გაშეშობანა

 

ჩვენ ობლები ვართ,

ჩვენი თევზები –

პლასტმასისა და პლასტელინისა –

ვერ დაცურავენ.

ჩვენი ტაშტები სავსეა ჩვენი ბავშვობით

და საპნიანი წყლით.

ვერც ნაცარები,  ყურცქვიტები

ვერ დავინახეთ ყურმოკრულით

და მოუთხრობლად.

მხოლოდ გავშეშდით.

 

გაშეშობანა ჩვენზე იყო ზედგამოჭრილი.

აი დევნა, აი მოედანი, აი ნადავლი.

სწრაფად სირბილი რომ ვიცოდით რა ხეირი,

იმის  შიშით, რომ  ვერ დაგვიჭერდნენ,

ვფერხდებოდით.

 

ოჰ, როგორ მძულდა ეგ უწყინარი ხელის შეხება.

მოლანდებები კანკალებენ ლოთი კაცივით.

ჭირშიც და ლხინშიც ჩემს ხერხემალს

„ასე ეწერა“ თამაშ-თამაშით

გაშეშება და შიში, შიში

(რა ცივი იყო, ღმერთო, ცივი ღმერთის შეხედვა.

და მაინც იქით, ამ ღმერთის იქით

რაღაც შევძელით).

 

ჩვენ დავათრევდით პლასტმასის თევზებს კანაოებში.

ჩავსვამდით შიგნით, გვიხაროდა, არ იხრჩობოდნენ.

გაშეშებულნი ქანაობდნენ – რა ექნათ მეტი.

ქანაობით ხომ გვახარებდნენ

ხანდახან, ზოგჯერ.

 

სიზმარში დედა მორჩებოდა კერვას ან ქარგვას.

ფანჯრიდან თოვლი რა თბილად და ლამაზად იდო.

ჩვენ კი საწოლში კანკალისგან ხან მოგვიშარდავს,

რა ცივი იყო, ღმერთო, ცივი ღმერთის დანახვა.

 

*

მერე, სულ მერე გაზაფხულზე ბლები აყვავდა.

შეუძლებელი აყვავება, ბედის არევა.

„რა კარგი იყავ, სიყვარულო“,

იყავ და არ ხარ.

ჩვენი თევზები არ ცურავენ, პლასტმასისაა…

 

და მაინც იქით. იმ ღმერთის იქით,

ჩვენ რაღაც გვქონდა.

 

 

 

1 2 3 4 5