ოთხასმელოთე პოლკი
გაზაფხულის ბოლოს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოახლოვდა. მათი წარმატებით ჩაბარების შემდეგ, როგორც იქნა ავიღე საშუალო განათლების ატესტატი. დადგა საკუთარ მომავალში გარკვევის დრო. ქურდული ცხოვრების რომანტიკა მიმზიდველი კი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ გზას ბოლომდე გავყოლოდი. სინამდვილეში ხომ „კანონიერი ქურდის“ წოდება უფრო პასუხისმგებლობაა, ვიდრე პრივილეგია.
ჯერ კიდევ ტყვარჩელურ სიყმაწვილეში მივხვდი, რომ ეს იოლი ფული, ღრეობები რესტორნებში, ლამაზი ქალები და ავტომობილები – მედლის მხოლოდ ერთი მხარე იყო. მედლის მეორე მხარე კი: ოჯახის გარეშე ყოფნაა, წამების წლებია კარცერებში, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა იდეისთვის, საქმეების გარჩევებია შინაურებში, ადამიანებისთვის ბედისწერის შეცვლაა, და მუდამ კანონგარეშე ცხოვრებაა. ერთი სიტყვით, ასეთი ყოფა არცთუ ისეთი იოლი და ლამაზია, როგორც ერთ დროს გვეგონა ბევრ თანატოლს. ისე, მე სულ არ მაშინებდა ეს სამომავლო სირთულეები, მაგრამ მხატვრობა უფრო მიტაცებდა.საკუთარ თავში მხატვრის პოტენციას გამუდმებით ვგრძნობდი, ამიტომ სულ ვოცნებობდი შემექმნა დიდი ტილოები. იმ დროს სამხატვრო აკადემიაში მოხვედრა განსაკუთრებული კავშირებისა და ფულის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელი იყო. მე არცერთი გამაჩნდა და არც მეორე მქონდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ჩამებარებინა მისაღები გამოცდები. მეორე ტურში კი ჩავიჭერი, ძალიან განვიცადე, თუმცა იმედი არ დამიკარგავს – სავალდებულო სამხედრო სამსახურის რამენაირად გადაწევის შემთხვევაში შემდეგ წელსაც აუცილებლად ვცდიდი აკადემიაში მოხვედრას.
არმიაში, როგორც ყველგან იმ დროს, კორუფცია და ნეპოტიზმი ყვაოდა. ჩემი ჯარში გაწვევის გადაწევა ოჯახისთვის წარმოუდგენელი თანხა ღირდა. ოჯახის ვალებში ჩახრჩობა ძალიან მესინდისებოდა, და არც „ჩვენებურად“ თავის დაძვრენა გამოდიოდა არმიიდან.მოკლედ, ყველაფერი ისე დალაგდა, რომ მაისში მე საბჭოთა ძლევამოსილი არმიის რიგებში აღმოვჩნდი. ადგილების განაწილებაში აშკარად გამიმართლა. რაიონის კომისარმა, იმ მომენტში ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, თბილისში დარჩენა შემომთავაზა. როგორც წესი, ახალწვეულებს მშობლიური ადგილებიდან შორს ანაწილებდნენ, აქ კიდევ!.. მოკლედ, ისნის შეკრების ადგილიდან საარტილერიო „უჩებკამდე“ მთელი ახალწვეულთა კოლონა ავლაბრის გავლით ფეხოსნურად მივედით.
პირველივე დღეებში, როდესაც გავიგე კომისრის კეთილგანწყობისა და ჩემი თბილისში განაწილების ნამდვილი მიზეზი, მწარედ ვინანე რომ დავთანხმდი: ოქტომბრის რევოლუციისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამხედრო აღლუმისთვის საგანგებოდ შერჩეული მაღალი და ტანადი ბიჭები ჭირდებოდათ, რომელთაგანაც ადგენდნენ კიდეც სააღლუმე კოლონებს. შესაბამისად, მეც იძულებული ვიყავი, მთელი ექვსი თვის განმავლობაში, დღეში რამდენიმე საათი მწყობრი ნაბიჯით მეტკეპნა რკინისნალიანი ჩექმებით სამხედრო-მოსამზადებელი პლაცი.
