სკამი  და  მაგიდა
ციკლიდან “ARTეკლები”

მაგიდას როგორ მივუჯდე,
თუკი სკამიარ
გამოიწია!.. – ყველაზე მწარე წამია
ეს წამი მათთვის…-
ძაღლივით მყეფარებია,
რატომ და, თურმე,
ერთურთი შეყვარებიათ…
და საყვარელი ქალია სკამი –
მაგიდის,
მათებრ სატრფონი – მოკვდავი
ცოტა დაგვიდის…
და როცა მე სკამს მაგიდას ისევ მივადგამ,
ერთი განახათ,
რა ხდება მაშინ იმათთან!

 

 

ღარიბის  მონოლოგი
ციკლიდან “უგალობელი საგალობლები”

არაფერს არ ჰგავს ეს ცხოვრება
შენ გინდა ჰგავდეს
კეთილ უმდიდრეს ადამიანს

არაფერს არ ჰგავს ეს ცხოვრება
შენ გინდა ჰგავდეს
ძვირფას ავეჯს ან ევრორემონტს ანდა
ცენტრალურ გათბობას მაინც

არაფერს არ ჰგავს ეს ცხოვრება
შენ გინდა ჰგავდეს
თუნდაც აყალოს
რომ მისგან რამე გამოძერწო
თუნდაც ერთგული
მეგობარი ან თუნდაც ქალი
ვინ უღელს გამოგათლევინებს
შენთან დასადგმელს

არაფერს არ ჰგავს ეს ცხოვრება
შენ გინდა ჰგავდეს
თუნდაც ძველებურ ველოსიპედს
რომ სიღარიბეს გაექცე
მანამ
ვიდრე აღმართი დაიწყება
გამდიდრების მოსურვებისა

არაფერს არ ჰგავს
ეს ცხოვრება
არც რბილ ქვეშაგებს
არც სარეცხ საპონს
არც დასტა მარილს
არც კოლოფ ასანთს
არც ძველ ცოცხს
და აღარაფერს ჰგავს ეს
ცხოვრება
ისეთს რაც შენ
გამოგადგება

არ განვითარდა შენი გული
ხელ-ფეხივით
და საცრემლე ჯირკვლებივით
იგივე დარჩა
ბავშვს რომ გედო
პატარა მკერდში
და მიტომ ფიქრობ
ასეთ ბავშვურ გულუბრყვილობებს

 

1 2 3 4 5