მე, – ხვარამზე

ანწლის საკრეფად წასვლა ვარჩიე იმ დღეს, პატარძალო,
ქორწილის სუფრა ფარდაგივით რომ უნდა გაშლილიყო სოფლის ზეგანზე.
ზედა ტანზე მინდვრის ყვავილებიანი კაბა გადავიცვი,
ქალაქში რომ გადავცვალე ჩემი თითებით მოქარგულ მუშამბაზე.
ამ მთებზე მაღლა დგახარ ახლა შენი თეთრ-ყირმიზა მხრებით,
ვიდრე მე, ძველი დარაბებივით მოფარღალალებული მკერდით.

ბედი ხარ და სწორფერი ხარ ვაჟიკასი.
მე კი ამ წვრილ ოჩოფეხებზე
წუღებსაც ვერ ვიფერებ მოწნულს.
ამიტომ დავდივარ წკნელიანში ფეხშიშველა.
ეკალ-ბარდები გახურებულ ტერფებს მიკოცნიან,
ასკილის ყლორტები კი ნაიარევ გულზე სალბუნად მედებიან.
ავიტოტები. ამ ბარდნარში გამხმარი ხეებივით გავხეშდები,
რომ სოფლიდან არავინ შეამჩნიოს ჩემი გაქრობა.

ქარობა რაა!
ქალობა უფრო ძნელი ყოფილა, პატარძალო,
უფრო რიგად კი ვაჟიკას ქალობა.
ანდა, როგორ ვთქვა, რომ ვერ გავბედე
და ტუჩებს ძალით დავაცდენინე ცივი უარი.

უვარგისი ვყოფილვარ მთის კაცისთვის.
უარმყოფელი თბილი სარეცლის.
კაცისმკვლელს ვგავარ
და სიკვდილის განაჩენივით დავატარებ საკუთარ ტანს,
რომელსაც აღარ შეუძლია “არა”-ნათქვამი ტუჩების ატანა.

სულ მომეთხუპნა გვირილებით მორთული კაბა.
ანწლისფერია არდადგმული საქორწილო გვირგვინიც ჩემი.
ანწლისფერია კვირტებივით გაუშლელი ძუძუს კერტები.
გავკერკეტდები, როგორც მაშინ და არ მოვალ დღეს თქვენს ქორწილში.
კერიას კი დაგილოცავ, ვაჟიკას ქალავ, სუფრის ფერიავ.
თეთრ ხილაბანდში გამოგიკრავ მწიფე კენკრას და
სურნელოვან ვარდის ფურცლებს თან მოვაყოლებ,
კაბის კალთებზე შიგნიდან რომ შეუმჩნევლად გამოიკერო…
და მერე ნახე, გულში როგორ ჩაგიკრას ქმარმა.

ქალობამ შენმა!
ისეთი სარეცელი გაუმზადე,
ისეთი დილა მოუყვანე ამაღამ,
რომ ჩემს სურაზე (წყაროსთავზე სურვილისფერს რომ გადაიკრავს),
აღარ დარჩეს სევდიანი თვალები.
მოცვის ნაყენი დაუყენე და ყლუპ-ყლუპად ასვი.
თითო ჯერზე კი ზედ დააყოლებინე
შენი წითელი ტუჩების წვენი.
წვერ-ულვაშში შეუნახე და გამოუკვართე
შენი კბილებით გაგლეჯილი ვნების ლუკმები.
მატყლის გორგალივით დაეხვიე და
იმის სხეულზე ჩაიშალე, ახალო რძალო.
თმაც გაიშალე, შენი ჟღალი თმა
და ყოველ დილით,
ინით შეღებილი,
ჯერ კიდევ თბილი,
დაუფინე დათრთვილულ გულზე.

გივარგიმ, წმინდამ,
ბზინვარება არ მოაკლოს
შენ თმას და ლეჩაქს, ცხენების რემას.
მე კი გულიც ამრევია და თავბრუც დამხვევია
ამ შამბნარში, ვაჟიკას ერთავ.
სამსალად შემერგოს ანწლის წვენი,
პირში რომ ვისხამ.
შხამად შემერგოს ამ წლის მოსავალიც,
შემოდგომაზე ყანაში რომ თითებშუა ამეზილება.
მეზიდება, ყელში ნაღვლის წვენივით მეზიდება
არჩასახული ნაყოფები უკან გადმოფურთხებული მოფერების.
ორფერები კი, __ ბრტყელფოთოლა ბალახები,
ფეხქვეშ მეშლებიან იისფერ-მოწითალო ფერებად.
ანწლისფერი ვარ და ანწლის სუნად ვყარვარ.
შენ კი საქორწილო სუფრაზე ყელყელაობ…

ყველაწმინდავ და ლაშარის ჯვარო,
წმინდაო გიორგი!
გუდის ყველივით დაფხვენი მადლი და
ზედ მოაფშვენი ხეობის იღლიაში გამოფუთულ საფიხვნოს.
ყველაო ჩემო,
საცალფეხო ბილიკებს ვგავარ.
თავს ძალას ვატან
და ქარებს ვატან
შენამდე სიტყვებს,
ჩამიჩად ქცეულს.
ამ ტაფობში კი ჩამიჩუმად შემოვრჩი სოფელს.

ლოდივით ვგდივარ უგრძნობელი.
გული კი, გული აღარ ბორგავს კარგა ხანია
და რა ხანია, მარტოობა შეუჩნდა ხევებს…

ჩრჩილმა შეჭამა მოქარგული ჭრელი ფარდაგი.
ფერდებ შეელეწა გაუმარგლავ გვერდოებს.
ვედრებასავით შევატოვე ლექსები ზესკნელს,
ისევე, როგორც გულყვითელა ყვავილები მზის დასალიერს
და ასე ეულს, ასკილივით, წვივებზე რომ მაწერდა ბწკარებს
თმა ჩამომიწნეს სოფლის ქალებმა
და თავზეც ის კაბა,
ის წვრილშვილგვირილებიანი კაბა გადამაცვეს,
ქალაქში რომ გადავცვალე ჩემი თითებით მოქარგულ მუშამბაზე.
ბამბასავით გავფინე და ბანზე გავშალე შაირებში გამოკრული დარდი და ვარამი.
დაღლილ მხრებზე კი ის წუხილი წამოვიკიდე
გამოულეველ საგზლად და ტვირთად,
თქვენ ქორწილამდე რომ ვერ მოვიტანე ფშუტყვავილამ ტიალი ტანი
და ანწლის საკრეფად წასვლა ვარჩიე იმ დღეს, პატარძალო.

 

 

1 2 3 4 5 6