ნატა ვარადა ესაუბრება ჰაიატე სოტომეს

 

 

ჰაიატე სოტომე – 1991 წელს დაიბადა ქალაქ უცუნომიაში. 2009 წელს ჩააბარა ტოკიოს უცხო ენების კვლევის უნივერსიტეტში, უცხო ენების ფაკულტეტზე, რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ტოკიოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურაში, შედარებითი ლიტერატურის კათედრაზე. ახლა დოქტორანტია.

 

 

როდის შეიტყვეთ საქართველოზე, როცა თბილისსში პირველად ჩამოხვედით პირველად სად ცხოვრობდით და პირველი შთაბეჭდილებები…

როგორც ბიოგრაფიაშია აღნიშნული, უნივერსიტეტში რუსულს ვსწავლობდი. ერთმა პროფესორმა, რომელსაც, რატომღაც აინტერესებდა საქართველო და ნამყოფიც იყო, სტუდენტებს გვაჩვენა ფილმი „მონანიება“. აქედან აღმოვაჩინე საქართველო. ეს მოხდა 2009 წელს, როდესაც პირველ კურსზე ვიყავი. შემდეგ როდესაც მეორეზე გადავედი, საბედნიეროდ ტოკიოს უნივერსიტეტში იყო ერთი ქართველოლოგი, რომელიც კვირაში ერთხელ ქართულის გაკვეთილს ატარებდა და მე, იმასთან დავიწყე სწავლა. ერთი წლის შემდეგ, დავაპირე საქართველოში სწავლა გამეგრძელებინა. ჩამოვედი პირველად 2011 წელს. ვცხოვრობდი თბილისში, ვაკეში, ქართულ ოჯახში, სადაც ახლაც ვრჩები ხოლმე.

რაც შეეხება პირველ შთაბეჭდილებას. აი, რომ ჩამოვედი, აეროპორტიდან ტაქსით წამოვედი ქალაქში. ხოდა ამ დროს ძალიან გამიკვირდა, რა სიჩქარით მიდიოდა ტაქსი (ახლაც ასეა, მაგრამ აღარ მიკვირს). ჩვენთან იაპონიაში არანაირად არ ხდება ეს. ერთმა რამემ გამაოცა კიდევ ამ ქალაქში, მათხოვრების რაოდენობამ. ხალხიც, ახლა როგორიც არის ამასთან შედარებით, დაღლილი სახით დადიოდა.

ჰიროტაკე მაედამ ჩემთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ქართული ენა გალაკტიონის პოეზიით შეასწავლა პოეტმა და ლექსმცოდნე ნინო დარბაისელმა. თქვენი მასწავლებელი ვაჟა ფშაველას ენას და პოეზიას გირჩევდათ ჩემი აზრით?!

არა, მე გადაჭარბებით არ მინდა გითხრათ. სინამდვილე რომ გითხრათ, პირველი მასწავლებელი იყო, როგორც წეღან გითხარით, იაპონელი ქართველოლოგი ბ-ნი იასუჰირო კოჯიმა, რომელთანაც ძირითადად გრამატიკა ვისწავლე და ეს ძალიან დამეხმარა ენის სწავლაში. მერე აქ ჩამოვედი და ქართველი მასწავლებლებიც მყავდა. ვსწავლობდი თსუ-ში არსებულ ქართველოლოგიის ცენტრში, რომლის ხელმძღვანელია ბატონი ელგუჯა ხინთიბიძე და ეს ცენტრიც ძალიან დამეხმარა (ხაზგასმით ვამბობ!!!).

