მარტოობა

 

შეგიძლია ნახევარი საზამთრო იყიდო,

მიხვიდე სახლში,

დაჯდე,

შეჭამო,

ამოიოხრო

და მოკვდე

მაგრამ ეს იქნება

ფრაგმენტი ლიტვური პოეზიიდან.

შენ საერთოდ აღარ ყიდულობ საზამთროს,

როგორც თავად თქვი –

პატარა გემრიელი ვერ იქნება

ხოლო დიდი,

წვნიანი, ტკბილი, მეწამულგულა,

მეტისმეტად ბევრია კაცისთვის

ვისაც შინ მისულს,

მხოლოდდამხოლოდ

გაფუჭებული საზამთროს სუნი

შეეგებება.

 

 

***

უკან არ ვიხედები

ნაბიჯებში ვიმწყვდევ გრილ ტროტუარს,

ხმაურიანი ქალაქის ნამზეურ ბინდში

მიახლოვდება ხეების რიგი

და ტოტებს შუა იხსნება ქარი

გულგაღეღილი ყვავილივით.

ყველაფერი წინ არის, ვამბობ

ყველა კარი იღება, ვამბობ

გასაღებს თუ მიაგნებ, ვამბობ

და ყოველი ყვავილი

და ყოველი ქარი

და ყოველი ხე

და ყოველი გზა

და ყოველი კარი

რომელსაც ვუსმენ

საკუთარ თავთან მიმიყვანს ბოლოს.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5