ქალაქში დათხოვნას განსაკუთრებული დამსახურება სჭირდებოდა – ასე მაგალითად, თუ ძალიან „გადაირეოდი“ სამხედრო თუ საომარი მომზადებისას, ანუ ყველას აჯობებდი, გაგიშვებდნენ. არც ერთ დისციპლინაში მე არ ვბრწყინავდი, შესაბამისად საკუთარი სახლის დანახვა მხოლოდ იმ გორაკებიდან შემეძლო, რომელთა შორისაც იყო გაშლილი ჩვენი სამხედრო-საწვრთნელი ბაზა. თითქოსდა ხელის გაწვდენაზე, აქვეა ყველაფერი – მხიარული წვეულებები, მოსაფერებელი გოგოები, გემრიელი შინაური საჭმელი და ადამიანური ძილი. მაგრამ არა და არა!
„თავისუფლააად!“, „ადგა!“, უგემური ფაფა, გაუთავებელი მარშირება, ეკიპირება და ტოტალური უძილობა. მოკლედ, უკიდეგანო სევდა! ჰოდა, მეც გადავწყვიტე გამერისკა და ჩემით წავსულიყავი… ბეტონის მაღალ ღობეს იოლად გადავევლე და ვიწრო ბილიკის გავლით ქალაქისკენ დავეშვი, მაგრამ რად გინდა… სადღაც ას მეტრში სრულიად მოულოდნელად სამხედრო ნაწილის უფროსი შემეჩეხა!
-წრიულად გატრიალდი! სამხედრო ნაწილისკენ ნაბიჯით იარ! – ლამის დამიყეფა ოფიცერმა.
თვითნებური საქციელისთვის სასჯელად ათი დღე გამომიწერეს და სადილის შემდეგ გარნიზონის გაუპტვახტზე გადამიყვანეს. იქ უფრო მკაცრად მეპყრობოდნენ, ვიდრე პოლკში. ამ შემთხვევის შემდეგ ქალაქში დათხოვნები სამუდამოდ შემეძლო დამევიწყებინა, მაგრამ უფროსი ძმის ქორწილს მაინც ვერაფრით გამოვტოვებდი. ამიტომ გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა წყეული ბეტონის ღობის გავლით გარეთ გაღწევა.
ძმის ქორწილში მაგრად მოვულხინე. მხოლოდ გვიანღამით ავუჩქარე ნაბიჯს ნაწილისკენ. მეტროს სადგურთან უკვე პატრულს გადავეყარე, შესაბამისად, კვლავ გარნიზონის გაუპტვახტზე აღმოვჩნდი.
აღლუმის შემდეგ მე და ასამდე ჩემნაირი თავზეხელაღებული სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ახალციხეში გადაგვიყვანეს. ხანგრძლივი და ცივი ზამთრის გამო აქაურობას „ქართულ ციმბირსაც“ ეძახდნენ. აქ, მთელი საბჭოთა კავშირიდან ურჩ ჯარიკაცებსა და დანაშაულში გამოჭერილ ოფიცრებს ერეკებოდნენ. ნოემბრის ბოლოსკენ, ერთ ცივ ღამით ყველანი გადმოგვსხეს ვაგონებიდან და კოლონად დაწყობილი გვატარეს ქალაქის გადაღმა მდებარე ოთხასმეხუთე მოტომსროლელთა პოლკამდე, რომელიც სამხედროებში განთქმული იყო როგორც „ოთხასმელოთე“ პოლკი. ასე მწყობრადვე შევბრახუნდით ღამის ცარიელ და ცუდად განათებული ქუჩების გავლით სამხედრო ნაწილში და აღმართთან შევჩერდით. ოფიცრებმა ჯარისკაცები მოსამზადებელ პლაცზე დაგვტოვეს და სახლებისკენ დაიშალნენ.სადღაც ერთი საათის შემდეგ, დილის საყვირის ხმაზე, თბილისის ნაწილის კურსანტები თავპირისმტვრევით გამოვცვივდით დილის ფიზვარჯიშზე. აქ კიდევ სიჩუმეა – არანაირი მოძრაობა! ნაწილს ძინავს… მერე საყვირმა სასაუზმოდ დაასიგნალა!.. და მხოლოდ მაშინღა დაიწყეს ყაზარმებიდან ზლაზნვით გამოსვლა არსებებმა, რომლებიც საერთოდ არ ჰგავდნენ საბჭოთა არმიის მებრძოლ ჯარისკაცებს. ყველა თავისთვის, ზომბივით მიბორიალობდა სასადილოსკენ. სამხედროთა ამხელა ბრბო, ლამის ერთმანეთს ქუსლებზე აბიჯებდა, ისე მიედინებოდა სასადილოს დახურული კარისკენ.
