აქ

დავჯექი და სევდამაც მომაგნო.
ჯობდა, წვიმაში მევლო.
დავსველდებოდი მაინც.
აქ კი გული გავისივე სისინა ფიქრებით.
აბა, რაღა დროს ჩემი ფათერაკებია.
რაღა დროს ჩემი დაფეთებული სურვილების არაკებია.
ერთი გორაკი რაა, ისიც კი ვერ გადამივლია
ამ გალეული კიდურების  გადამკიდე.
კიდევ კარგი,
სამკალი და სამარგლავი აღარაფერი დამრჩა.
სულ არაფერი.
ყველა საქმე ქარს გავატანე.
ყველა საქმრო წყალს გავატანე.
კალოზე გავშალე და ბანზე გადავფინე
სამზითვო ღამეები, მზესუმზირას ყვავილებიანი დღეები
და ჩემად მხოლოდ სახედაღიანი საღამოები დავირჩინე.
დავიმარტოხელე ეგ ჩემი თავი და
საჩეჩელივით წამოქოჩრილ ფიქრებს
სულ ახლშობილის ხელისგულებით ვეფერე.
ბოლომდე არ უნდა გადამიყვარონ.
ოდესმე ნაცრისფერი სხეულიც უნდა ამიყვავონ
და სადმე თან თუ არ წამიყვანენ,
აქ მაინც დამტოვონ,
ამ ბებერი ყვავების ჩრდილში,
ყელში გაჩხერილი საშოვარით ქარიან ამინდში…

“აქედან კარგად ჩანს საქართველო”.

 

 

1 2 3 4 5 6