(ნაწყვეტი რომანიდან)

 

 

ბედისწერა სასტიკად გაეთამაშა გიორგი მგელაძეს. თავზეხელაღებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც არ იცოდა ცხოვრებაში რა იყო შიში და ეჭვი, ადვილად ეხვეოდა სახიფათო, კრიმინალურ სიტუაციებში. საბჭოური წყობილების დროს იყო დაპატიმრებული და გასამართლებული. ციხიდან გარეთ გამოსულმა, მან არ უღალატა საკუთარი ცხოვრების წესს: ისევ ავანტიურები, რისკი, იოლი ფული; ისევ სასამართლო და ახალი პატიმრობა. ის გადადიოდა საბჭოთა ზონებიდან ერთიდან მეორეში, გახდა ავტორიტეტი, როგორც ითხოვდა „შავი“ გაგება – მკაცრად იცავდა „ქურდულ კანონებს“,  უფრთხილდებოდა საკუთარ ღირსებას.

და უცებ – ყველაფერი იცვლება!

ეს ისტორია სინამდვილეში დაუჯერებელია. თითქოსდა მამაზეციერმა გადართო მისი გული სხვა სიხშირეზე და ააცილა მას სხვა მრავალი ცოდვა და უბედურება. ღვთაებრივი განგების გარდა ამას ვერაფერს დაარქმევს ადამიანი…

                                                                                                        მთარგმნელისაგან

 

 

„ტარიელი კიევის პოეზიის ფესტივალზე გავიცანი, და მთელი ამ წლების განმავლობაში, მას ვიცნობდი როგორც ძლიერ და  შემდგარ პოეტს. ვერც კი წარმომედგინა, რომ ის ამხელა ცხოვრებისეული გამოცდილების ადამიანი იყო. ეს წიგნი ჩემთვის გაცხადებულ აღმოჩენად იქცა. წიგნი უბრალო, „არამხატვრული“ ენითაა დაწერილი, მაგრამ სრულიად შეუძლებელია მოწყდე მას წამითაც. საოცარი ისტორია! გასაოცარი ბედისწერა!“

ანდრეი მაკარევიჩი

 

 

 

სამაგიდო წიგნი მათთვის, ვინც დაკარგა უკეთესი მომავლის იმედი

 

ილუზია

 

დღე-ღამეში ათასოთხასორმოცი გრძელი წუთია, მე კიდევ გაღვიძების შემდგომ მხოლოდ პირველი ოცდაათი მომწონს. დილის ყავა, სიგარეტი, ცოლის ამბორი და იქვე ნაზად ნათქვამი „დილა მშვიდობისა“ არ შეიძლება არ მახარებდეს. დანარჩენი დრო დღიდან დღემდე, ერთმანეთის მსგავსად, ზლაზვნით მიედინება. სულ უფრო ცოტას ვწერ და უფრო მეტ დროს ვუთმობ პოკერს. შემოღამებულზე საათობით მეფიქრება ცხოვრების უაზრობაზე და მხოლოდ ნარიჟრაჟევს თუ მქაჩავს ძილი თავისკენ.

რამდენიმე თვეში სამოცი მისრულდება. მრგვალი თარიღია! მწერალთა კავშირი წესით აუცილებლად მომიწყობს რამე სახელოვნებო-ლიტერატურულ საღამოს, დააორგანიზებს მაგიდას რესტორანში, რომლის გარშემო მსხდომი მეგობარი-კოლეგები ტრადიციულად ბრტყელ-ბრტყელი, საქებარი სადღეგრძელოებით შემამკობენ. მერე კავშირის თავმჯდომარე გადმომცემს დიპლომსა და სამახსოვრო საჩუქარს ღვთისმშობლის, ან თუნდაც წმინდა გიორგის ხატის სახით.

ჩნდება საკუთარი მნიშვნელოვნების ილუზია, თუმცა რამდენიმე დღეში ისევ სევდა შემომაწვება. მართალია, ოსტატურად დაწერილი ლექსი განწყობას კი ამაღლებს და იმის იმედსაც შობს, რომ ყველაფერი ფუჭი არაა, მაგრამ ჩემი ასობით  ლექსიდან ხომ ძლივს აგროვდება ათამდე მართლაც რომ ღირებული.

მინდა ყველაფერი დამავიწყდეს, რაღაც ხნით გავთიშო ტვინის მუშაობა. ამის გამოა, რომ ვსვამ. უცნაურია, ალკოჰოლი კი არ მამსუბუქებს, არამედ უფრო მიმძაფრებს აზრს, რომ ცხოვრება, რომელიც ერთდროს ასეთი სავსე და თვითკმარი ჩანდა, სინამდვილეში არაფრად ღირს.

