ბავშვობის სურათები

 

ჩემი ბავშვობა, როგორც სხვა ტყვარჩელელ ბავშვთა ცხოვრება უდარდელ-უზრუნველი იყო: ეზოში გვიანობამდე თამაში, ლაშქრობები მთაში თუ ჩანჩქერთან, ჩხუბები მეზობელ ხეობელ ბიჭებთან აწრთობდა და აყალიბებდა ჩემ ხასიათს. მეხსიერებაში მყარად ჩამრჩა რამდენიმე ტრაგიკული ეპიზოდი იმ შორეული წარსულიდან. მახსენდება გათეთრებული, შიშისგან მოღრეცილი მამაჩემის სახე, ხელში ორლულიანი თოფით მძღოლის წინ, რომელმაც მისი შვილი გაიტანა.

-ბავშვი ცოცხალია?

-დიახ… – ისმის შეშინებული პასუხი.

-მაშინ ჩათვალე, რომ შენც ცოცხალი ხარ!

სატვირთო მანქანასთან გაწოლილს თავს აქვითინებული დედა დამტრიალებდა, რომელსაც მიკნავებული ხმით ვამშვიდებდი:

-ნუ ტირი, დე! არ მტკივა არაფერი!

ღმერთმა დამინდო – ნაკაწრებითა და მსუბუქი დალურჯებებით გადავრჩი. მახსოვს, მანქანის ქვეშ ეგდო ბავშვის დაჭყლეტილი ცალი ფეხსაცმელი, რომელიც კიდევ დიდხანს ინახებოდა ჩვენს ოჯახში.

ამ შემთხვევიდან ერთი წლის თავზე დედა ისევ დაფეხმძიმდა. ერთხელაც ბნელ სადარბაზოში კიბეზე დაშვებისას ფეხი დაუცდა და მუცელზე დაეცა. ნაადრევი მშობიარობისას პატარა ქალიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანდახან თვალწინ მიდგას ხოლმე  ერთი ბეწო კუბო, რომელშიც წევს ლამაზი თოჯინასავით მორთული ჩემი და ნადეჟდა.

მახსოვს ისიც, უფროსების ლაპარაკს რომ მივუგდე ყური, იმის შესახებ, რომ დღეს ღამით გარდაიცვლებოდა ჩემი საყვარელი პელაგეა ბებო. სასოწარკვეთილი გავვარდი მახლობლად მდებარე საავადმყოფოში და აცრემლებული თეთრ ხალათებზე ვექაჩებოდი ექიმებს.

-ჩქარა! დროზე! ბებიაჩემი კვდება!

ბებია ნადეჟდას (ჩემი დის) გვერდით დამარხეს…

ხუთი შვილის რჩენა მხოლოდ  მამაჩემის ხელფასით შეუძლებელი იყო, ამიტომაც დედაჩემმა, რისკის ფასად, ანუ „არაშრომითი შემოსავლების“ მიზნით დაიწყო ქალების კაბების კერვა. კონკურენტი ქალაქში ნაკლებად ყავდა. ნელ-ნელა შეუგროვდა მუდმივ შემკვეთთა წრე, მაგრამ ფული მაინც არ გვყოფნიდა. უცნაური იყო ის, რომ  მამაჩემს, ვინც რეპრესიებისგან ძალიან დაზარალდა, კედელზე სტალინის ფოტო-პორტრეტი ეკიდა, და ეს იმ დროს, როდესაც ეს ჟესტი არ ითვლებოდა მისასალმებლად. ოჯახი მუდმივად ორმაგი საფრთხის წინაშე იდგა. სვეტლანას „არაშრომით შემოსავლებს“ და ვლადიმირის ყოვლად აუხსნელ სიმპატიას ყველა ერის ბელადის მიმართ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა გაეფუჭებინათ „ბედნიერი“ ცხოვრება, ამიტომაც კარზე გაუთვალისწინებელი კაკუნისას საკერავი მანქანა და დიდი ბელადის პორტრეტი სასწრაფოდ იმალებოდა უზარმაზარ ზანდუკში. ზანდუკი ბოლო ოთახში იდგა. მოულოდნელი სტუმრების წასვლის შემდეგ ყველაფერი ისევ თავის ადგილს უბრუნდებოდა.

