* * *
რამდენი წლის ვარ-მეთქი ვკითხავდი უფროსებს
ოთხ-ნახევრისო მიპასუხებდნენ ისინი
ამ ასაკს საკვირველ კაბასავით ვიზომებდი
სხვა არც რა იყო შესადარებლად
გაზაფხულზე ბეღურები ვერანდის კარნიზის ქვეშ
უსახურ ბუდეებს იკეთებდნენ
ხანგრძლივ და ჩვეულად ვავადმყოფობდი
წლობით არ ვდგებოდი საწოლიდან
მცენარეთა მოწყობილობას
წნელებით ვიგებდი ბეღურებს რომ უცვიოდათ
ზაფხულისთვის პავილიონში გადამიყვანეს
მოაჯირიდან ძაღლყურძენა ჩამოშვებულიყო
ჰორიზონტზე ზღვა იდგა შვეულად
ჩინურ კინოს ატრიალებდნენ მამაცი დაზვერვა
ამ მთების გმირთა ფარული შური
კინოდან ვიგებდი სიკვდილის მოწყობილობას
ვირთხასავით ნაცრისფერი და გრძელი
მიწევდა სიბნელის მშინებოდა
ოთხ-ნახევარი აღარ მყოფნიდა
სულ მინდოდა ვყოფილიყავი
* * *
ლექსებს თხზავს ერთი ადგილობრივი ტალანტი
იდუმალი მატა ჰარის თუ ნეფერტიტის შესახებ
რომლის ყბადაღებულმა ქალურმა ხატმა
გული დაკოდა კალენდრის კითხვისას
სიტყვა-ყვავილები როგორიცაა მელქიორი და ვიბრიონი
აფორიაქებენ მოუქნელ წარმოსახვას
თავისებურად კარგია გარეუბნების ბუნება
მაგრამ არის მასში პეწისა და გზნების დეფიციტი
კუნძულებზე თუ წაიყვან ნაცნობ ქალს
მონუსხავ სფეროებში მცოდნეობით
საღამოობით კატები ხმაურით ეძლევიან ავხორცობას
მათი ევოლუცია სულიერებას მოკლებულ ჩიხშია
ეს ახსნადია და სავსებით მეცნიერულ-პოპულარულიც
მაგრამ გიტოკავს გული მარადიულის გამო
ტეტრაედრი პრეზუმფცია ჯამბატისტა ვიკო
ასე გვასწავლის უცდომელი კალენდარი
სამღერიც ამაზეა რომ ყველა სიტყვა
მეტაფორის მაღალი წოდებით ამაყობდეს
დაე ეძინოს კედლის იქით უვნებლად ოჯახს
ნაცნობი ქალი ხარჯი-მარჯის გაწევას ითხოვდეს
დაე გრძელდებოდეს დასკორილ ზიზილებში
კატების დაუცხრომელი კოიტუსი