 

 

 

შეხვედრა ავტობუსში

 

1953 წლის 27 მარტს გამოიცა ბრძანება საყოველთაო ამნისტიის შესახებ. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი სტალინური „გულაგებიდან“ ასიათასობით პატიმრის გათავისუფლებას. ვლადიმერმა (მამამ) ამ დროისთვის მოასწრო თორმეტი წელი მოეხადა მისჯილი ოცდახუთიდან. შორი კოლიმიდან საქართველოში დაბრუნების შემდგომ მას აეკრძალა დედაქალაქში ცხოვრება და თავისი სპეციალობით მუშაობა. იურისტის დიპლომი, რომელიც ვლადიმერს ომამდე ჰქონდა აღებული, შეეძლო სამუდამოდ დაევიწყებინა. სხვა გზა არ ჩანდა – მას მოუწია მეშახტეთა პატარა ქალაქ ტყვარჩელში გადასვლა საცხოვრებლად. სამუშაოდ ის ექვსი მაღაროდან ერთ-ერთში მოეწყო და დიდი სამშობლოს საკეთილდღეოდ ქვანახშირის მოპოვებას შეუდგა.

ქალაქი ტყვარჩელი გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს. ის ორ მთაგორიან პლატოზე იყო განლაგებული. ქვემოთა პლატო, სადაც ლამის ყველა სამრეწველო ობიექტს მოეყარა თავი, განსაკუთრებით საწყლად და უფერულად გამოიყურებოდა. ზემოთა პლატოს რაც შეეხება, მას ევროპული არქიტექტურის სამსართულიანი შენობებით, უზარმაზარი კულტურის სახლითა და ზღაპრული პარკით მოჰქონდა თავი. პლატოები ერთმანეთს საავტომობილო და საბაგირო გზით უკავშირდებოდნენ. იქვე მდებარეობდა კიბე ფეხით მოსიარულეთათვის, რომელიც სუბტროპიკულ სიმწვანეში ეშვებოდა.მოკლედ, იშრომე და იცხოვრე შეთვის წყანარად! მაგრამ ვლადიმერის გონება წამით არ დაუტოვებია რეაბილიტაციაზე ფიქრს – მთელი ცხოვრება „ხალხის მტრის“ სახელის ტარება, არცთუ სასიამოვნო იყო.

სანამ ის პატიმრობაში იმყოფებოდა, მისმა თანაკურსელებმა მოასწრეს  კარიერის გაკეთება და ახლა უკვე სოლიდურ თანამდებობებს იკავებდნენ პროკურატურაში.  შეიძლებოდა ძველი კავშირების გამოყენება და ნასამართლეობის მოხსნა, რის შემდგომაც უკვე სულ სხვა პერსპექტივები იშლებოდა სამომავლო ცხოვრებაში.  ჰოდა, ვლადიმერმა თბილისში გამგზავრება და ერთ გავლენიან მეგობართან შეხვედრა გადაწყვიტა. ავტობუსი, რომელსაც ის რკინიგზის სადგურამდე მიჰყავდა, პირთამდე  გადატენილი იყო მგზავრებით. ერთ-ერთ გაჩერებაზე ავტობუსში ძლივს ამოეტია ულამაზესი გოგო. მისი გარეგნობით აღფრთოვანებულმა მამაკაცებმა მაშინვე ვიწრო კორიდორი  გააკეთეს და მანდილოსანს გზა დაუთმეს. ამაყად თავაწეული გოგო ავტობუსის შუაგულისკენ დაიძრა და სწორედ იმ სკამთან შეჩერდა, რომელზეც ვლადიმერი მოკალათებულიყო. ის დაუყოვნებლივ წამოდგა და გალანტურად დაუთმო მას ადგილი.

შესახედავად იქნებოდა ასე ოცდაათის. კრეპდეშინის ნათელი ფერის კაბა კოხტად მოერგო ასხმულ ტანზე. ღია ფერის თმა, რომელიც ნაწნავად შეეკრა კეფაზე, კიდევ უფრო მეფურ იერსახეს აძლევდა. ინტერესით ათვალიერებდა ვლადიმერი გოგოს და სწორედ მაშინ შეამჩნია მის მაჯაზე ამოსვირინგებული მამაკაცის სახელი „კოსტია“.

„ალბათ ესეც ლაგერნია!“ – გაიფიქრა ვლადიმირმა. ამის გამო, უცნობი გოგო მისთვის კიდევ უფრო ახლობელი და მშობლიური შეიქნა. ხალხის თანდასწრებით დიალოგის გაბმა არ გაურისკავს ვლადიმირს, თუმცა გოგოს ავტობუსიდან მაინც ჩაჰყვა, გამოეცნაურა და გამოელაპარაკა.

