ნალია

 

იდგა ღობესთან სახლის ახლოს, ეზოს ბოლოზე,

ის იყო ჩვენი სამალავიც, ხანდახან დარდიც,

მაღალ ბოძებზე გადადებულ ნაბრუნ დოლაბში

რამდენჯერ ფეხით მოსხლეტილა კატა  და თაგვი.

ვხედავდი, როგორ ჩამოჰქონდათ კონა კვლიავის,

აჰქონდათ ხურმა, ყვავილების ყვითელი აცმაც

შეუკიდიათ, ჩაიარა ბევრმა ნიავმა

ვიდრე შევძელი გაჩერებულ სპილოზე ასვლა.

ბოსლიდან კიბე ავიღე და ზღურბლზე მივადგი,

თერთმეტი სრული საფეხურით მივიწევ მაღლა,

მწერებისაგან მარლით დაცულ ფიცრებს მივათრევ,

ტყლაპის შრობისას მორუჯული ჩარჩოდ რომ დარჩა.

შევაღე კარი, მეთორმეტეს გადავაბიჯე,

დავდე ფიცრები სკივრის გვერდით, ავხადე სკივრი,

ფსკერზე, კუთხეში გახვეული ტილო ავიღე,

შუქზე მოვბრუნდი, მოვტრიალდი კარისკენ პირით.

ნელა გადმომაქვს ტკბილიკვერის დიდი გრაგნილით

წყვილი ჩურჩხელა, გადამშრალზე ლურსმულის გვალვას,

პალიმფსესტივით წაუშლია მამლის გავლილი,

ქატოზე გუნდად შესეული ჩიტებისაგან.

ჩამოვაბიჯე, სახიმანდრო ყოფილა თურმე

ამ ვითომ-ვითომ გაჩერებულ სპილოზე ასვლა,

კიბეც ბოსელთან დავაბრუნე, ზედ მივაყუდე,

დავიწყე ჩემი ტკბილიკვერის გრაგნილის გაშლა.

 

 

1 2 3 4 5 6