სიყვარული მატარებელში

 

ჩემი სახლში არყოფნისას მშობლებმა მოახერხეს ეკონომიურად შეეგროვებინათ და განზე გადაედოთ ორიათას მანეთზე ოდნავ მეტი. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისელი სპეკულიანტები ძალიან დიდ ფასებს „ურტყამდნენ“, ჩვენ მოსკოვში გამგზავრება გადავწყვიტეთ. იმპორტული საძინებლის თუ სასადილო გარნიტურის თავის ფასში ყიდვა მხოლოდ იქ თუ შეიძლებოდა. ნაცნობი მოლარის დახმარებით შევიძინეთ ორი პლაცკარტ-ბილეთი და რამდენიმე დღეში თბილისი-მოსკოვის სწრაფი მატარებლით  მე და დედაჩემი გზას დავადექით.

უხერხულია, მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ ქალთან ოც წლამდე არ ვიყავი  ნამყოფი. კლასელი გოგონები, როგორც კავკასიელებს შეეფერებათ, თავს გათხოვებამდე ინახავდნენ და მხოლოდ კოცნაზე თუ მოდიოდნენ. ჯარში, ქალაქში დათხოვნის გარეშე, ქალთან შეხვედრაზე არც კი უნდა გეოცნება. წელიწადნახევრის განმავლობაში ღვთისგან დავიწყებულ ახალციხეში  ერთხელ თითქოსდა გამოჩნდა ოფიცრის ცოლთან ურთიერთობის შანსი, მაგრამ მანაც ვერ გაამართლა. ამიტომაც მატარებელი, რომელიც სავსე იყო რუსი ტურისტი გოგოებით, სწორედ იმ ჯადოსნურ ადგილს ჰგავდა, სადაც ეს პირველად უნდა მომხდარიყო.

დედას ჩემოდნების დალაგებაში მივეხმარე, მერე თეთრეულიც გავშალე და ვაგონებში სიტუაციის დასაზვერად გავეშურე. მაშინვე აშკარად გამიმართლა: ერთ-ერთ ტამბურში სიგარეტის ეულად მწეველ გოგონას გადავწყდი. ჯინსებში გამოკვართული გრძელი ფეხებით, აფუებული ქერა თმითა და მაღალი მკერდით – იქნებოდა ასე ოცდახუთის.

„ეგაა, რაცაა!“ – გავიფიქრე მოუთმენლობისგან გადამწვარმა.

პრაქტიკულად, იქვე შევთანხმდით ყველაფერზე. ეტყობოდა, გოგონაც იმავე ტალღაზე იყო. მას მარინა ერქვა. თანხმობა მიღებულია, მაგრამ ისმის კითხვა – სად?  შეიძლებოოდა საპირფარეშოს გამოყენება, მაგრამ პირველი გამოცდილების ასეთ არაპრეზენტაბელურ ადგილას მიღება ძალიან არ მინდოდა.  უფროსი მეგობრებისგან გაგონილი მქონდა, რომ საძილე ვაგონის გამცილებლები, ასეთ დროს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, თავისუფალ კუპეს თმობენ ხოლმე. გოგონა ტამბურშივე დავტოვე და შესაბამისი ვაგონისკენ დავიძარი. დარცხვენილი, კაი ხანს ვუხსნიდი გამცილებელს სიტუაციის შინაარსს.

-ქალი გინდა გაჟიმო? – უბრალოდ დაინტერესდა ის.

-მაგრად!

-ჩამო თუმანს და მეოთხე კუპე ორი საათით შენი იქნება.

-და ხუთი მანეთი რომ მოგცეთ ახლავე, და დანარჩენი მერე?

-მოსულა!

არცერთი წამით აღარ შევყოვნებულვარ, ისე გავვარდი უკან.

ორსაათიანი სასიყვარულო ჭენაობა ელვის სისწრაფეში გაილია. რეალობა გაცილებით ტკბილი აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი ვაჟიშვილური ფანტაზიები. დარჩენილი ხუთი მანეთის გადახდას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ კუპე ფრთხილად გავაღეთ და ჩუმად გავიპარეთ ვაგონიდან. იმ დარჩენილ ხუთ მანეთად ვაგონ-რესტორანში ბოთლი ღვინო ვიყიდეთ და უკვე მარინას კუპეში დავბრუნდით. მარინამ რაღაც გადაუჩურჩულა თანამგზავრ გოგონას, მანაც პასუხად თანხმობით სავსე მზერა მიაგება და კორიდორში გავიდა. ჭენაობა გაგრძელდა.

