ზამთრის ამბებიდან

უნდა მოგიყვე,
სანამ სათქმელი თითებშუა ამიყვავდება,
სანამ თვალებთან
ლანჩებამძვრალი თებერვალი გდია, –
ზამთარი.
უნდა მოგიყვე,
ისე, თითქოს აქ არც მე ვიყო
და გულისყურსაც,
აწყვეტილი ღილის სანაცვლოდ,
სხვა გიკერებდეს გადაშლილ მკერდზე.
უნდა მომისწროს,
სულზე უნდა მომისწროს ახლა
შენმა არყოფნამ.
მაგ სიშორიდან მიყოფდეს უნდა  შუაზე სიტყვას
გატეხილი სატევარივით.
პირი, ბასრი – მე,
შენ – ვერცხლი და ორნამენტები.
სამსალა – მე და
შენ – ვაზი და ვაზის მტევნები.
ბადაგი – შენ და
ბალდახინის შავი ეტლი – მე!
მტლედაც დაგედე…

მანამდე ალბათ უნდა დაგინდო,
გულის ლხინო და სულის ნადიმო.

ნუ მომაყოლებ…

 

 

1 2 3 4 5 6