ცუნამი

 

ისინი იქ არიან:

ჩემი შვილი,

რომელიც როცა დაიბადა,

შუა ქუჩაში გავედი

და ბავშვივით ვტიროდი,

ოღონდ დღემდე არ ვიცი რატომ.

ჩემი ცოლი,

ურომლისოდ ცხოვრებაც

თითქოსდა ვცადე,

მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ისინი იქ არიან:

ის პოლიციელი, რომელმაც მცემა,

მეორე პოლიციელი,

რომელიც მასთან ერთად მირტყამდა,

მესამე პოლიციელი,

რომელიც მათთან ერთად მირტყამდა,

მეოთხე პოლიციელი,

რომელიც იმათთან ერთად მირტყამდა.

ისინი იქ არიან:

ერთოთახიანი ბინა

კონიაკის დასახლებაზე,

სადაც, როცა თბილისში ჩამოვედით,

დეიდაჩემის ოჯახთან ერთად

ცხოვრობდა ჩვენი ოჯახი,

მასზე უფრო ერთოთახიანი ბინა

მოსკოვის პროსპექტზე,

სადაც ბიძაჩემის ოჯახთან ერთად

ცხოვრობდა ჩვენი ოჯახი.

მათ კედლებს ახსოვთ

ყრუ ტირილი ძილის ჭიშკართან,

როცა, ყოველ ღამე,

ჩემი სოფელი მენატრებოდა.

ისინი იქ არიან:

ჩემი გამონაცვალი მეგობრები,

ჩემი გამოსაცვლელად გამზადებული მეგობრები,

ჩემი მუდმივი მეგობრები

და ჩემი მომავალი მეგობრები.

ისინი იქ არიან:

ის მეძავი,

ვისთანაც პირველი სექსი მქონდა

ვაგზლის ერთ–ერთ ბინძურ სასტუმროში

და სადაც არაფერი გამომივიდა,

რადგან უგონოდ ვიყავი მთვრალი

არყით და ლუდით.

ის მეძავიც

მეზობელი ბინძური სასტუმროდან,

რომელიც, რატომღაც,

ლიფს ცოცხალი თავით არ იხდიდა,

მაგრამ ამჯერად თავი არ შემირცხვენია.

ისინი იქ არიან:

საუკუნეებგამოვლილი ეკლესიები

შიგნით შესახლებული ღმერთით და წმინდანებით,

მე მათი ყოველთვის უფრო მეშინოდა,

ვიდრე მიყვარდა,

მაგრამ თანდათან ვცდილობ შიშზე მეტად შევიყვარო.

ისინი იქ არიან:

პარკები და სკვერები,

სადაც ლუდი დამილევია

და მიძინია კიდეც

ზაფხულის თბილ ღამეებში.

ისინი იქ არიან:

სამხატვრო აკადემია

და თეატრისა და კინოს

სახელმწიფო უნივერსიტეტი,

სადაც მუდამ მინდოდა ჩაბარება,

მაგრამ ბოლოს

სოხუმის უნივერსიტეტში ჩავაბარე,

რომელიც, რატომღაც, თბილისში მდებარეობს.

ისინი იქ არიან:

“ბოშების ბაზრობაზე”

ჯინსების გამყიდველი დედაჩემი

და რამდენიმე ადგილას მომუშავე ჩემი და.

მამაჩემიც,

რადგან მამაჩემი ფიქრებით ყოველთვის მათთანაა.

ისინი იქ არიან:

ჩემი პირველი ლექსები

და გაცრუებული იმედები,

რადგან ოდესღაც ლიტერატურის

გულწრფელად მჯეროდა.

ისინი იქ არიან:

ერთი სიმაღლის

უსახური “ხრუშჩოვკები”

და მათ შორის

აფროამერიკული ფალოსებივით ამოშვერილი

მარადმშენებარე ცათამბჯენები.

ყველანი იქ არიან,

მხოლოდ მე ვარ აქ,

ქალაქის გარეუბანში,

შემაღლებულზე მდგარ კორპუსში,

საიდანაც ხელისგულივით მოსჩანს მთელი ქალაქი

და აივანზე ყოველი გასვლის დროს ვხედავ,

როგორ გადმოსკდება

ცუნამის გიგანტური ტალღა

ლოტკინის და მახათას მთებიდან

და ყველაფერს ანადგურებს.

ხოლო ისინი იქ არიან,

და მე მზაფრავს იმ რამდენიმე წუთის წარმოდგენა,

სანამ ცუნამი ჩემამდე მოაღწევს,

რადგან დრო არ მეყოფა

შევეგუო ცხოვრებას

მათ გარეშე.

 

 

1 2 3 4