აქსიომა

ამნეზიურ სწრაფვაში, ცდუნებებით აშლილ ძვრებს

შეეკედლა ქაოსი, მოსვენება სად არის?…

მიტევება შეცდომებს ვერასოდეს გაუსწრებს,

იყო, ასე იქნება ჩვენში აწ და მარადის.

უდნობლობის იერი,შერჩა სულის ამინდებს,

ქარში ეფემერებად იფანტება ამაოდ,

უსაყრდენო სივრცეში მორიდება არიგებს

სიტყვებს სინანულისას –,,მომიტევე მამაო“.

 

 

 

ამიტომ

სულ ყველა ერთია წარსულში დამრჩენი,

წამების ქარებმა დაჩაგრეს თემიდა;

განდევნეს თემიდან ,,ღალატის’’ ჩამდენიც

მე უკვე არაფრის არ მჯერა დღეიდან.

ქარებმა მსტოვრებად აქციეს ფოთლები;

ხეები ტოტებით ფლირტობენ თამამად;

გრძნობების სუფრაზე სამსალით ვლოთდები,

მრცხვენია სიყვარულს დავუდგე თამადად.

ხანდახან  ჩემ მიღმა ,,მე”-საც კი დავეძებ,

არ ვეძებ უცოდველს ნეკნებში მიმალულს,

არა და ეს სიტყვა დღესაც ხომ მაქეზებს,

თუმცაღა ვერ ვიტან მე ასეთ სიყვარულს.

ვერ ვიტან სიბრალულს,სიბნელეს თვალებში,

სიბრმავეს გულში,რომ მეგზურად ვარჩიე;

დამჩემდა ტკივილი სიცრუით გალეშილს;

მარტო შენ მოდი და გთხოვ გადამარჩინე.

ნუ ტირი ჩემთვის ხომ შორია ცრემლები,

,,ღალატის’’ გულისთვის განმდევნე თემიდან,

დამტოვე წარსულში,ამაზეც გნებდები,

ამიტომ არაფრის არ მჯერა დღეიდან.

 

1 2 3 4 5 6 7