ვაჟას ეს ლექსი თქვენთვის ცნობილია?! სავარაუდოდ კი… საინტერესოა ჩვენთვის რუსეთთან თქვენი, იაპონელების ახლანდელი დამოკიდებულება რუსეთ-იაპონიის ომის მერე… აკაკი წერეთელს ეკუთვნის კიდევ ლექსი მიძღვნილი იაპონელი მხედართმთავარ ოიამასთვის: „ოი ამას ვენაცვალე“.

რუსეთ-იაპონიის ომის დროს მოხდა ასეთი რამ, რუსული პრესაც წერდა და ჩვენ, ქართველებიც ხშირად ვიხსენებთ: ხევსურ ლიქოკელს, თუ მარტოს როგორ შეებრძოლა სამურაების მთელი რაზმი…

დიახ, როგორ არ ვიცი. ვიცი, ვაჟას ლექსიც, აკაკის ლექსიც და ლიქოკელის ლეგენდაც. განა გგონიათ, რომ იაპონელმა ქართველოლოგებმა არ იციანო?! მაგრამ არ ვიცოდი, რასაც შენიშვნაში ვკითხულობთ. მე მეტი ინფორმაცია არ მაქვს და, რა ვიცი, ვერაფერს ვერ დავამატებ. ყველაფერი საინტერესოა და გასარკვევიც.

ვაჟა ფშაველა ქართულ პოეზიაში აუცილებლად რუსთაველთან და გალაკტიონთან ერთად სამ და ერთ განზომილებაში მოიაზრება.

ასევე, მაინტერესებს ვაჟას შესახებ… პირველი წაკითხულის შთაბეჭდილება, მერე ვაჟას დაბადების ადგილის, მისი სახლის ნახვის ემოციები… ვაჟას თარგმანები თუ გამოიცა იაპონურად?

პირველად წავიკითხე „ჩხიკვთა ქორწილი“ იმ დროს, როდესაც საქართველოში ჩამოვედი. ქართული ჯერ კარგად არ ვიცოდი და მაინც ძნელი წასაკითხი იყო, მაგრამ ძალიან მომეწონა. მომეწონა იმიტომ, რომ აი, ამ ნაწარმოებში დახატულია, როგორია ქართული სუფრა და ქორწილი, სუფრაზე როგორ იქცევიან ქართველები, როგორ სვამენ და ა.შ. მერე საბაკალავრო დისერტაციისთვის ავირჩიე „სტუმარ-მასპინძელი“. ესეც რთული იყო და ძლივს წავიკითხე. ჩარგალში მივედი პირველად ვაჟაობაზე. საზეიმო განწყობა იყო იქ და ძალიან დიდი ემოცია სინამდვილეში არ დამრჩა, მაგრამ, სამაგიეროდ, მივხვდი, როგორ მოსწონს ხალხს ვაჟა. კიდევ შარშანაც მომიწია ჩარგალში სტუმრობა გადაცემის ჩასაწერად. ამჟამად კი სულ სიწყნარე იყო, სხვანაირად დავინახე რა. თარგმანი, კი ბატონო, გამოიცა შარშან იმ იაპონელის მიერ, რომელმაც მასწავლა. წიგნში შედის პოემებიდან „ალუდა-ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველის მჭამელი“, მოთხრობებიდან „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ჩხიკვთა ქორწილი“ (თუ არ ვცდები). შარშან ერთ სამეცნიერო სიმპოზიუმზე წავიკითხე ჩემი მოხსენება „გველის მჭამელზე“ იაპონიაში და დამსწრე პროფესორებსაც ძალიან მოეწონათ. ალბათ იაპონელებიც ხვდებიან მისი შემოქმედების ღირებულებას.

ვაჟას თარგმნისას პროცესი როგორ მიდიოდა, ლექსად არის ნათარგმნი თუ პროზად?! და ის დიდი ინფორმაცია, რაც ვაჟას კავკასიური მითოსიდან აქვს აღებული, შენთვის რამდენად იყო გასაგები ან მისაღები?

მე ერთი პატარა ლექსი გადავთარგმნე და შევეცადე, პოეტური რითმი შენარჩუნებულიყო. როგორც იცით, ეს ძალიან რთული საქმეა და რამდენად მოვახერხე, არ ვიცი. რაც შეეხება ბ-ნი კოჯიმას ნათარგმნს, ეს უფრო შინაარსობრივად არის გადათარგმნილი. ბუნებრივია ეს, რადგანაც „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარმასპინძელი“ როგორიცაა, ისეთი გრძელი და რთული პოემის ლექსად თარგმნა ურთულესი და თითქმის შეუძლებელი რამეა. ხოდა კავკასიური მითოსიდან აღებული მასალებზე როგორ არ მესმის. თამამად ვთქვათ, რომ ეგ ზუსტად ვაჟას ნაწარმოების ერთგვარი ბირთვია.

შენ თავად არ წერ? ან ლექსებს ან ნოველებს?

ჯერჯერობით(!) არ ვწერ, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება, ჩემში უცბად გაიღვიძოს მუზამ და ქართველ გოგოსადმი სიყვარულზე დამაწერინოს ლექსი ქართულად (ხუმრობის კილოთი, რა თქმა უნდა).

