გულიანი თხილი

 

თავიც გამქონდა მკვრივი ნაჭუჭის ქუდით,

გაუხაშლავი, ჭყინტი ვიყავი თანაც,

აგერ, ახლახანს იყო, სულ რაღაც გუშინ,

გამომარჩიეს  ნემსით, გამწყვილეს ცალად,

ხელად ამაგეს, ახლაც დიდ ქვაბთან ვუცდი,

ცხელში გავლებას არ მაქვს ყვირილის ძალაც.

 

ძაფმაც გაჭედვა იცის ხანდახან კუზით,

ნემსის ყუნწშიც რომ ეთაკილება გასვლა,

ეგეთებისთვის გამოუნასკვავთ კუდი,

წაუკვნეტიათ თავი ურჩობის ნაცვლად.

მაშ, როგორ გინდა ოცდაცამეტი ბურთის,

ანბანისებრი თანმიმდევრობით აცმა!

 

ქარში გამაშრეს, გამოვიხედე, გარსი

მკვრივიც აღმოჩნდა, გამჭვირვალეც და მღვრიეც,

როგორ მინდოდა არ ამვარდნოდა თავში,

მოუმზადებელს განსაკუთრებით მშიერს,

ვიდრე თიხით და თხილით მოწყობილ ტანში

ანის და ჰოეს განწყობილებას ვსდიე.

 

ახლა რჯულივით მტკიცე  ფქვილსა და ბადაგს,

არ ვემუქრები გაუგებარი ფერით,

აღარ ვმძაღდები, შევინარჩუნე საღად

აზროვნება და გადაკეტილი სხვენიც

ჩუმად გავხსენი, მხიარულად და ლაღად,

ჩამომეშველა ტყვეს უხილავი ხელი.

 

ცხრა ძმამ გამიყოს ის მირჩევნია ვიდრე,

გამოფურფუტდე ანდა გამხვრიტოს თაგვმა,

სჯობს ჩიჩილაკის კვერთხით ვეძებო ბუდე

და ყოველ დილით მზის ამოსვლამდე ავდგე,

რომ საგნებიდან გამოწურული გეგმა

ჩრდილების სახით გადაულოცო საგნებს.

 

საგზლად მიგულე, გემსახურები დიდხანს

ხელიოცენტრულ გამოწვევათა ომშიც,

მტევნის სიმწიფეს აუცილებლად გკითხავ,

შეჯიბრებათა წყვდიადებისგან მოცლილს,

დაგხსნი უფსკრულის პირგამოფიტულ თიხას,

ნესტის ქაოსურ ხვრელებს სისხლის და ხორცის.

 

 

1 2 3 4 5 6