კაცობრიობის  მტერ-მოყვარენი                                                                                                                                    ციკლიდან “ძველებურები”

სულს სულ ბეზრდება მასობრიობა
და მარგალიტებს უბითაგორებს…
რა იქნებოდა კაცობრიობა,
უპითაგორე!

ცხოვრებავ – ცოდვით სავსე ტომარავ,
ხმლების ხელებით ბნელეთს ჩაბარდი…
ჩვენ შენ გაგხდიდით ედემს, რომარა
მაკედონელი და ბონაპარტი…

ვერც თემურლენგი, ვერც ჩინგიზ-ხანი
ვერსად წაუვა დროის აქანდაზს…
მათი სიავე და სიმრისხანე
მოუსავლეთის მხარეს გაქანდა…

დრომ, იქნებ, ერთ დროს, მზეც გააქვაოს –
გზა მისცეს კაცთა უდიერგენებს!..
რა იქნებოდა ეს სააქაო,
უდიოგენე!

 

 

მკითხველებს
ციკლიდან “ძველებურები”

ნუ გეგონებათ
საამოა ლექსების წერა –
უცქერდეთ ამდენ
მორონინე სევდას
თარაზულს…
თქვენ ხომ არ იცით
რა დღეშია ეს ჩემი ცერა,
საჩვენებელს და შუათითს
რომ ჯაფა არასურს!
ყველა სტრიქონი
მხრებზე ისე მაწვება, თითქოს,
ვიკუმშები და მათ სიმძიმეს
ვერვინ მიფონებს…
და, ვით, გემიდან გადმოტანილს,
დოკერი დიდკასრს,
ისე, ქაღალდის იატაკზე,
ვაგდებ სტრიქონებს.

 

 

 

1 2 3 4 5