მოულოდნელად კარები გაიღო და სასადილოდან ბანჯგვლიან ხელში უზარმაზარი „კოვშით“კვადრატული ფორმის პრაპორშჩიკი გამოხტა.
-დაიხიეთ ნაბიჭვრებო უკან!!! – „კოვშის“ ქნევით აღრიალდა ის.
ბრბომ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და უკან დაიწია, თუმცა რამდენიმე წუთში შტურმი ისევ განმეორდა და ასაღები ობიექტი აბრით „სასადილო“ დაეცა.ახალწვეულებს არავინ გვაქცევდა ყურადღებას. ადგილზე ფეხისმოცვლით ვტკეპნიდით პლაცს და ვიყინებოდით. მხოლოდ პოლკის საერთო მოწყობისას დაიწყეს ოფიცრებმა ჯარისკაცთა გვარებისა და იმ ნაწილების ყვირილი, სადაც მათ მოუწევდათ სავალდებულო სამსახურის გაგრძელება.
-გიორგი მგელაძე! პირველ მოტომსროლელთა ასეულის ტანკსაწინააღმდეგო ოცეული! – ხმამაღლა გაისმა სივრცეში.
ოცეულს მეთაურობდა კაპიტანი, რომელსაც ასაკის მიხედვით მინიმუმ პოდპოლკოვნიკობა მაინც შეეფერებოდა. მისი გვარი „სუკაჩი“ კაის არაფერს მოასწავებდა, თუმცა საბოლოოდ ის ერთი უწყინარი, გალოთებული ადამიანი აღმოჩნდა.
პოლკის ჯარისკაცები თავიანთ სამეგობრო წრეებს ნაციონალური ნიშნით ქმნიდნენ. სომხების შტაბბინა „სასადილო“ იმ მარტივი მიზეზის გამო აღმოჩნდა, რომ მისი კვადრატული უფროსი სომხეთიდან გახლდათ. პურისმჭრელთა და მზარეულების ადგილებიც შესაბამისად მუდამ მათი იყო. ჩეჩნებს სპორტ-ქალაქი ეჭირათ. ფიზიკური ძალის კულტი ამ ბიჭებს სისხლში აქვთ. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მათი ნახვა ტურნიკთან ან კიდევ ნახერხით მოპნეულ საჭიდაო მოედნებზე. ტაჯიკები რატომღაც ღორების ფერმასთან უფროსობდნენ. ქართველები სანიტარულ განყოფილებასთან ბირჟაობდნენ, რომლის უფროსიც მაიორი ბერულავა იყო. უფრო მომცრო ჯგუფებად დაყოფილი დანარჩენები თავისთვის ცხოვრობდნენ.
