მისალმება

მისალმება ვალდებულებაა.

პლაზმური ცრემლები ზიზღს აღძრავენ,

გახსნილი საშო ვერ ბადებს თანაგრძნობას.

„ინდეზიტის“ მაცივარში სიყვარული იყინება,

რომელიც დედამ დააკონსერვა მინის ქილებში.

შემთხვევითობის შიშს მოიტანს ქუჩის გადაკვეთა,

საპარსები იკნავლებენ თავის ხრიწინით,

მტვერსასრუტები ახვრეპენ ნაღველს.

სხეული – სავანე, სარკე – ქარსაფარი.

მაღაზიებში პური იყიდება,

ტყუილივით ზოგი შავია, ზოგი – თეთრი.

უნიტაზები კონტრასტებით ისვრებიან,

საათი – ქილერი, დილა – სიახლე,

საღამო – შემგროვებელი დასუფთავების სამსახურიდან.

ნახატები იხატებიან,

ლექსებს წერენ,

სიგარეტს ეწევიან,

ლუდს სვამენ,

წერტილსაც

და სიფხიზლე სიმართლის მეტამორფოზას განიცდის.

ფრჩხილების მოვლა სახიფათოა,

ნუ იკაწრები!

ჩემი ვაგინა ისევ სველია

და თეთრი, როგორც თოვლის ფანტელი.

სიყვითლე სინათლეშია,

მანდარინში და ზედმეტ სევდაში.

ლიფტი მაღლაა.

ჩვემ ოდნავ ქვემოთ ვიმყოფებით.

„ეს სამოთხეა“?

„არა“

და ერთმანეთს თავს უხრიან,

მისალმება ვალდებულებაა.

ბატონებო და ქალბატონებო,

გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთ,

მივესალმოთ,

მისი უდიდებულესობა – სიკვდილი!

1 2 3 4 5 6