თქვენს საქმიანობაზე გვიამბეთ…

საბჭოთა რეჟიმისას ფიზიკურად შეუძლებელი გახლდათ ქართული ლიტერატურის შესწავლა უცხოელებისთვის. მაგალითად, შარშან წინ ჩვენ თსუ-სთან თანამშრომლობით იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე სიმპოზიუმი ჩავატარეთ. ამ სიმპოზიუმზე ჩემმა ხელმძღვანელმა პროფესორმა, რომელიც ძლიერი მეცნიერია, სინამდვილეში სლავისტია, რუსული და პოლონური იცის, მაგრამ ზოგადად მსოფლიო ლიტერატურაზე ძალიან კარგად, იაპონიაში ყველაზე კარგად იცის, ამ პროფესორმა თქვა მოხსენებაში, რომ იაპონიაში ქართულ კულტურაზე წარმოდგენა გვქონდა რუსეთის გავლით. ეს იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, საქართველო ბელა ახმადულინას პოეზიიდან „სიზმრები საქართველოზე“, კიდევ ბულატ ოკუჯავას ლექსებიდან წარმოიდგინეს იაპონელებმა. ამ ამბების გარდა, იმ პროფესორმა აღნიშნა კიდევ ვოზნესენსკის „მილიონი ვარდიც“, რომელიც სათაურიდან როგორც ჩანს, ფიროსმანზეა საუბარი და იაპონიაში ამ სიმღერის ბუმი იყო რაღაც პერიოდი, როგორც „საბჭოთა სიმღერა“, მაგრამ საქმე ისაა, რომ აქ საქართველო რომანტიკულადაა წარმოდგენილი და, რა თქმა უნდა, ქართული კულტურის გაგებისთვის არაა საკმარისი. ჩვენ ქართული მწარე რეალობაც უნდა ვიცოდეთ, ამიტომ სამაგისტრო დისერტაცია ილიას „მგზავრის წერილებზე“ დავწერე. ვინაიდან ამ ნაწარმოებში გამოხატულია, როგორც იცით, რუსული კოლონიზაციის ქვეშ დაჩაგრული საქართველო. მერე აქეთ იქით მიდ-მოდიოდა ჩემი ინტერესი, მაგრამ ზოგადად ამ პონტშია ჩემი კვლევის მიზანი.

„იმდენი ოფლი, იმდენი სისხლი

არცერთსა ერსა არ დაუღვრია,

პატარას, დიდსა სამშობლოსათვის

ომშია თავი არ დაუდვია

ნათლის გონებით, მგზნებარე გულით

ერს სხვას მამული არ ჰყვარებია

ლამაზის ერის ლამაზმა ქცევამ

ერებს ჩვენფერებს მადლი მოჰფინა,

ბინა-დაკარგულთ, დაწიოკებულთ

იმათგან ლამის იპოვონ ბინა.

ადინეს სისხლი თვისი და სხვისი

რუად შეღებეს წითლად მთა-ველი.

იმას ჰყვირიან: „სამშობლოს მიწის

არ მივცეთ მტერსა ერთი მტკაველი?!

ნუ მოხვალ გულზე ამის მნახველი?

 

ვაჟა-ფშაველას ლექსი „არჩილური“1904 წ.

 


– „არჩილური“ – აკროსტიქის ქართული შესატყვისია. თუკი ლექსის პირველ ასოებს წავიკითხავთ, მივიღებთ ფრაზას: „იაპონელები არიან“. ლექსის შინაარსი გამოძახილია 1904 წლის ომში იაპონელების გამარჯვებისა თვითმპყრობელურ რუსეთთან. ქართველი ხალხის იდუმალ სიმპათიებს იაპონელების მიმართ ქარაგმულად ამჟღავნებს პოეტი, როდესაც აკროსტიქულად, შეფარვით ამბობს, რომ ამ „ლამაზ ერს“ „ლამაზი ქცევით“ ომში თავი დაუდვიათ და „იმას ჰყვირიან: „სამშობლოს მიწის არ მივცეთ მტერსა ერთი მტკაველიო“. პოეტის აკადემიური გამოცემის მეორე ტომში ( გვ. 494) ამ აკროსტიქის შენიშვნებში მითითებულია, რომ მეორე ფრაგმენტის ბოლო სტრიქონი თავდაპირველად ასე იკითხებოდა: „ნუ გაქრეს ქვეყნად მათი სახელი!“ სტრიქონის თავდაპირველი ჟღერადობა ვაჟასათვის იაპონელთა გამარჯვებისაგან მოგვრილი განსაკუთრებული იმედისა და სასოების გამომხატველად უნდა მივიჩნიოთ საკუთარი სამშობლოსათვის!“

 

1 2 3 4