ასეც ვცხოვრობდით.

 

 

 

 

პირველი ქურდობა

 

დაწყებით კლასებში გამიმართლა და მეზობელ ეზოში მცხოვრები მოხუცი ფილატელისტი გავიცანი. მასთან ხშირად შევირბენდი ხოლმე და მარკების ფანტასტიკურ სამყაროში ვიძირებოდი. მხვდებოდნენ საკმაოდ იშვიათი ეგზემპლიარებიც. ღია ფერები და ეგზოტიკურ ქვეყანათა სახელები მომნუსხავად ჟღერდა. შემეძლო, საათობით მეთვალიერებინა ისინი. ერთხელაც, ჩემდა სასიხარულოდ, მოხუცმა რამდენიმე ათეულ-მარკიანი მომცრო ალბომი მაჩუქა.

იმ დღეს გამიჩნდა სურვილი, რომ ბიჭებში ყველაზე დიდი კოლექცია შემეგროვებინა. დავიწყე ხურდის განზე გადადება, რომელსაც სკოლის ბუფეტისთვის  მაძლევდნენ, თვეში ერთხელ კი, მივრბოდი მახლობელ „სოიუზპეჩატის“ ჯიხურთან და ცხოველი ინტერესით ვათვალიერებდი ვიტრინაში გამოფენილ მარკებს, თუმცა კი მხოლოდ იმათ ვყიდულობდი, რომელზედაც ფული მყოფნიდა. საუკეთესო კოლექციის შექმნა უსაშვეელოდ იწელებოდა, და ამიტომაც გადავწყვიტე წავსულიყავი ცხოვრებაში პირველ ქურდობაზე. გვიან ღამით კიოსკის ფანჯარა ხელის გელათი გავაღე, შიგნით გადავძვერი, აუღელვებლად ჩავაწყვე ჩანთაში მარკებიანი ალბომები და მშვიდობიანად დავბრუნდი სახლში. ასეთი სიმდიდრის ხელში ჩაგდება ისე მახარებდა, რომ სინდისის ქენჯნას ერთ დღეში მოვერიე. მეგობრებისა და მშობლებისთვის ძნელი იყო ამეხსნა, თუ რატომ იმატა შესამჩნევად ჩემს კოლექციაში მარკების რაოდენობამ, ამიტომ კიდევ კაი ხანს ეულად მიწევდა მათით ტკბობა.

ბუნებრივია, მშობლებმა ბავშვობიდანვე ამიხსნენ, რომ მოპარვა ცუდია, მაგრამ ქუჩის კანონები საწინააღმდეგოს ამბობდნენ. ძველი ბიჭები, რომლებიც რომანტიკულ ბურუსში ხვევდნენ ქურდულ ცხოვრებას, ტყვარჩელში საკმარისად იყვნენ. ადგილობრივი ბიჭბუჭობა აღფრთოვანებული იყო მათი ჩაცმულობით, სიარულისა და ლაპარაკის მანერით. ჟარგონზე ნათქვამი ყველა სიტყვა სამუდამოდ ილექებოდა და იბეჭდებოდა მოზარდების მეხსიერებაში. რა იყო „კარგი“ და რა „ცუდი“, მე მაიკოვსკის ლექსებიდან კი არ მისწავლია, არამედ „ლაგერნიკების“ მონათხრობებიდან „სწორად ცხოვრებაზე“.

