არ დაიჯერო

 

ნუ გამოეკიდები ჩემ სიტყვებს…

მკლავებს ისე დავიქნევ,

კაბის კალთას ვიბერტყავდე თითქოს…

ნახე, როგორი გრძელი და დახვეწილი მკლავები მაქვს,

სულ უნდა ვცეკვავდე…

ნუ გამოეკიდები ჩემ თვალებს…

თავი რატომ ვაბრუნო აქეთ-იქით,

ყოველი ნაბიჯი მაშორებს მიწას და განზე გაწეული ხელები

ფრთებია თითქოს:

ერთიც ნიბიჯიც და ავფრინდები…

სხივო – ჩემი თვალებისა,

აზრო – ჩემი არსებობისა,

ჩემი ადამიანობის გამართლებავ,

რამ შეგაყვარა ჩემი თავი?

რა ქალი მე ვარ:

ბაბუაწვერასავით ერთი სულის შებერვა…

ნუ გამოეკიდები ჩემ ღიმილს…

ნაბიჯებზე სისხლისფერ ყაყაჩოებს რომ ვტოვებ,

ჩემი სალმობანია,

მართლა ყვავილები კი არა…

მაღლა აწეული მკლავებით

ქარს აყოლილ ალვას ვემსგავსები და თან ისე ვშრიალებ,

უნდა გამიგონო.

მთელი სამყაროს დემიურგი ამ ერთ აშრიალებაშია თავმოყრილი.

ჩემი ტერფები – დასიცხული,

ჩემი თითები – მაძებარი და

ჩემი მზერა – დამშეული

მოდი და:

გააგრილე,

იპოვე,

დააპურე…

ნუ დამიჯერებ სიცილს…

თავსმოხვეული ბედნიერება

სხვებისთვის თვალის ასახვევად მჭირდება მხოლოდ…

ქალი კი არა, ბაბუაწვერა ვარ,

სულს შემიბერავ და…

ჰაერში ვიფარფატებ ათასი

პატარა სანთელივით…

 

 

 

1 2 3 4 5 6