ჩემი გრძელთმიანი მეგობარი ამბობს, რომ ყველაფერი წარმოსახვაა. და რომ, შესაძლოა, მეც მისი ილუზიის ნაწილი ვარ – მისი ფილმის პერსონაჟი. ახლა მოგიყვებით ამბავს, რომელიც მაშინ განვითარდება, როცა სამყარო თავის ეკრანზე  ჩემი მეგობრის კინოს გაუშვებს.

 

მეგობარს, რომელსაც გრძელი თმა აქვს

რომელიც მისი მხრებიდან,

როგორც კალაპოტიდან,

მდინარესავით გადმოდის,

სიყვარულის გაუცხოებაზე

ვესაუბრები.

ამ დროს, ნაცნობი სილუეტი

გვიახლოვდება –

ჯერ ჩემი კანი შემომძახებს,

ნახე, ვინ მოდის!

მერე ჩემი თმა გაიბუტება –

ლავიწებში ჩაგუბებული,

მდორედ ბუტბუტებს:

ისაა, მოდის!

მერე მხრები,

ჩემი მხრები ახმაურდებიან,

ბუდიდან გადმოყრილი ბარტყებივით

წივიან, ღამის

ჰორიზონტებთან შერეულები;

მერე ჩემი ხმა

ქარდაბერილი ცეცხლის ალივით

ალაციცდება

და ბოლოს ენა,

რა თქმა უნდა,

ისარივით მოიმართება

რომ ერთი ფრაზა

მაინც მოზიდოს

ის კი, ვინც მოდის,

გაუბედავი ნაბიჯებით გვიახლოვდება

და თუმცა ახლა მისი სარკე ვარ

მისი განცდების, შეგრძნებების,

ვნების ამრეკლი,

პირისპირაა…

ჯერ ჩემს მეგობარს შეავლებს თვალებს

უჩუმრად შუბლის ძარღვიდან მიმზერს,

არც კი შედგება.

ჩაივლის, წავა,

თითქოს სიზმარში

სიზმარი ვნახეთ.

 

 

 

1 2 3 4 5