ჩაის ტილო

 

მივალ სახლში და დამხვდება

არეული საწოლი,

შვილი ამოჩაჩული ჯემპრით.

არც უთოს სუნი.

არც გახამებული ჩაის ტილო.

ყველგან აწოწილ ჩრდილებს კი

გამობმული აქვთ ათასი ყური და თვალი,

რომ მოუყვნენ ჩემი უმაქნისობა საიქიოს

და მომეკითხოს.

 

*

მე შესასვლელშივე ვიწყებ გახდას

და ვიწყებ დარდს

ჩემს შეუფერებელ სხეულზე,

ჩემს ლამაზად შენარჩუნებულ სხეულზე,

ამ სახლს რომ არ გავს.

რომ არაფერი ეტყობა დედობის,

ცოლობის, თითის დაკარებისაც კი.

 

*

ციცარს თურმე კარგი პატრონი

ფრთას ცალ მხარეს აჭრის,

მეორე ფრთას კი მხოლოდ იმ პირველის გაზრდის შემდეგ,

რომ არ გაფრინდეს.

 

მე ცუდი პატრონი მყავდა,

ან მე ვიყავი უფრო საეჭვო.

 

ერთდროულად დაჭრილი ფრთებით ვერ გავფრინდი,

მაგრამ გავიქეცი.

 

*

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე შემომხვდა მგელი.

მან შემიყვარა, მომეფერა, ამილოკა დაჭრილი ფრთები.

და ასე, ლოკვა-ლოკვაში დაიწყო ჩემი შეჭმა. აქედანაც გავიქეცი.

უკვე ფრთებდაჭრილი  და ფერდებგამოცლილი.

 

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე შემომხვდა სხვა მგელი.

უფრო თვინიერი და კეთილი.

დიდზე დიდი სიყვარულით.

ისე გავიხარე, ისე,

მეგონა ფრთებიც გამეზრდებოდა და ის დანარჩენიც.

თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს,

კეთილმა მგელმა

ვინმეს გამეტებას ჩემი არჩია.

და განა აღარ ვუყვარდი?!

უბრალოდ სჯეროდა, იოლად გადავიტანდი.

იცოდა, ისედაც უფრთოს და უხორცოს, არაფერი შემეტყობოდა.

მართალიც იყო, ერთით მეტი, ერთით ნაკლები აღარ ჩანს ურიცხვობაში.

 

 

*

მე კი, ყოველ ჯერზე, სამარცხვინოდ,

როდესაც სახლში თითო ნაწილდაკარგული ვბრუნდები,

სახლში, რომელიც ჩემიც კი არ არის,

მინდა მას დავემსგავსო,

რომ იქნებ ჩაის ტილო მაინც ვიყო  გახამებული.

 

 

 

 

1 2 3 4 5