ჩემი შეყვარებული მკვდარი კაცია

 

 

მერამდენედ შეგიცხადო,

დაგბანო და

გაგაპატიოსნო.

 

მერამდენედ გიგლოვო.

 

მერამდენედ აგიკიდო მხარზე,

მიგაცილო,

მიგაბარო და

მოგისწორო.

 

მერამდენედ მომისწროს სულზე

თავის შემოძახებამ

-აგე მოკვდა, დამთავრდა, აღარ არის.

 

-აგე ვიღაცის შეყვარებული მდინარეა,

ვიღაცის მზე,

ვიღაცის ქარი,

შენი შეყვარებული კი მკვდარი კაცია.

 

რა მძიმეა, ადამიანის სიკვდილი.

მაგრამ უსაშველოა, როცა არ იცი

როდემდე მოკვდა.

 

 

უსაშველოა, როცა აგერევა გლოვა და სიხარული.

როცა ტვინი ღია ფანჯარასავით დაიწყებს ჯახუნს.

და ჰა და ჰა, ჩამოილეწება.

 

ან რას იზამ ამ დამიწებულ წრეზე სიარულით.

ჯერ ჯამბაზი გეგონა თავი, მერე გაიცინე, მერე გააცინე,

მერე სიცილიც გახმა.

 

ან ვის გაუმხელ, რომ მკვდრის

გაცოცხლება არ გიხარია.

ვის ეტყვი, რომ

-აგე იმის შეყვარებული მდინარეა,

იმისი მზე,

იმისი ქარი,

ჩემი კი მკვდარი კაცია.

 

*

მკვდარი კაცი,

რომელიც ყოველ მომდევნო სიკვდილამდე

ყოველ ჯერზე

საკურთხივით შემექცევა.

 

 

 

1 2 3 4 5