარმოუდგენელ სისულელეს შეცდომით დაკავებაზე, სანამ კაბინეტში დაზარალებულები არ შემოიყვანეს. მათ, რა თქმა უნდა, ამოიცნეს დამნაშავე და მისცეს ჩვენება. შემდეგ შემოვიდა ის მილიციონერი, მანქანაში ქრთამზე რომ მებუტბუტებოდა და მაგიდაზე გადმოალაგა ოქროულობა და დანა!

„მოვედით!“ – გამიელვა გონებაში.

პროტოკოლის შევსების შემდგომ, ოფიცერმა ღიმილით განაცხადა:

-მაშ ასე, მეგობარო! სამომავლო სურათი შენთვის არცთუ სასიამოვნო იქნება! ყაჩაღური თავდასხმა, მძევლის აყვანა და გამომძალველობა – ესაა იმ მუხლების თაიგული, რომლითაც წახვალ ციხეში! ვინაიდან ყველაზე მძიმე ამათ შორის – ყაჩაღური თავდასხმაა, შენ გემუქრება მკაცრი რეჟიმის კოლონია თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე!

ჩემი გონება ასეთი ინფორმაციის გადახარშვაზე კატეგორიულ უარს ამბობდა.

„არ არსებობს! რამდენიმე გრამისთვის ასეთი ვადა? მეპონტავებიან! მაზანდას მიწევენ!“ – მიტრიალებდა თავში.

ასეთი ვითარებით თავზარდაცემული კამერაში გადამიყვანეს. იქ მყოფებს მივესალმე, შემდეგ წლების მანძილზე პატიმართა სხეულებით ნაცვეთ „ნარზე“ წამოვწექი და მაშინვე ჩამეძინა.

გამოღვიძებული, თავიდან ვერაფრით მივხვდი, თუ სად ვიყავი.

-გაუმარჯოს ძმას! მე სანდრო ვარ! – გამომიწოდა ხელი თანაკამერელმა.

შესახედავად იქნებოდა ორმოცზე ოდნავ მეტის. თითებზე ასხმული ბეჭდების  მიხედვით შეიძლებოდა გემსჯელა, რომ ასეთ ადგილებში პირველად არ უწევდა ყოფნა.

-რაზე აგაგდეს? – დაინტერესდა ის.

-მგონი არც არაფერზე. ყაჩაღობაზე ბოდავენ რაღაცას და „ბეზპრედელის“ მუხლს მტენიან.

ბოლომდე რომ მომისმინა, სანდრომ მხარზე ხელი მომითათუნა და ახსნა დაიწყო:

-ძაღლები არ პონტაობენ! ამოგიცნეს და ჩვენება მისცეს დაზარალებულებმა. დანა შენი ანაბეჭდებით და ოქროულობაც მათთანაა, ასე რომ – ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა! მორჩი ამ სხვისი სახელის ქვეშ ყოფნას – უთხარი ნაღდი მისამართი და მშობლები მოგხედავენ! მათი დახმარების გარეშე, ყველაზე კაი ვარიანტია, მოგიწევს მინიმუმ რვა წელი ჯდომა!.. და ისე კიდევ, იქნებ მოილაპარაკონ შენებმა დაზარალებულებთან, გამოძიებასთან და სასამართლოსთან.

მის სიტყვები ჭკუასთან ახლოს იყო. ყველაფრის აწონ-დაწონვის შემდეგ კამერის კარზე ბრახუნი ავტეხე:

-მორიგე! უფროსთან გამიყვანე!

უფროსის კაბინეტში მე დავასახალე ჩემი ნამდვილი სახელ-გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი.

-ასე უკეთესი არაა? გაიყვანეთ პატიმარი!

კამერაში წინდაუკან სიარულისას ვხვდებოდი, რომ საბოლოოოდ ვემშვიდობებოდი სამხატვრო აკადემიაზე ოცნებას. უდარდელი თავისუფალი ცხოვრება მორჩა, და იწყებოდა ნაციხარ მეგობართა მოყოლილი – ციხის ცხოვრება.

სანდრო, რომელსაც მეშვიდე პატიმრობა ჰქონდა ავტორიტეტი „მაწანწალა“ აღმოჩნდა. კანონიერი ქურდის წოდებას არ ატარებდა, მაგრამ კრისტალურად სუფთა კაცად ითვლებოდა და მის სიტყვას ბევრი უგდებდა ყურს. მოკლედ, მისგან ბევრს ისწავლიდა ადამიანი. ძალიან მალე დავახლოვდით და ისიც მამობრივი სითბოთი საათობით მიზიარებდა გისოსებს მიღმა ყოფის ავან-ჩავანს.

გაგრის წინასწარი დაკავების იზოლატორი ზედ ზღვის პირას მდებარეობდა. თუ კარგად მიაყურადებდი, აუცილებლად გაიგონებდი ტალღების ხმაურს და იმავე ანტონოვის სიმღერის ექოს…

„ვახ, ჩემი კაი! – მეფიქრებოდა იქ.  – როგორაა ნეტა ნინა-სტიუარდესა? გადაირია ალბათ, ასე რო მიაგდეს… დაუმშვიდობებლად…“

შვიდი წლიდანო! ჯერ მხოლოდ ორი დღე გავიდა, და რამდენია კიდევ წინ? ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო ასეთი გრძელი ვადა. ახლახანს არ მივაბოლოვე ორწლიანი ჯარი? და ახლა უკვე – ციხე!