საკმაო ხნის მერე, კარზე ტაქტიანი მოკაკუნებით კუპეში მარინას მეზობელი დაბრუნდა. აქ გამახსენდა დედაჩემი, რომელიც სადღაც ექვსი საათის წინ დავტოვე მეზობელ ვაგონში.

-ნერვიულობს ალბათ! – მადლიერად გადავკოცნე მარინა და საკუთარი ვაგონისკენ გავბრუნდი.

-სად დაიკარგე?! საერთოდ გადავირიე! აღარ ვიცოდი რა მეფიქრა! – ხაზგასმული სიმკაცრით გამთათხა დედამ.

დილიანად, წესიერად არც კი იყო გათენებული, ისევ მარინასთან გავვარდი.

ბინგო!

როგორც გაირკვა კუპის მეზობელი წინა ღამით რომელიღაც სადგურზე ჩასულიყო, ანუ მოსკოვამდე ამ კომფორტული კუპეთი მარტოებს უნდა გვემგზავრა! კუპეში არავინ რომ არ შემოესახლებინა, გამცილებელს თუმნიანი ჩავუკუჭე, დედაჩემი გავაფრთხილე – არ დამლოდებოდა, თავად კი ტყვიასავით გავვარდი მარინასკენ.

როგორც იქნა მოვახერე დღის სინათლეზე შემეთვალიერებინა მისი სახე. მარინა ორივე თვალს აელმებდა და ამ დეფექტის დასამალად, ხშირად გადაჰქონდა მზერა აქეთ-იქით.

„რა საყვარლობაა!“ – გამეფიქრა მე.

იმ მომენტში ჩემს რჩეულს  მაინც ყველაზე ლამაზ და მიმზიდველ გოგოდ აღვიქვამდი. იმ სადგურამდე, სადაც ის უნდა ჩასულიყო, დარჩენილი იქნებოდა კაი ათი საათი. მთელი ამ დროის მანძილზე, ხანმოკლე შესვენებებს თუ არ ჩავთვლით, ვერ აგვაწებებდა ერთმანეთისგან ვერავინ.

მოსკოვში საღამოთი ჩავედით. ნაცნობებამდე, სადაც უნდა გავჩერებულიყავით, გვიანობას მივაღწიეთ. რატომღაც არ მჯეროდა, რომ ქვეყნის დედაქალაქში – მსოფლიოს საუკეთესო ქალაქში ვიმყოფებოდი. ხედი აივნიდან თითქმის არ განსხვავდებოდა თბილისური პეიზაჟისგან – ვხედავდი ისეთივე უსახურ, ტიპობრივი მრავალსართულიანების რაიონს, ამიტომაც გადავწყვიტე ხვალემდე აღარ გადამედო და ახლავე წავსულიყავი წითელი მოედნის მოსანახულებლად.

ძლივს გავერკვიე მეტროპოლიტენის სქემაში, მერე ავირჩიე საჭირო მარშრუტი და უკვე ნახევარ საათში ამოვყავი თავი მეტროს სადგურზე – „რევოლუციის მოედანი“. ცოტა ხანს მეტროს გასასვლელებში ვიბოდიალე, ბოლოს როგორც იქნა ქუჩაში გავედი და კრემლის კოშკების დანახვაზე ადგილზე გავირინდე. აგერ – წითელი მოედანი, ლენინის მავზოლეუმი, სპასკის კოშკი, წმინდა ბასილის ტაძარი.

-მოსკოვს გაუმარჯოს! – აღმომხდა აღტაცებით.

აუჩქარებლად, თვალებით ვაფოტოვებდი ყველაფერს, რაც კი მზერის არეალში მხვდებოდა. ბოლოს კრემლს შემოვუარე და ბოლო მატარებლით დავბრუნდი უკან.

დილით ლენინის პროსპექტზე მდებარე „ავეჯის სახლისკენ“ გავწიეთ. როგორც გაირკვა, ფული მხოლოდ რუმინულ სასადილო გარნიტურსა და გდრ-ის რბილ სამეულზე გვყოფნიდა, თან მათ შეძენას მოსკოვის ჩაწერაც ჭირდებოდა. კიდევ კაი, ახლოს მცხოვრები მოქალაქეეები ამ პრობლემას ორმოცდაათ მანეთად აგვარებდნენ. მოველაპარაკეთ ქალს, რომელიც ზედ მაღაზიის ზღურბლთან სთავაზობდა შემსვლელს თავის სამსახურს. ქალმა სალაროსთან წარადგინა პასპორტი და გადაიხადა საფასური. უკვე ნახევარ საათში შენაძენი მის ბინაზე მიიტანეს, ხოლო მომდევნო დღეს კი, კოხტად შეფუთული ავეჯი სატვირთო ვაგონით დაიძრა თბილისისკენ.

 

 

 

1 2 3 4 5