დიდი არაფერი უნდოდა, რომ ხანდახან მოხუცი ფილატელისტის კოლექციიდან ჩუმად ამეწაპნა რამდენიმე სასურველი მარკა, მაგრამ ქუჩის კოდექსი ამის უფლებას არ იძლეოდა. შინაურებს და დაუცველებს არ ქურდავენ – წერტილი! სულ სხვა საქმე იყო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც „სოუიზპეჩატის“ ჯიხურში  გამოეკეტათ. ალბათ თავად ღმერთს სურდა ეგრე…

მალე მომეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთ ძარცვაში მიმეღო მონაწილეობა. არდადაგების წინ ნაჯდომ რეციდივისტების ჯგუფთან ერთად აიწია და გაიქურდა პროდუქტების საწყობი. ეზოს ბავშვები, რომლებმაც ამის შესახებ მილიციაზე ადრე გავიგეთ, მეორე დღესვე შევესიეთ საწყობს. წავიღეთ კანფეტების ასზე მეტი შეკვრა. მთელი შემდეგი დღეები ჩვენი ეზოელები დეფიციტური შოკოლადის ფცქვნაში ვიყავით.

ორშაბათ დილით საწყობის თანამშრომლებმა მილიციას ქურდობის შესახებ აცნობეს. ცარიელ და ქუჩებში გაბნეულ კანფეტების კოლოფებზე დაყრდნობით საღამოსკენ  ძარცვის მონაწილეეებიც დაადგინეს. ადგილობრივი ავტორიტეტის რჩევით, ბაჭაჭყანებმა ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღეთ. ათი წლის ბავშვებს ვერავინ ვერაფერს შეგვიფარდებდა, ამიტომ მათ მშობლებს უნდა ეკისრათ კომპენსაციის გადახდა. ეს ვალიც უფროსმა განაბებმა გაანულეს. მოკლედ, სახელმწიფოს ჩათვლით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა…

 

 

თბილისში გადასვლა

 

გათავისუფლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ მამა მაინც რეაბილიტირდა და ოჯახს მიეცა შესაძლებლობა დედაქალაქში გადავსულიყავით. ამ დროისთვის დებმა – რაისამ და ტატიანამ გათხოვება მოასწრეს, ხოლო უფროსი ძმა ნიკოლაი კი – დაქორწინდა. მშობლებთან ერთად მე და შუათანა ძმა თბილისში გადავედით. მამამ  ბინის მიღების იმედად სამშენებლო ორგანიზაციაში იურისტკონსულად დაიწყო მუშაობა. თუკი ადრე, ტყვარჩელში, ის მაღაროდან გვიანღამით ჭუჭყიან რეზინის ჩექმებსა და ბრეზენტის გაცვეთილ ლაბადაში ბრუნდებოდა, ახლა ის რუხ კოსტუმში, გახამებულ პერანგში ჰალსტუხით დააბიჯებდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად ვიცვლიდით ნაქირავებ ბინებს თბილისში. და ბოლოს, როგორც იქნა, ეს მოხდა!

ერთხელაც მამა სამსახურიდან სახლში ღვინითა და ძვირიანი სანოვაგით დაბრუნდა. დედას საზეიმო სუფრის გაშლა სთხოვა, მაგიდას ჩამოუჯდა და ჯიბიდან აღტაცებული სახით ამოიღო სამოთახიანი ბინის გასაღები! ზუსტად კვირის თავზე ახალმოსახლეებმა გადავაბიჯეთ  იმ ბინის ზღურბლს, რომელშიც ჯერ კიდევ ახალი საღებავის სუნი ტრიალებდა. ადრე, ვიდრე ნაქირავებიდან ნაქირავებში გადავდიოდით, ავეჯის ყიდვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ერთი ხანობა სრულიად ცარიელ, ახალ ბინაში ვცხოვრობდით, თუმცა ყველას საკუთარი ოთახი გვქონდა.

