მერე

 

და როცა ღამეები დაიფარებენ

მარტოობისფერ საბნებს

და დილაობით ბალიშზე დარჩება

მლაშე ბილიკი,

საკუთარ ფიქრებში ჩაკეტილი სამუდამოდ გამოიგლოვებ

გრძნობას,

რომელიც გამოიგონე…

ყველა გზა ჩახერგილია…

ქარაშოტებმა გადათელეს ყველა ყვავილიც

და ეს სხეული ვეღარ უძლებს ციცაბო

კლდეზე თითისწვერებით სიარულს

უკვე –

გადაიქანცა…

და კაცი, რომელიც გიყვარს

და კაცი, რომელიც გიყვარდა

და კაცი, რომელსაც შეიყვარებ

ხელისგულებზე დაგიტოვებს საკუთარ

გულს და

სასიკვდილოდ გაემზადება…

მერე თვალებიდან წაგსკდება სისხლი,

შეიძულებ საკუთარ ხელებს და

ძუძუებიდან ხსენივით დაგდინდება:

მონატრება –

წებოვანი,

ტკბილი,

გულისამრევი

და წამოგაზიდებს…

ეს მაშინ:

როცა ღამეები დაიფარებენ

მარტოობისფერ საბანს

და ბალიშზე დარჩება

მლაშე ბილიკი…

 

 

 

1 2 3 4 5 6