დილიდანვე შემექმნა პრობლმა, რომელსაც ადრე არასდროს შევუწუხებივარ. ესღა მაკლდა. ეჰ, ეს რა ამკიდე ნინკა-ნინკა? გამონადენი იმდენად დიდი იყო, რომ ქვედა საცვლის რეცხვა დღეში რამდენჯერმე მიხდებოდა. კიდევ კაი, თანაკამერლის ახლობლებმა იზრუნეს და შემოაგზავნეს ქვედა საცვლის რამდენიმე კომპლექტი.

-არცერთ ვარიანტში არ დათანხმდე ციხეში გადაყვანას! იქ შენ არავინ მოგივლის! მიაწექი, რომ აქ მოგიარონ, თორემ დაგერხა, ძმა! – მარიგებდა სანდრო.

„ხმაურის“ ატეხვა მომიწია. კარზე „კრუშკით“  დავიწყე ბრახუნი და ღრიალი:

-ექიმი, დროზე! ვენებს გადავიხსნი!!! ექიმი!!!

მორიგემ დამამშვიდა და დამპირდა, რომ ამ საკითხს რამდენიმე საათში მოაგვარებდა. სადილის შემდეგ მე ხელბორკილებში გამომიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ჩამაჯინეს მანქანაში და ქალაქის საავდმყოფოსკენ გამაქანეს. მეგონა, პირველად ვხედავდი ფანჯრის მიღმა გაშლილ ზურმუხტოვან პარკებს, ზღვის სილურჯესა და დანისლულ გორაკებს. მზერა აქეთ-იქით დამირბოდა და მიშტერდებოდა – მოკლე ქვედაკაბიან გოგონებზე, ლუდისმსმელ კაცებსა და მოკოცნავე წყვილებზე. ნიავი სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე. ისუნთქე ღრმად – ვერ გაძღები ვერაფრით!

ორი მილიცონერის თანხლებით, რობინ ჰუდივით ამაყად თავაწეული, ხელბორკილებით დამშვენებული დავაბიჯებდი საავადმყოფოს კორიდორებში და უხვად ვარიგებდი კომპლიმენტებს ახალგაზრდა მედდების მისამართით. დაავადება იმდენად აშკარა იყო, რომ ყოველგვარი ანალიზების გარეშე ექიმმა ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკი დამარჭო  და ჩემს თანმხლებს მიუბრუნდა:

-სამი დღის მანძილზე ყოველდღე ჩემთან აცრაზე!

სამჯერ საავტომობილო გასეირნების შესაძლებლობას არ შეიძლებოდა არ გავეხარებინე. სტიუარდესაზე წყენა – მადლიერების გრძნობამ შეცვალა. დიდი მადლობა შენ, ნინკა, ტრიპერისთვის!

გაგრის წინასწარი დაკავების იზოლატორი გარედან უმაღლეს დონეზე „მარაგდებოდა“. გასაგები იყო, რომ ამაზე გაგრის საძმო ზრუნავდა. ყოველდღე, სადილზე, მათ მიერ კონტროლირებადი რესტორნებიდან შემოდიოდა ცხელი საკვები. გამძღარი „ძაღლები“ აღარ გვესასტიკებოდნენ და მზად იყვნენ შეესრულებინათ ჩვენი ნებისმიერი თხოვნა. ღამით, როგორც წესი, მორიგე ოფიცერს შემოჰქონდა ბიდონი ღვინით პატრიმრებისთვის, უშვებდა „მუხრუჭებს“ და იწყებოდა ქეიფი.

ქალების კამერაში მარტოდმარტო იჯდა  ქურდობაში ეჭვმიტანილი თვრამეტი წლის ბოზანდარა ანჟელა. დიდი მკერდითა და ლამაზი სახით ის საყოველთაო აღტაცებას იწვევდა. სტრიპტიზის სეანსებზე მის კამერასთან ლამის მთელი იზოლატორი იყრიდა ხოლმე თავს. პატიმრები მოუთმენლად ელოდნენ თავიანთ რიგს ეცქირათ სრულიად შიშველი ცელქი გოგოსთვის. ზოგიერთ მათგანს, ანუ ყველაზე წარმოსადეგებს, ანჟელა ნებას რთავდა ხელითაც შეხებოდნენ. მათ რიცხვში მეც შევდიოდი. მსგავსი სეანსების შემდეგ მამაკაცთა საპირფარეშოსთან, გასაგებ მიზეზთა გამო, დიდი რიგი დგებოდა…

ეტყობოდა, ანჟელას ძალიან ჩავუვარდი გულში. ყოველ შემთხვევაში, სეირნობისას ის ჩემ კამერასთან მოდიოდა და სამარადისო სიყვარულს მეფიცებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამ მოუთმენელმა „ნიმფომანკამ“ აბსურდული განცხადებაც გამოაცხო იზოლატორის უფროსის სახელზე – თხოვნით, რომ მას დაერეგისტრირებინა ჩვენი ქორწინება და ახალდაქორწინებულები ერთ კამერაში განვეთავსებინეთ.

პატიმრები და მილიციელებიც კაი ხანს ღადაობდნენ ამ თემაზე. წინასწარ გეტყვით, რომ მერე, გარეთ ყოფნისას ჩვენ ისევ გადავეყარეთ ერთმანეთს და უკვე მეორეჯერ, და უკვე ანჟელასგან ავიკიდე იგივე დაავადება. ამჯერადაც, ექიმთან სამი ვიზიტის შემდეგ, როგორც იქნა, განვიკურნე.

 

 

რუსულიდან თარგმნა  ბესო ხვედელიძემ

 

 

 

 

1 2 3 4 5