ფერფლი

 

და მერე გახსოვს ამბობს ის ნაზად

თავისებური ცრურწმენა აქვთ

რატომღაც მიაჩნიათ

რომ სულ იცოცხლებენ

კატები და პეპლები კი პირიქით

სამუდამოდ რომ კვდებიან

 

ისინი ფიქრობენ ამბობს ის

რომ ვიღაც არსებობს

ვინც მათ წინაშე ვალშია

ისეთნიც არიან რომელთაც ზუსტად

იციან რამდენს შეადგენს ვალი

 

მაგრამ ჩვენი ამბავი ხომ სხვა საქმეა ამბობს ის

ჰო ვეთანხმები სულ სხვა საქმეა

ჩვენს თავს რატომღაც სხვაგვარად გამოვიდა

ვერასდროს გავიგებთ არცაა საჭირო

 

სვლას განვაგრძობთ მაღალ ბალახში

სადაც კატები პეპლებს დასდევენ

მაღლა ხტებიან და თათებს

ცარიელ მბრწყინავ ჰაერს სტაცებენ

პეპლები უხმოდ იცინიან

იღიმებიან კატები პასუხად

კიდევ ერთი საუცხოო დღე

უცაბედი მარადისობის

 

ოღონდ კი ეს ფერფლი ნუ იქნებოდა

კბილებზე რომ ტკაცუნობს

 

 

 

სარკე

 

ამ ძნელბედობის წუთებში

ჩვენი ფიქრები თითქმის გარდუვალად

იმპერატორისკენაა მიმართული

როგორ მარტოდმარტოდაა დამზრალ სასახლეში

და სულ რატომ დუმს

 

იასპის ბჭეებთან ჯაშუში გაუქელავს ბრბოს

აღმოსავლეთში უბრინჯოდ დარჩენილა გარნიზონი

ამბავი გავარდა ნორჩ ქალწულთა წარვლენააო

ნაბრძანები პოლკის ქვაბისთვის

არ მჯერა მაგრამ მეზობლის უმცროსი ქალი

უკვე მეორე დღეა არა ჩანს

 

ახალი მსახური მხოლოდ შუაღამისათვის დაბრუნდა

უქუდოდ იყო და ღვინის სუნი უდიოდა

ჰყვებოდა რომ ჯურჯენები უკვე დედაქალაქში არიან

და რომ სისხლი მოედანზე მარგალიტის ტაძართან

კოჭამდე იდგა შავ სარკესავით

ბოლო ხანს იგი აუტანლად უხეშია

ერთი გაჯოხოს უნდა მმართველმა

ეს ჯურჯენები მათთვის მხოლოდ საბაბია

 

მეწვია დიდად პატივცემული მრჩეველი ი

ტანური კალიგრაფიის ფურცლებით

ბუკინისტთან ეყიდა ჩალის ფასად

ჩალის ფასიცა აქვს მაგრამ უხერხული იყო

მეგობრის განაწყენება ღვინო და ქლიავი ვბრძანე

მოერთმიათ უკანასკნელი მარაგიდან მაგრამ კი ღირდა

რა ხანია ასე მშვენივრად არ გვიტარებია საღამო

უკან გზაზე დიდად პატივცემული ი

ტახტრევნიდან გადაისროლეს და ჯოხებით დაბეგვეს

ეს ჯურჯენები მხოლოდ მიზეზადა აქვთ

 

ისევ ცეცხლია მაგრამ ახლა დასავლეთით

მცველები ყელამდე სავსენი არიან საქმით

ძველი ხალათი მოთელილა და ვერ ათბობს

გასაშვებია ფიჩხზე ვინმე

მაგრამ ვინ საეჭვოცაა ყიდდნენ

რა ლამაზია მთვარე ზეცის შავ ხავერდში

შავ აბრეშუმში ბოლის

 

ჩანს მთლად სასახლესთან უკიდია

იმ მხრიდან სადაც საჯინიბოებია და ჰარამხანა

ფუნჯები რამდენი ხნის გაუწმენდელია და ტუშიც გაშრა

იმპერატორი ღმერთთანაა წილნაყარი თუმც ისიც შიშობს

ჩვენზე წუხს ვიცით

მაგრამ ჩვენ მისთვის აღარ შეგვრჩა

სანუგეშო სიტყვები

 

1 2 3 4