დაბრუნებული
ციკლიდან “ძველებურები”

ვსვამდით, ვმღეროდით, მეგრულს მეტწილად..
ჰანგსაც ვპარავდით, ერთხანს, ლაღიძეს…
წუხელ ვაშლების ძირში მეძინა –
მთვრალი ვიყავ და ვერ გამაღვიძეს.

დღეს, ნამთვრალევს და ავგუნებიანს,
მწყინს, რომ ამ ვაშლის ხეებს მოვცილდი:
ესენი დედის დარგულებია,
შემეძლოს – ფესვებს დავუკოცნიდი!

 

 

ერთი  ტკივილი
ციკლიდან “ARTეკლები”

გაცურავ მწვავე ტკივილთა
ტბორებს, აუზებს,
მუხებითა და ძელქვებით
შეკრულ ტივივით… –
ადამიანი ყოველგვარ ტკივილს გაუძლებს,
მისი მძლეველი ერთია
მხოლოდ ტკივილი.
აიტან ცილებს,
ნაჩხვლეტებს გულში
ქაცვებად…
არც გულს დაზოგავ,
გასატანს ჭირთან
ლელოდო,
მაგრამ თუ გულზე
სამშობლო შემოგაწვება,
ბედნიერებას როგორღა
უნდა ელოდო!

 

 

1 2 3 4 5