იაპონელი ახალგაზრდების ხედვა როგორია?! მათი რწმენა, ღირებულებები…

იაპონელი ახალგაზრდების რწმენა, რა ვიცი ისეთია როგორიც ძველ თაობას აქვს. ღირებულებები კი ცოტა სხვანაირია, ჩემი აზრით ძველი თაობა თუ უფრო მემარცხენე არის, ახალი თაობა შედარებით მემარჯვენეა. ზოგადად იაპონიის
ეკონომიკა შემცირებულია და კიდევ შემცირდება და მე ამ კუთხით პესიმისტური ვარ რა.

ლუკა რაზიკაშვილის შესახებ მოგონებები ძალიან მითოსურია, თავად მწერალი ჰგავს პერსონაჟებს. გმირი იყო… მისი ყოფითობის შესახებ, რა გაიგე ისეთი რამაც, მისი პიროვნება ახლოს გაგაცნო?!

არის წიგნი ვაჟას მოგონებებზე „კაი ყმა“ ჰქვია ამას. „ჩვენ კალამი ძირს უნდა დავდოთ“, ეს ფრაზა ძალიან ცნობილია და აღარ მჭირდება ამის შეხსნება. ახლა რა მინდა შეგახსენოთ, იცით? მოკლედ, არის ისეთი მოგონება, რომ ვაჟა პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ, სანამ ჩარგალში დაბრუნდა, მანამდე მუშაობდა ბარში და ერთხელ ილიას „ივერიის“ რედაქციაშიც. ერთმა პირმა ვაჟას დაავალა რუსული გაზეთის თარგმნა ქართულად და ადგილი დატოვა. ცოტა ხნის შემდეგ ეს კაცი მივიდა ვაჟასთან, „აბა როგორ მიდის საქმეო“, ნახა რა წერია ფურცელზე და თურმე თქვა „ლექსია..!“ ილიამ გაიგო ეს ამბავი და თქვა, „ცოდვაა, ჰონორარი მიეცი და მთაში გაუშვიო“. შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ ეს ეპიზოდი ძალიან მომწონს. აქ ვაჟას პოეტურ ნიჭს ვხედავთ. განა ვის შეუძლია თარგმნაზე ადვილად პოემის წერა?! მართლა გენიოსია ვაჟა.

იქნებ თქვენს სამშობლოზე, მის ტრადიციებზე გვესაუბროთ…

რავი, იქ ტრადიციული ცხოვრება, როგორც აქ, ნელ-ნელა იცვლება და იკარგება. მაგრამ, ქართველები ამბობენ, რომ იაპონია ტრადიციული ქვეყანააო, ქართველები, რომლებსაც საკუთარი თვალით აქვთ ნანახი. აი, მაგალითად, შარშან ანსამბლმა „რუსთავმა“ 40 დღე გაატარა იაპონიაში და, რა ვიცი, იმათ უნდა ჰკითხოთ. მაინც სხვა ასპექტიდან ნახეს და ჩემთვისაც საინტერესო იქნება. ხომ იცით, გარედან დანახული სხვანაირია, როგორც მე თქვენგან სხვანაირად ვუყურებ საქართველოს და ეს ზოგადად ძალიან საჭირო რამეა.

ცნობილია თქვენი და ანსამბლ „რუსთავის“ სტუმარ-მასპინძლობის ამბავიც…

ანსამბლი „რუსთავი“ შარშან ოქტომბერში 40 დღით ჩამოვიდა იაპონიაში და მე მოვემსახურე როგორც თარჯიმანი და გიდი. გავიარეთ 20-ზე მეტ ქალაქში, ჩავატარეთ 30-ზე მეტი კონცერტი (ზუსტად არ მახსოვს). ხოდა ამ 40 დღის განმავლობაში მოხდა ყველაფერი, რითაც საკმარისია დამეგობრებისა და დაძმაკაცებისთვის. ახლა მე თბილისში ჩამოვედი 40 დღით, სამაგიეროს ვუხდი.

ბავშვობაზე, ოჯახზე, გატაცებებზე და რა თქმა უნდა, იაპონელ მწერლებზე და პოეტებზე გვიამბე.

მე დავიბადე და გავიზარდე ქალაქ უცუნომიაში, რომელიც ტოკიოდან ჩრდილოეთისკენ დაახლოებით 100 კილომეტრითაა დაშორებული, როგორც თბილისი და ხაშური, ასეთ პონტშია რა (მარა ისე პატარა არაა, როგორც ხაშური, დაჟე
ნახევარმილიონი ცხოვრობს). აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ბუნებასთან ახლოს ვიყავი, თანაც ჩემი სახლი გარეუბანშია. მამაჩემს უყვარს ცხოველები და სახლში სულ ძაღლი, თევზი, კუ, თუთიყუში, და რა ვიცი, კატის გარდა ყველა ცხოველი ჰყავდა და ჰყავს, და მეც მიყვარს ზოგადად.

 

1 2 3 4