მზის წნული

გიო ძამუკაშვილს

რას მოყვებიან?! მხოლოდ იმას, რაც არ ყოფილა,
არ შეჰყვებიან გამოუვალ ხსოვნის ლაბირინთს,
სადაც ყველა ქვა სიმართლეა, თუმცა, ნაპირი
არ მოსჩანს, მაგრამ, საიდანაც ცივმა ორპირმა
ყალბი ბგერები მოხვეტა და გარეთ გაფანტა.

ჩვენ კი ვერასდროს გავიხსენებთ უემოციოდ,
როგორ ჩამოდის ფერდობიდან ცალი გზაწვრილი,
დგანან ხეები, ერთურთისკენ ხელებგაწვდილი,
არის კედელიც, რომ მოფსა და მერე მოწიო,
და, თან, ბარბაცით გაიარო ღამის ქალაქში.

რას მოყვებიან?! მხოლოდ იმას, როგორ გავიდა
ნათელ ფერებში, ბედნიერად, მთელი ცხოვრება,
რაც არ ყოფილა, რაც არ იყო – ემახსოვრებათ,
და რაც ყოფილა, და რაც იყო, დასაბამიდან,
იმას არავინ გაიხსენებს, ქარს გაატანენ.

ჩვენ კი ვერასდროს დავივიწყებთ მწარე სიმართლეს,
როგორ ვტიროდით მაშინაც კი, როცა ვმღეროდით,
როცა ვწერდით და არაყს ვსვამდით, როგორ ველოდით
რაღაც სასწაულს, ვისხედით და ვსვამდით დილამდე,
სასწაული კი არასოდეს გამოჩენილა.

რას მოყვებიან?! მხოლოდ იმას, როგორ გვიყვარდა,
როგორ შეგვეძლო ცხოვრება და თავდავიწყება,
იმას არავინ გაიხსენებს, როგორ იწყება
დაშლა, და ერთხელ სული როგორ გადაიკარგა
სამოგზაუროდ, და კარგა ხანს აღარ დაბრუნდა.

ჩვენ კი ვერასდროს დავივიწყებთ, როგორ ვიწექით,
ამორთმეული სიცოცხლით და ამორთმეული
სიყვარულით და იმ ყველაფრით, მკვდარი სხეული
ჯერ კიდევ გრძნობდა გადალახულ მანძილს მიწამდე,
რომელსაც ისევ ემჩნეოდა სისხლის ლაქები.

რას მოყვებიან?! მხოლოდ იმას, რაც არ ყოფილა.

 

1 2 3 4