ლამაზმანს სვეტლანა ერქვა. სამამულო ომის დროს რამდენიმე თვე მსახურობდა სტალინგრადთან ტელეფონისტ-მეკავშირედ. შემდეგ სამხედროზე გათხოვდა და ფეხმძიმობის გამო დემობილიზაციაც შეეხო. ქმარი ფრონტიდან არ დაბრუნებულა. რომელიღაც საომარი შეტაკებისას უკვალოდ გაქრა. სვეტლანა მეორედაც გათხოვდა და კიდევ სამი შვილი შეეძინა, თუმცა ოჯახური ცხოვრება მაინც ვერ აეწყო – ალკოჰოლიზმით დაავადებული მეუღლისგან სახეირო არაფერი იყო და მის იმედად ბავშვებს ფეხზე ვერაფრით დააყენებდა. გაიგო თუ არა, რომ საქართველოში დონისპირეთზე მეტად თბილა, ხილ-ბოსტნეული ფაქტობრივად უფასოა, სვეტლანამ გადაწყვიტა დედასა და ბავშვებთან ერთად გადასულიყო საცხოვრებლად ტყვარჩელში. ციხეში არასდროს მჯდარა. სვირინგი მაჯაზე კი, სხვა არაფერი იყო, თუ არა მოდური წამხედურობა: ომამდე თითქმის ყველა გოგო იკეთებდა სვირინგად შეყვარებულის სახელს ხელზე. რადგან სვეტლანას არავინ ჰყავდა ასეთი, მან მაინც მოისვირინგა მაჯა, ოღონდ ზედ ბიძაშვილის სახელი დაიწერა.

ექვსი და-ძმა სვეტლანამ ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში დაკარგა. ყოველი მათგანი გაკულაკების ეპოქაში, დიდი შიმშილობის დროს, მძიმედ ავადმყოფობდა. ის ბიძაშვილი კოსწია კი დღემდე მასწავლებლობს ქალაქ ნოვოშახტინსკში. თავად სვეტლანას სურდა, რომ ოფიციანტად დაეწყო მუშაობა ვაგზლის რესტორანში.

ვლადიმერი ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან, ასეთი ლამაზმანი ან ვინმეს საყვარელი გახდებოდა, ან კი საერთოდ აიშვებდა და ხელიდან ხელში გადავიდოდა. ამის დაშვება ვლადიმერს არ შეეძლო – ის უბრალოდ გრძნობდა, რომ ეს ქალი მხოლოდ მისთვის იყო შექმნილი.

– იქნებ არ გეჩქარათ რესტორანში მუშაობის დაწყება! გეგმები სერიოზული მაქვს! ერთ კვირაში დავბრუნდები დედაქალაქიდან, შევხვდეთ და გავარჩიოთ ყველაფერი მშვიდად!

ალბათ, სვეტლანასაც უყო გულმა სხვანაირი რეჩხი – ამიტომაც რესტორანში აღარ შესულა, ისე დაბრუნდა შინ. დედას მთელი საღამო ახალ ნაცნობზე ელაპარაკა და მტკიცედ გადაწყვიტა, დალოდებოდა ვლადიმერის თბილისიდან დაბრუნებას. ერთმა კვირამ უცებ ჩაიქროლა. კვირის თავზე მათი მოკრძალებული საცხოვრებლის კარზე მოაკაკუნეს.  ის ჩვეულებრივ, ყოველგვარი ყვავილების თაიგულისა და წითელი ღვინის ბოთლის გარეშე შემოვიდა, სამაგიეროდ ხელში ეჭირა მომცრო ჩემოდანი, რომელშიც ყველა ბავშვისთვის საჩუქრად შეძენილი, კოხტად გადაკეცილი სამოსი იდო. ასეთმა მადლიერებამ და სხვის შვილებზე ზრუნვამ, მაშინვე გაუთბო გული მარტოხელა დედას.

„ასეთ კაცთან არ დაიკარგები!“ – გაიფიქრა სვეტლანამ.

შეყვარებულებმა ერთად დაიწყეს ცხოვრება, რამდენიმე თვის შემდეგ კი, მრავალშვილიან ოჯახს მაღაროს უფროსობამ საჩუქრად გადასცა უზარმაზარი ბინის გასაღები, რომელიც ორჯონიკიძის ქუჩაზე – #8-ში მდებარობდა. ვლადიმერს ციხეებში მოხდილი ავადმყოფობებისა და ტრამვების გადამკიდე, საერთოდ არ ჰქონდა გამრავლების იმედი, ამიტომაც იოლად დათანხმდა სხვისი შვილების მამობას, მაგრამ მისდა გასახარად, სვეტლანა მაინც დაფეხმძიმდა და ვაჟი გაუჩინა. ერთი თვის შემდეგ ბიჭი საიდუმლოდ მონათლეს და გიორგი დაარქვეს.

 

 

 

1 2 3 4 5