ალქაჯის თავის ნისლეული

 

და უბრძანა ალქაჯ გრისიას მთავარმა ღვთაებამ ხვეთ: არ უნდა იხილოს მაფშალიმ ზღვა, მას თავისი ღმერთი მიუძღვის, უნდა გააჩერო. არ უნდა იხილოს მაფშალიმ ზღვა!”

ამ გზებს არ უკვირთ სიმსუბუქე იოლი მგზავრის,
მძიმე სუნთქვა თუ აკვირვებთ ქარებს,
და ვაფერადებ გასულ დღეებს, ქვებივით ჩავლილს,
ჩვენი საერთო წარსულის გარეთ.
შენი ცრემლები რომ ჩამოწყდა სამყაროს სევდას,
დედა–მზის სითბო დაიწყო მათით,
როცა პატარა ნიჟარებს ვგავდით…
ვხედავ ბავშვობას და მის მიღმა ნისლებსაც ვხედავ.

ღრუბლები ჩემთვის ამოკლებენ ნაწვიმარ მინდვრებს,
მერე იწყება მომდევნო თაღი,
თუ უშენობა სიკვდილით დამღლის,
შენს თმებში მხოლოდ გაზაფხულის ყვავილად ვწვიმდე.
და მხოლოდ შენთვის არსებობა თუ არ მეყოფა,
ცის სარკის ხილვა გაამართლებს ჩემს არსებობას,
და ავა ლოცვა, მაგრამ სული ცაში არ ავა,
შეეხავსება ციხის გალავანს.

მე ვმღერი შენთვის, როცა სუნთქვაც არ შემიძლია,
ხის ძირას ვწევარ,
ირგვლივ ნისლია და ნისლებზე სქელი ნისლია.

გეძახი, როგორც დამარხული დედის აჩრდილი,
ჩემს პეშვში შენი სული ინთება,
და ეს რუხი თმა, დალექილი თაღის მიწასთან,
საზღვარს დაგიდებს, და ნათელი, შენ რომ გიცავდა, –
ნათელი, როგორც გაზაფხული, ცამდე აწვდილი, –
საღამოსავით დაიბინდება.

წყვილი ვარსკვლავის მირაჟია ჩემი სიცხადე,
ზღვა თუა – ჩემი წყრომის ტალღები,
ფსკერზე რამდენი ნამსხვრევი და აფრა მიწყვია,
რამდენი მზეა ჩასული და ვერ ამოსული.
თვალდახუჭულმა, სიბნელეში, დიდხანს გიცადე,
ვიწექი, როგორც ტყუპზე ორსული
რაღაც დიადის მოლოდინში. მთები იძვრიან
და აჩრდილივით უკან დაგყვები,

მხოლოდ იმიტომ, რომ გიყურო, ვიდრე გაგწირავ,
და ვიდრე დაგშლი
ფერად სიტყვებად, ბგერებად და ათას ნაწილად.

გამდნარი მზეა და დამშრალი უდაბნოები,
მომაქვს სიკვდილი – კრაზანის ბუდე,
ვფშვნი, ქვიშასავით, აგურის წუთებს,
სიკომორი ვარ, ოაზისთან, განმარტოებით.
არ მითხრა შიშის ჭიანჭველას არ მიმალავდე,
დედალს რომ ეძებს დასაწყვილებლად,
გზა შენზე გადის სასუფევლის ღია კარამდე,
და მეც მივაღწევ, მან თუ ინება.

სისხლის და ხორცის ნამცეცები კლდეს დაარბილებს,
ქვას დამირბილებს, ფეხის მოსადებს,
და ახდენილი სიზმრის ლოცვამდე,
ამოვისუნთქავ აფეთქების ფერად ყვავილებს,
წამით დედა–მზე შეიკვრება ნამსხვრევებიდან,
და მეც სამოთხის კარიბჭიდან მოვბრუნდები და
დაჭრილებს შორის მომაკვდავი შვილის გახელილ
თვალს დაგიხუჭავ, ღმერთის სახელით.

 

 

1 2 3 4