იყვნენ მარტოსულებიც. ოცდაშვიდი წლის აზერბაიჯანელი ნავრუზოვი სწორედ ამ კატეგორიის გახლდათ. რუსულად წერა-კითხვა და ლაპარაკი თითქმის არ იცოდა, ამიტომაც მისთვის სრულიად უცხო იყო სავალდებულო სამსახურის შინაგანაწესი. ყარაულს მას არ აკარებდნენ, სამხედრო სწავლებებში ის მონაწილეობას არ იღებდა. ავტომატი სულ ერთადერთხელ ეჭირა, და ისიც სამხედრო ფიცის დადებისას. მერე კი, დაბოლილი დაბორიალობდა ნაწილის ტერიტორიაზე და თავის ენაზე რაღაცას გულისგამაწვრილებლად ღიღინებდა. ერთხელ, როდესაც მთელი პოლკი სამხედრო-საველე სწავლებაზე ნაწილიდან გადიოდა, მებრძოლთა ნაკლებობის გამო იძულებული იყვნენ ნავრუზოვი გსმ-ის საწყობის პოსტზე დაეყენებინათ. კაი ხანს უხსნიდა ოფიცერი თავის მოვალეობას ნავრუზოვს, საიდანაც მან მხოლოდ ერთი გაიგო: – არავინ მიუშვა ახლოს!
მოკლედ, დატოვეს ეს ადამიანი საწყობთან სადარაჯო პოსტზე და როგორც შინაგანაწესი ითხოვდა, ორ საათში ცვლამ მიაკითხა. ნავრუზოვმა კიდევ, დამცველი შეხსნა ავტომატს და შემცვლელს მიუშვირა.
-ზდექ! გეზვრი იზოდე!
შემცვლელი უხსნის, რომ მისი პოსტზე დგომის დრო გავიდა, მაგრამ ნავრუზოვს მაინც არაფერი ესმის.
-მე არავიზ უშვებზ პოზტთან! არ მოახლოვდე! გეზვრი, იზოდე!
წავიდნენ. ცვლის უფროსი მოიყვანეს, მაგრამ ისტორია ზუსტად იგივენაირად განმეორდა. ათი საათის განმავლობაში ნავრუზოვის შეცვლა მაინც ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ანაშის მარაგისა და მშრალი საკვების ამოწურვის შემდეგ ნავრუზოვმა მიწაზე დააგდო ავტომატი და ნელა – ისე, რომ ყურადღება არავისთვის მიუქცევია, ყაზარმისკენ თავად წაბოდიალდა.
ოფიცერთა შემადგენლობაშიც იყვნენ საინტერესო პერსონაჟები. ასე მაგალითად, ოცდაათ წელს გადაცილებული სიროტინი, რომელიც სასწავლებლის დამთავრების დროიდან მოყოლებული ჯერ კიდევ უმცროსი ლეიტენანტის პაგონებს დაატარებდა. ის სპეციალურად შეკერილ სამხედრო ფორმასა და ბწყინვალებამდე აპრიალებულ ჩექმებში დაიარებოდა. მაღალი და სწორი აგებულების, მოვლილი და მუდამ სუფთად გაპარსული, რაღაცით მეფის არმიის პორუჩიკსაც კი ჰგავდა. ზურგს უკან მას „თეთრგვარდიელსაც“ კი ეძახდნენ. გაუთავებელი, შავ ცხელებამდე სმა იცოდა, რაც აშკარად ხელს უშლიდა სამსახურეობრივ წინსვლაში.
ერთხელაც, გაუპტვახტზე პოსტზე დგომისას, გახეული მთვრალი სიროტინი ენის მოსაფხანად შევიდა დასჯილ ჯარისკაცებთან და იქვე ჩაეძინა კიდეც. დასჯილებმა გადაწყვიტეს გახუმრებოდნენ: პორტუპეიდან ამოუღეს პისტოლეტი და ნაგვის ყუთში დაუმალეს. სიროტინს ორი საათი ეძინა. გამოღვიძებისთანავე დაუბრუნდა თავის პოსტს და მხოლოდ იქ აღმოაჩინა, რომ უიარაღოდ იყო. მაშინდელი წესების მიხედვით, ვინც კი იარაღს დაკარგავდა, ტრიბუნალი არ ასცდებოდა. ბევრი არ უფიქრია სიროტინს – ვიღაც ჯარისკაცს ავტომატი გამოართვა, დასჯილ ჯარისკაცთა კამერაში დაბრუნდა, იარაღს დამცველი შეხსნა და კბილებიდან მბრძანებლურად გამოსცრა:
-ათამდე ვითვლი! არ დააბრუნებთ პისტოლეტს, ვხსნი ცეცხლს!.. ერთი!..
