მარტოობისა
წადი, კაცო,
გზა მონახე,
ჯიხვი მონახე,
ხე მონახე,
მე რას შემომყურებ ნატვრისთვალივით,
ვერ ხედავ?
ჩამომენაცრენ თვალები.
წადი და ტყე მონახე,
საქმე მონახე,
საფიქრალი მონახე,
მე რას მომჩერებიხარ,
შემითხელდა თმა,
ჩიტის ნაფეხურებივით დამეტყო ნაოჭები.
წადი, კაცო და…
მე ჩემსას ვივლი,
ჩემ ქალაქს მოვლევ,
ჩემ ტყეში წავალ,
ჩემი ხე ვიპოვო ეგება,
რომ მივიდე მოვეხვიო,
მივიდე და ხელები შემოვხვიო,
მიცანი მეთქი.
რა მინდოდა,
რას დავეძებდი საერთოდ?
სწორ გზაზე სიარულს
ნარ-ეკალი ვამჯობინე და
ყველა ეკალს შევარჩინე,
ხორცივით,
სული.
შენ, წადი, კაცო,
შენი გზა ნახე,
მე ჩემსას ვივლი
და როცა ატკივებულ ფეხებს საწოლთან მივათრევ,
არავინ უნდა დაინახოთ,
რომ
ვტირი…