ვიქტორი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლას განაგრძობდა, მე კი, კიდევ ერთხელ მომიწია სასწავლებლის შეცვლა. ახალ სკოლაში თავის დამკვიდრებასა და მალე შეგუებაში ტყვარჩელური ქუჩის გაკვეთილები მეხმარებოდა. არცერთი საქმის გარჩევა და ჩხუბი უჩემოდ არ ხდებოდა. გარშემომყოფები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ხულიგნის ცხოვრების გზა წინასწარგანსაზღვრულია: დღეს თუ არა ხვალ ყველაფერი ციხეთი დამთვარდება. მე კიდევ, ჩემ მომავალს სულ სხვა ფერებში ვხედავდი. სკოლა „კარგებითა“ და „ფრიადებთ“ დავამთავრე. ბევრს ვხატავდი და  სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე ვოცნებობდი.

„რკინის ფარდის“ ეპოქაში თბილისს სოც-ქვეყნებიდან ხანდახან მუსიკოსები სტუმრობდნენ. საბჭოთა ვოკალურ-ინსტრუმენტული-ანსამბლების ფონზე – უნგრული „ომეგა“, პოლონური „ჩერვონი გიტარი“ ან სულაც გდრ-ის „პუდისი“  ჭეშმარიტ  „ფირმებად“ გამოიყურებოდნენ. მათი ვარცხნილობა, სამოსი, ინსტრუმენტები, რეპერტუარი და სცენაზე ქცევა შოკში აგდებდა პუბლიკას. იმ შემოდგომით ქალაქის კედლები აწებებული იყო პოლონური „ჩერვონი გიტარის“ აფიშებით. მოკლედ, ყველანაირი მართალ-ტყუილის გამოყენებით, მე და  ჩემმა კლასელმა ვადიმმა მაინც მოვახერხეთ საყვარელი ჯგუფის კონცერტზე შეღწევა. მოგუგუნე დარბაზი, ფერადი შუქები და ციმციმები, საყვარელი ჰიტები და პლუს მრავლისმეტყველი ნაცნობობა ორ გოგონასთან ამ საღამოს დაუვიწყარს ხდიდა.

კონცერტის შემდეგ ახალი ნაცნობები მცხეთაში გავაცილეთ. ახლოს არ იყო მაინცდამაინც, მაგრამ მიზანი მაინც ამართლებდა საშუალებას. გოგონები დამყოლები ჩანდნენ. მათთან ღამით დარჩენაც რეალური იყო. დანიშნულების ადგილზე ღამის ორზე მივედით. დაგვერხა! მშობლებს არ სძინავთ, განმარტოების შანსი – ნული! ჩამოვჯექით, გავისაუბრეთ, მერე ბოლომდე მომსპრები დავბრუნდით სადგურზე და დაველოდეთ თბილისისკენ მიმავალ პირველ  მატარებელს.

ღამის ოთხი საათი, ცარიელი სადგური, გარიჟრაჟის სუსხი და ორი იმედგაცრუებული გმირი ბაქანზე. არ ვიცოდით რა გვექნა… ბაქანზე ბორიალისას რესტორანს მივადექით. ჯერ დაკეტილი კარი მოვსინჯეთ, მერე ერთმანეთს  გადავხედეთ და უცებ მივხვდით, რაც უნდა ჩაგვედინა. შენობას უცებ შემოვუარეთ, უკანა უგისოსებო ფანჯრიდან გადავძვერით და შიგნით აღმოვჩნდით. ბუფეტის სალაროში ფული თითქმის არ იყო.  ცარიელი ხელებით წასვლა არცერთს არ გვინდოდა. ტომარაში რამდენიმე ძვირადღირებული ძეხვი ჩავაგდეთ, ვითრიეთ კონიაკის ყუთი და დაველოდეთ პირველ მატარებელს. თბილისს ყოველგვარი ექსცესებისა და თავისტკივილის გარეშე დავუბრუნდით. შესაბამისად, რამდენიმე დღე დიდმა კომპანიამ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ.

 

 

 

1 2 3 4 5