ადამიანები – სახლები

(დედას )

 

ადამიანები სახლებივით არიან…

ზოგი ისეთია –

კარს გააღებ და –

შინ ხარ…

ზოგიც ისეთია –

სიცარიელეს შემოგაგებებს და ერთი სული გაქვს გამოიქცე…

მიყვარან:

ადამიანები –

ბუხრიანი ოთახები, ბიბლიოთეკიანი ოთახები, ნათელი ოთახები,

სადაც დავლევთ ჩაის და

ვისაუბრებთ

ადამიანებზე –

დღეებზე,

ადამიანებზე –

მზეებზე,

ადამიანებზე –

სახლებზე –

რიკულებიანი აივნებითა და

მაქმანებიანი ფარდებით…

ადამიანები სახლებივით არიან…

კარს რომ გამოვაღებ და შინ ვარ,

ისეთი ადამიანები მიმრავლე,

ღმერთო…

 

 

 

 

 

ხეები

 

ერთხელაც სიცილს დამაყრიან

ხეები,

რომ მინდოდა და

ვერ ვიშრიალე მათსავით,

ვერ ვიყვავილე მათსავით,

ვერ გამოვდექი ნაყოფიერი მათსავით…

ეგაა მხოლოდ :

მიწას ჩავეზარდე და

ფესვები გავიდგი.

ხელები ტოტებად მინდა მექცეს,

ეგებ ბუდეები მაინც გაიკეთონ ჩიტებმა.

რაღაცით ხომ უნდა გამიმართლდეს –

სიცოცხლე,

თორემ ერთხელაც ადგებიან და

სიცილს დამაყრიან ხეები…

საკუთარი ნებით ფესვებგადგმულს

ის მიწა მტკივა, სადაც ვდგავარ.

ჩემი ფესვები ჩემსავით უსუსურია და

ქარი იოლად მარწევს,

ჰოდა, მიწა მტკივა.

ყოველი გადაქანება გულს მიხეთქავს:

ვაიმე, რომ დავეცე;

რომ ვეღარ გავიმართო…

მთელი ცხოვრებაა არსებობის გამართლებას ვეძებ და

წაქცევის, დაცემის მაინც

სიკვდილზე მეტად მეშინია.

სიკვდილი სულაც არაა საშიში,

ცოდოა – არავის უყვარს…

ჩიტებო,

ათასნაირებო,

მზის დესპანებო,

მოდით რა,

ბუდეები გაიკეთეთ ჩემს სუსტ და დაქანცულ ხელებზე,

რომ როგორმე გამიმართლდეს სიცოცხლე,

თორემ ერთხელაც

სიცილს დამაყრიან

ხეები…

 

 

 

1 2 3 4 5 6