ავტოპორტრეტივით

 

ფეხებზე გამოვიბი მთელი გალაქტიკა…
შენი ლექსები შენ გგავსო –
აბა, ვის უნდა ჰგავდნენ?!
გაკვირვების ღიმილაკს დავწერდი, მაგრამ რა აზრი აქვს?
სიარული მიჭირს და ხელებს ფრთებად ვიშველიებ,
რომ ვიფრინო მაინც…
ასე ხომ გაცილებით იოლია:
ფეხებზე მიბმული გალაქტიკით თავად გალაქტიკას რომ შემოვუფრინო.
რა უბედურებაა ამდენი უვიცობა…
მიცვალებულებს არ აზიარებენ!
ნეტავი სხვაგანაც ასე სულელურად საუბრობენ
ვითომ წიგნიერი ადამიანები?
არადა, კითხვები, რომლებზედაც პასუხი არ გაქვს,
შენთვის საშიშრად ემსგავსებიან სუიციდით შეპყრობილებს…
არა, მაინც ვის უნდა ჰგავდნენ ჩემი ლექსები,
თუ არა მე…
და კიდევ კარგი, რომ მგვანან…
გამოგონილი შედარებებით როგორ ვიცხოვრო?
გამოგონილი და უადგილო მეტაფორებით,
ზუსტად ხვდები, მათი რომ არაა,
სხვამ რომ დაუწერა,
ან სხვისი რომ მიითვისეს…
არა, შეიძლება ასეთ მითვისებულ ცხოვრებასაც დაუკრას ტაში ვინმემ,
მაგრამ შენ ხომ იცი, რომ ეს
„ჩამოწველილი ღამეები და ყველივით ამოყვანილი დღეები“
მათი არაა…
ნაქურდალი კი დღე და ღამე კი არა,
წუთიც არ მინდა მქონდეს…
ჰო, მე მგვანან ჩემი ლექსები…
ისეთივე ფორიაქები არიან, როგორც მე და
ისეთივე ზარმაცები, როგორც მათი ავტორი…
სამაგიეროდ, პოეტი მაინც არ ვარ და არცერთ რეგალიას ვეკიდები…
რა ჭირად მინდა…
იმაზე დიდი რა უნდა იყოს, ვიდრე გიყვარდეს…
დიახ, არა უყვარდე, არამედ გიყ-ვარ-დეს!!!
ცხადია, სიყვარულის ნამდვილი გაგებით და არა ისე,
ზოგიერთს სექსი რომ სიყვარულში ერევ-ეშლება!!!
ფეხებზე გამოვიბი მთელი გალაქტიკა…
ხელები ფრთებად ვაქციე და
სიარული რომ მიჭირს,
სწორედ ამიტომ დავფირნავ…
ახლა მოუხმეთ თქვენს აღმატებულ ფანტაზიას და წარმოიდგინეთ:
ასაკთან შეუსაბამოდ გამხდარი ქალი, ფეხებზეგალაქტიკით და ხელებად – ფრთებით…
და თუ ღიღინიც ჩამოგესმათ ან ზარივით სიცილი,
იცოდეთ, მე ვარ და არ შეშინდეთ!!!
ჩემი ლექსები სხვას როგორ დაემსგავსებიან:
მათაც ფეხებზე გამოიბეს მთელი გალაქტიკა!!!

 

 

 

1 2 3 4 5 6