შეშინებულმა ჯარისკაცებმა მაშინვე დააბრუნეს იარაღი. იარაღის პატრონს ხმა არ ამოუღია, ისე წავიდა საყარაულო პოსტისკენ და სმა განაგრძო.რამდენიმე თვის შემდეგ უმცროსმა ლეიტენანტმა სიროტინმა გაურკვეველი მიზეზების გამო თავი მოიკლა.
ყველას, ვისაც კი „ოთხას-მელოთეში“ უმსახურია, ეხსომება მუსკულებით მოთამაშე კაპიტანი ბანდაროვი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ – უსახელოებო ბეწვის ქურთუკში გამოწყობილი მორიგე ოფიცერი მკერდზე ჯილდოებითა და სატაბელო იარაღებით მენჯებთან. აი ასე, კოვბოისავით გამოიყურებოდა ამხანაგი ბანდაროვი, ვინც ყოველ დილის „ადგაზე“ აყირავებდა ორსართულიან საწოლებს ყაზარმაში და პანღურებით გაყავდა სანახევროდ მძინარე ჯარისკაცები ფიზმომზადებაზე. ვისაც მისი ეს მეთოდები არ მოსწონდა, კაპიტანი მათთან საქმეს არა პოლკის უფროსის კაბინეტში, არამედ ყაზარმის უკან, ერთი-ერთზე არჩევდა. იმ თამამ ჯარისკაცებს, რომლებიც უკან არ იხევდნენ და ჩხუბზე მიდიოდნენ, კაპიტანი ბანდაროვი არ „უშვებდა“, პირიქით, პატივს სცემდა და შემდგომში არანაირად აღარ აწუხებდა.
არტილერიის უფროსი მაიორი კაბისოვი კი – კუსტურიცას კინოებისთვის ზედგამოჭრილი გროტესკული ფიგურა იყო. ყველასთვის ნაცნობი ფრაზა: „თხარეთ ბორდიურიდან სადილობამდე!“ ალბათ პირველად მისი პირიდან გაისმა. მას ნაწილში გაფუყული ინდაურივით სეირნობა და შემხვედრთათვის შეგონებების კითხვა უყვარდა. ხაზი რომ გაესვა საკუთარი მნიშვნელობისთვის, მის წინ უგულისყუროდ და გაბეზრებულად მდგომი ჯარისკაცის „ნოტაცია“ ყოველთვის სრულდებოდა მაიორ კაბისოვის წივილით:
-ეგრე ვის უდგეხარ, შე ღოროოო!!! დადექი, როგორც შეგიძლიაააა!!!
ასეთ აბდაუბდა ხალხში ბუნებრივია, ხშირი იყო ჩხუბიც. ქართველები ჩეჩნებთან კარგად იყვნენ და იცავდნენ წესს: ერთმანეთისთვის ხელი არ ეხლოთ, თუმცა ერთხელ შეხლა მაინც მოხდა.
„ოთხასმელოთე“ პოლკი იმითაც იყო ცნობილი, რომ დედაქალაქიდან სამხედრო ფიცის დასადებად აქ სპორტსმენები ჩამოჰყავდათ. ისინი მხოლოდ ერთი თვე იყვნენ ხოლმე პოლკში, შემდეგ კი ბრუნდებოდნენ თბილისში ამიერკავკასიის არმიის სპორტულ კლუბში (ასკ) სავალდებულო სამსახურის გასაგრძელებლად. სწორედ ასე მოხვდა ნაწილში სპორტის ოსტატი თავისუფალ ჭიდაობაში, მსუბუქი წონის თემურ ნასურაშვილი.
