***
“ჯერ არ დაგრეხილა იმსიგრძე თოკი, ქალი რომ დააბას.”
ბესიკ ხარანაული
იმსიგრძე თოკიც დაიგრიხა და იმაზე გრძელიც.
პალოებიც ჩაესო და საძირკველშივე ჩაეყარა ქვა და კირი.
აბა დააპირე და გაწყვიტე. დაღრღენი და გაიქეცი.
თოკის ნაკვალევი ჩართული სირენასავით დაიწყებს წივილს.
ბევრს იწვალებ, რომ ენა ამოიდგა.
დაიწყებ მიზეზების ძებნას და
გაგახსენდება,
რომ ფეხსაცმელსაც კი აქვს ენა,
სხვა რომ არაფერი.
არც სიყვარული იცი.
ტანით კი იმხელა ხარ, რომ იმ მერხებში ვეღარ ეტევი,
რომლებიც გამოტოვე და ვერც თანატოლებს ეწევი.
სარკიდან კი ხმამაღლა დაგცინის ყველა შენი გაკვეთილი.
ჯერ არ დაგრეხილა იმსიგრძე თოკი, ქალი რომ დააბასო.
იმსიგრძე თოკი დაიგრიხა, რომ
აშვებულზეც კი იხრჩობი მოღეღილი კისრით,
როგორც წლების წინ მოჭრილი ფეხი განაგრძობს ტკივილს.
ტკივილებს შორის ცოფიანივით ეძებ გაყუჩებას.
ხან შვილებს ყლაპავ აბებივით.
ხან ვენებს უჭერ მთელი ძალით.
ლურჯ ლიანდაგებს კარგად ახსოვთ ყველა სატვირთო ვაგონის ჩავარდნა.
*
არაო, თოკი არ დაგრეხილაო?!
თოკიც დაგრეხილია და კისერიც გაშვერილი.
ჯაგრის მოპოვება კი სახალხო დღეობაა
თავისი ღორებით, რკოებით, ყვავებითა და ორმოებით…
*
ჭირი იქა, ლხინი აქა
ქატო იქა, ფქვილი აქა.