ლაქები

არსებობა შიშია საკუთარი თავის.

შიში იმის, რომ არსებობ

და ერთხელაც მოკვდები,

რომ ხვალ ვერ გადაიხდი დენის ფულს

და ჩაგიჭრიან,

რადგან წყვდიადში წერო ის,

რასაც პოეზია მარტომ უწოდე.

უშუქობა პოეტს გხდის

და ტანსაცმელს გაცმევს,

რადგან როცა დენი არ არის

გამათბობელს ვერ ჩართავ,

შესაბამისად ძველ პალტოს იცვამ,

რომ არ გაიყინო.

არსებობა შიშია იმის, რომ

ვერც ერთი ქალი ვერ შეგიყვარებს,

შენი სრულყოფილების,

ან არასრულფასოვნების გამო.

მათ ორივე აღიზიანებთ,

რადგან არ შეუძლიათ რამე შეგმატონ.

უსიყვარულოდ გაქრები,

როგორც აპოკალიფსის საღამოს

ზღვაში ჩამავალი მზე.

თვალებზე თითებს იჭერ

და ფერად ლაქებს უყურებ,

ტკივილისგან, სინათლისგან

თუ სიბნელისგან გაჩენილს,

ისინი მოძრაობენ და არ ჩერდებიან,

სანამ ბნელ ოთახში ზიხარ

და ჩუმად აგინებ ენერგეტიკის მინისტრს,

რომელმაც – თუ მეხსიერება არ გღალატობს

და სწორად გახსოვს, –

საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა.

 

 

 

1 2 3 4 5 6