დავუშვათ

 

დავუშვათ, ყველაფერი გვეპატიება.

ყველა შეცდომა უნდა დავუშვათ:

ტრაგიკული შეცდომები,

კომიკური შეცდომები,

ტრაგი-კომიკურიც – აუცილებლად,

ერთი-ორი ბანალური შეცდომაც ეგდოს,

რა იცი რა ხდება.

ბრუტალურმა შეცდომამაც რა დააშავა,

დავუშვათ ყველაზე გრძელტანიანი შეცდომები,

საშუალო სიდიდის შეცდომები,

გამაოგნებლად სხარტი შეცდომები,

მოკლე და ბასრი შეცდომები,

მძიმე და წერტილოვანი შეცდომები,

სპონტანური შეცდომები,

სიმბოლისტური შეცდომებიც დავუშვათ,

ფუტურისტულიც,

დადაისტურიც,

ექსპერიმენტულიც,

ლირიკულიც იყოს – მაინც კლასიკაა,

დავუშვათ ყველაზე ორიგინალური შეცდომები,

ისინიც, პოეტს რომ ესიზმრებოდა

ისინიც, უფრო სუსტ პოეტს რომ ესიზმრება

ისინიც, ჯერ რომ არავის დასიზმრებია

ისინიც, მთლად შეცდომას რომ არ გავს

მაგრამ ბრიყვული წყენასავით დაუვიწყარია

ისინიც, ყველაფერი რომაა შეცდომის გარდა

მაგრამ დავუშვათ, შეცდომა არ არსებობს

და რაც არსებობს – შეცდომაა.

რა ხდება მერე?

ვინმემ მითხარით,

აი, რა?

მერე?

 

 

1 2 3 4 5