სასადილოში, როგორც წესი, ჯგუფად მივდიოდით და ვბრუნდებოდით. თემური კიდევ, ერთხელაც ჯგუფს ჩამორჩა და მარტო შერჩა იქაურობას. მისი შელაპარაკება „ახალბედა“ ჩეჩენთან სწრაფად გადაიზარდა ჩხუბში. არცერთმა იცოდა მოლაპარაკების შესახებ. გასაგებია, რომ ყველაფერი მოჭიდავის უპრობლემო გამარჯვებით დასრულდა. ჩეჩენს ბევრი არ უფიქრია – თავისიანების დასაძახებლად გავარდა.
ათი წუთის შემდეგ ჩვენს მოჭიდავეს სასადილოს გასასვლელთან ჩეჩნების მთელი ჯგრო ელოდა – მაღალი, დაკუნთული ათლეტის გარკუევის მეთაურობით. ჩექმებით ცემის პერსპექტივა სულ უფრო ახლოვდებოდა. ნასურაშვილმა იცოდა, რომ ჩეჩნები პატიოსანი ბრძოლის მხარეს არიან და მაშინვე შესთავაზა:
-მზად ვარ ერთი-ერთზე ვეჩხუბო ნებისმიერ თქვენგანს!
ბუნებრივია, ნაბიჯი წინ გარკუევმა გადმოდგა. თემურზე ბევრად მძიმე და ძალიან მაღალი, მეტოქეზე უპირატესად გამოიყურებოდა. ბრძოლის შედეგიც თითქოსდა ნათელი იყო. ბრბო ადგილზე დარჩა, ხოლო თემურმა და გარკუევმა სასადილოს შემოუარეს ოფიცერთა მზერას რომ არ მოხვედროდნენ. თემური წინ მიაბიჯებდა და გუნებაში მომავალ ორთაბრძოლაში საკუთარ შანსებს წონიდა. გამარჯვების მხოლოდ ერთი გზა ჩანდა – ფეხებში მოულოდნელი შევარდნა. იქ უკვე, სპორტის ოსტატს თავისუფალ ჭიდაობაში თავისი შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა.
ეს ყველაფერი რომ გადახარშა, ნასურაშვილი მკვეთრად მოუტრიალდა გარკუევს და მისი ფეხებისკენ სადღაც ხუთი მეტრიდან ისკუპა. ფინტი გამოვიდა! ზემოდან მოქცეულმა თემურმა ჩეჩენს ხელები ბულტერიერის მკვდარი ბოჭვით შეუკრა, თან ამ დროს თავურიც დაუშინა მოწინააღმდეგეს სახეში. სისხლმა გარკუევის ცხვირიდან პირველივე თავით დარტყმაზე იხუვლა. რამდენიმე წამის შემდეგ ის საერთოდ გაითიშა. მძიმედ მსუნთქავი თემური მოულოდნელობისგან დაბნეულ ჩეჩენთა ბრბოსთან გამოვიდა და თქვა:
-წაიღეთ ეგ თქვენი ფალავანი! დახმარება ესაჭიროება!
ყაზარმაში გამარჯვებული ნასურაშვილი სხვისი სისხლით ბოლომდე გაჟღენთილი ჰიმნასტერკით დაბრუნდა. ერთი კვირის მერე გარკუევიც გამოწერეს.
-მანახეთ ერთი ეგ თქვენი გმირი! ყოჩაღ შენ, ძმაო! ასეთს შენგან საერთოდ არ ველოდი!
ბიჭებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ისე რომ არცერთს გულში ბოღმა არ ჩაუდია, და დაიშალნენ.
აი ასეთ ამბებში – მთვრალობებში, ჩხუბებში, თვითნებობებში გაიარა ჩემმა ცხოვრებამ სამხედრო ნაწილში, რომლის თავზეც იგივე წარმატებით შეეძლო წითელი დროშის მაგიერ ანარქისტულ, ჩონჩხისთავიან დროშას ეფრიალა. მთელი ორი წლის განმავლობაში, ყოველდღე ძილისწინ, როგორც ბევრი სხვა, მეც ვხვრეტდი დღეებს ჯიბის კალენდარზე და ბოლო-ბოლო ის ბოლო დღეც მივახვრიტე.
დემბელი!