უელბეკ

ახირებული კაცი ყოფილხარ მუსიე მიშელ…

რისი თქმა გსურდა ამ ქვეყნისთვის.

იქნებ გირჩიეს მჩხიბავებმა – მზიან ივნისში

ისეთი ქვეყნის მონახულება,

პოეზიით რომ იკვებება ქუჩის ძაღლიც კი;

სკვერებში ხეებს ავგაროზად ბუდეები აქვთ

და ღამღამობით ცარიელი ოდა სახლები

სამტრედეებსაც გაწბილებით აფახურებენ.

ახირებული კაცი ყოფილხარ მუსიე მიშელ…

იქნებ ჩემსავით ნიკოტინის უკმარისობა

თამბაქოს ხშირად მოხმარებასაც კი გაიძულებს,

კანონმდებლობით შეზღუდული სივრცის მიხედვით.

იქნებ სპორტული ცხოვრებაა შენი მოტივი.

ბედზე ამბობდი ალბათ ჩემსავით

– ნესტით შემთვრალი კაჟის ხიბლი აქვს

უკუნეთში რომ უნდა გაკვესოს

ერთხელ, მრავალი მცდელობის შემდეგ.

ჩამოარიგე შენი ყველა ნაკლოვანება

ტექსტის ქანებში შეფარული მინერალებით

და შეახოცე გავეშებულ ადამიანებს

დამჭკნარი ხელის გულებიდან ვნების რუტინა.

კანზასის შტატი გაიხსენე, ძველი სასტუმრო

– მუქი დვრილების წყვილი წყევლა როგორ გეამა

და შედევრები დაგაწერინა.

ხეების მიმართ ამოჩემება არ გაგიკვირდეს

რასაც აქ ნახავ;

როგორ მოძრაობს ყველაფერი

არა თავისი ნების მიხედვით. ვერ დაგამშვიდებ.

ჯერი შენზეა მეტი წილი გაკვირვებების,

თუ რა თქმა ყველაფერი არ დაგიმალეს.

ამ საფეხბურთო მუნდიალზე ნეტავ რას იტყვი,

ჩემი დიადი მეზობელი როგორ მასპინძლობს?…

გეცოდინება სამეზობლოს ავან-ჩავანიც.

მე საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები მხიბლავს

დაბადებიდან.

ზიდანი რატომ არ ათავკაცეთ?

თავი კაცი ჩვენში მთავარია.

სამეზობლოში თავი კაცის თავი მეტად ფასობს

რომელსაც მსოფლიო ასე სცემს პატივს.

ვიღას სჭირდება ლიტერატურა მუსიე მიშელ.

ჩვენ ვეღარაფერს შევცვლით უელბეკ,

ან რასაც შევძლებთ ის იქნება

ვიმოგზაუროთ, პრემიები გავითავისოთ

და მივადევნოთ თვალი ყველაფერს,

საზღვრების მიღმა ამ ჩემპიონატს.

ახირებული კაცი ყოფილხარ მუსიე მიშელ.

წადი აქედან. თავს უშველე.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7